როგორია წინასაარჩევნო გარემო ბოლნისში და რომელი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს ზეწოლაზე

0

archevnebiსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. საიას ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა. გახშირდა ისეთი საარჩევნო დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება.

„მართალია, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავისუფალი და არაძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მისი უპირველესი ამოცანა იყო, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი აქტებისა და დაპირისპირების შემცველი ინციდენტების სათანადო პრევენცია ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მიუხედავად უწყებათაშორისი კომისიის ძალისხმევისა, მომხდარიყო წინასაარჩევნო დარღვევების პრევენცია, მთელ რიგ შემთხვევებში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები უხეშად ირღვეოდა, რაც აღნიშნული კომისიის მუშაობას არაეფექტურს ხდიდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა თავდასხმის – 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის – 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 2, სავარაუდოდ აგიტაციის წესების დარღვევის – 1, სამსახურიდან გათავისუფლების – 2, პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის – 1 ფაქტი.
ამასთან, საიას და პარტნიორი ორგანიზაციების ინფორმაციით, 2 ივნისის მდგომარეობით, 9 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა.
„დაზარალებულები, ძირითადად არ აკონკრეტებდნენ, თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. პარტიების ან თავად კანდიდატების განმარტებით, მათთან ხორციელდებოდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, ადგილი ჰქონდა ახლობლის სამსახურიდან გათავისუფლების ან „პრობლემების შექმნის” მუქარას, ასევე „დანაბარების გადმოცემას” ახლობლების მეშვეობით. აღნიშნულის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ინიციატივით საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის საკმაოდ ბევრი ფაქტი (527 ფაქტი) დაფიქსირდა. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში კანდიდატებმა ზეწოლის შედეგად მოხსნეს კანდიდატურა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 9 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდებოდა.
ანგარიში მოიცავს 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდს.

ბოლნისი წინასაარჩევნოდ დიდი ხმაურითა და პოლიტიკური ბატალიებით არ გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ძალიან ცნობილ შეხლა-შემოხლასა და დაპირისპირებას, ერთი-ორ ძველ ამბავს, რევოლუციამდელ ქვების სროლას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მომხრეთა დევნას. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც სულ რამდენიმე დღეში დასრულდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად 9 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის:

№1 – საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”

№2 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”

№3 – „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია”

№5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

№8 – „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

№9 – საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს”

№18 – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”

№20 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

№41 – საარჩევნო ბლოკი – „ქართული ოცნება”

აღნიშნულ  სუბიექტებს, გარდა პარტიული სიისა, მაჟორიტარობის კანდიდატებიც ჰყავთ, თუმცა ბოლნისის თოთხმეტივე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი, მხოლოდ  „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციასა” და  საარჩევნო ბლოკ – „ქართულ ოცნებას”  ჰყავს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 29 დეპუტატი იქნება, ამათგან 14 მაჟორიტარი, ხოლო 15 პარტიული სიით შევა. საკრებულოს მანდატის მოსაპოვებლად დამოუკიდებელი კანდიდატებიც იბრძვიან, თუმცა რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებს გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, ბოლნისში რაიმე სახის ზეწოლაზე, ან წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პერიოდში ხელის შემშლელ ფაქტორებზე არ საუბრობენ. თითქმის ყველა პარტიაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ერთადერთი ვინც ხმამაღლა საუბრობს ზეწოლაზე  „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” სიის პირველი ნომერი შოთა რეხვიაშვილია, თუმცა კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავს იკავებს.

 „არის დაშინების და დაშანტაჟების შემთხვევები, დადიან და ცდილობენ ადამიანების გადაბირებას. გვაქვს კონკრეტული ფაქტები, მაგრამ დასახელებისგან თავს შევიკავებთ.- აცხადებს რეხვიაშვილი.

„საარჩევნო გარემო გასულ წლებთან შედარებით მშვიდია, ჩვენი პარტია საარჩევნო კამპანიას წყნარ ვითარებაში აწარმოებს.“ – ამბობს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს გზის“ წარმომადგენელი გრიგოლ მღვდელაძე.

