„ყოჩები” მეოთხე ადგილს დასჯერდა

0

erti_2-cr-300x200ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “ლოკომოტივთან” საკუთარ თავს არ გავდა. ის ჟინი, რითაც ბოლო დროის წარმატებები ხელშესახები გახდა, 11 მაისს სადღაც გაქრა და მეტოქემ 29:10 დამსახურებულად გაიმარჯვა.
ამას გარკვეული ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. უშუალოდ თამაშის დაწყების წინ, როდესაც მორაგბეები მოთელვის შემდეგ გასახდელში გავიდნენ და მოედანზე გასასვლელად გაემზადნენ, გუნდის ექიმ ოდისეი სადოევს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი მამა ინფარქტის მძიმე ფორმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამან მთელს გუნდზე დამთრგუნველად იმოქმედა და ექიმმა და მისმა გასაჭირმა მთელი მუხტი გაიყოლა.
ამის შემდეგ მორაგბეებს, რომელთაც თამაში უნდა წაეყვანათ, მარტივ სიტუაციებში ბურთი ხელიდან უვარდებოდათ, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ან ჩანაფიქრს ვერ ანხორციელებდნენ. “ყოჩებმა” წააგო საკუთარ დერეფანის ნახევარი და ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში გამარჯვებაზე საუბარი არც კი შეიძლებოდა. ამასთან, “ლოკომოტივმა” ყველა შეცდომა კარგად გამოიყენა, სწრაფად ხურავდა ხაზს, უფრო მეტად იყო მოტივირებული და ყავდა ბექა წიკლაური, რომლის ინდივიდუალურმა ოსტატობამ ბევრი რამ გადაწყვიტა.
არადა, მატჩის დებიუტში გიორგი ხარშილაძემ ხაზი რომ გაჭრა, ფლანგისკენ საკმარისი სივრცე ჰქონდა და მისი გამოყენებით “ყოჩებს” სწრაფი ლელოს გატანა შეეძლო, მაგრამ მცველთან კონტაქტში შევიდა და თამაში რაქში გადავიდა, მერე კი, ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გიორგი ბეგაძემ ფეხით ითამაშა და ფაქტობრივად ბურთი მოწინააღმდეგეს ჩააბარა. მთლიანობაში, მატჩის დებიუტში მრავლად იყო ფეხით თამაში და ბოლნისელთა დამრტყმელებმა ამ კომპონენტში შეცდომები მრავლად დაუშვეს, რის გამოც რკინიგზელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვესა და მე-9-ე წუთზე წიკლაურმა გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა – 3:0. ტაიმის შუაში “ყოჩებმა” 22-ის ხაზთან საკუთარი დერეფანი რომ წააგო, წიკლაურმა ბედი არეკნით სცადა, მაგრამ 35 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. მალევე მან კვლავ 35 მეტრიდან არეკნის იმიტირებით მცველები დააბნია და ბურთი ფეხით 15-20 მეტრზე გადაკიდა, სამი მცველი ერთმანეთის ყურებაში უსაქმოდ დარჩა, ბექამ კი, საკუთარი წამიწყებული იერიში ლელოთი დააგვირგვინა და გარდასახვით ანგარიში 10:0 გახადა.
“ყოჩებმა” 30-ე წუთზე სოხაძის ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს და მალე წონასწორობის აღდგენის შანსიც მიეცა. ეს მას შემდეგ, რაც სოხაძემ ფეხით ცუდად ითამაშა, მაგრამ რკინიგზელებიც შეცდნენ და შავლეგ მახარაშვილი მარჯვება ფლანგზე, ცანტრალური ხაზიდან დაიძრა. მერე მან ფეხით ითამაშა და ბურთს რამდენიმე მორაგბე მიყვა, თუმცა, დარტყმული ძლიერი აღმოჩნდა და ლევან გოგოლაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაამიწა, რაც ის პირით ხაზს გადასცდა. ამრიგად, მატჩის დაწყებამდე მიღებულ უარყოფით ემოციას უიღბლობაც მიემატა და ტაიმის ბოლოს წიკლაურმა ჯარიმით პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა – 13:3.
დაიწყო მეორე ტაიმი და გოდერძი ჭინჭარაულმა ჩვენი გუნდის ხაზი სუფთად გაჭრა, ის 22-ში სოხაძემ შეაჩერა, მაგრამ “ყოჩები” დაჯარიმდა და წიკლაურმა უპირატესობა გაზარდა. 45-ე წუთზე ბოლნისელთა შეცდომების სერიას “ლოკომოტივის” იერიში