ნუგზარ ჯაჯანიძე, „თვითმმართველობა ხალხს“: – „წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,  პარტიები, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსება აქვთ, აქტიურად აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტიის შესახებ  კი ხალხს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თანხის არქონის გამო ვერ ვაქტიურობთ, ვერ დავბეჭდეთ საინფორმაციო ფლაერები, ბოლნისში პარტია „თვითმმართველობა ხალხს“ სამი ადამიანი ვართ გაერთიანებული, რომლებიც საკუთარი ძალებით ვცდილობთ პარტიის გეგმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 65 წლის ასაკში გადავწყვიტე კენჭი მეყარა დეპუტატობაზე, იმედი მქონდა გაუმჯობესდებოდა ხალხის ცხოვრება, მაგრამ სასიკეთო არაფერი არ ჩანს, ახალი ძალაა საჭირო.“

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, დავით მჭედლიძე, ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი: „მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ვხვდებით მოსახლეობას, გასულ წლებში არჩევნებზე რომ ხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან ზეწოლა, მსგავსი ნამდვილად აღარ ხდება.

მშვიდ გარემოზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბოლნისის ორგანიზაციის ლიდერი და პარტიული სიის მესამე ნომერი გიორგი არევაძე:

„ჯერჯერობით ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, კამპანიას ჩვეულ რეჟიმში ვაწარმოებთ. რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას სიმშვიდეა, ხოლო ადგილობრივები ჯერ თვითონ არიან ჩამოსაყალიბებლები და ჩვენთვის არ სცალიათ. თუმცა მოხდა ერთი კვირის წინ ასეთი რამ: ქვეშის და აკაურთის მაჟორიტარებს ურჩიეს მოეხსნათ კანდიდატურა. რატომღაც ეს ყველაფერი ძალოვანებს ბრალდებოდათ, რადგან მათი სახელით მოქმედებდა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ისპაჰან შამილოვი, რომელიც გარანტირებულად, მშვიდად სარგებლობს 600 ლარიანი პენსიით, უშუალოდ ძალოვანის მისვლა არ დაფიქსირებულა, თუმცა არ მოხსნეს ამ პიროვნებებმა კანდიდატურა. მე არ მჯერა რომ ისპაჰანს ეს ვინმემ დაავალა, როგორც ჩანს თავის გამოჩენა უნდოდა და თვითონ აკეთებდა ამას. მთავარია 15 რიცხვამდე  არ მოხდეს ზეწოლა მოსახლეობაზე, სხვა მხრივ სიმშვიდეა.“

მშვიდად აფასებენ წინასაარჩევნო პერიოდს „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” , „შალვა  ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა”  და საარჩევნო ბლოკი – „ქართული ოცნების”  წარმომადგენლები.

ბოლნისის ოლქში რეგისტრირებული პარტიული სუბიექტებიდან უმრავლესობა მოკრძალებულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. რამდენიმე მათგანს ბოლნისში შტაბიც კი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ სააგიტაციო მასალებზე. მაგალითად, მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის ბანერი ქალაქში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. ქალაქის ტერიტორიაზე ჭარბად შეხვდებით  „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციისა” და „ქართული ოცნების“ კანდიდატების პლაკატებს, მოკრძალებულად  „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”,  საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”-ის, ხოლო სხვა დანარჩენს თითო-ოროლა ან საერთოდ არ აქვს. სამაგიეროდ, არაქართულ სოფლებში არცერთი განათების ბოძი არ დარჩენილა 5 ნომრის გარეშე, როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხმების იმედი აქვს. აზერბაიჯანული სოფლები ოცნების გამგებლობის კანდიდატის პლაკატების სიმრავლესაც არ უჩივის.

მიუხედავად ყველაფრისა, რესურსების თანასწორად თუ უთანასწოროდ გადანაწილებისა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არაპროგნოზირებადია. შესაბამისად, 15 ივნისი მანამდე არსებული მშვიდი გარემოსგან განსხვავებით, ხმაურის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის.

წინასაარჩევნო ბატალიები დასრულდება, შემდგომი პერიოდიც მეტნაკლებად მოკლე დროში დალაგდება,  მთავარი კი ის არის, რომ კარზე მომდგარ არჩევნებს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე აქვს – მოსახლეობა თავად ირჩევს ვინ მართოს მისი მომავალი და რა ძალით.

 

Share.

Comments are closed.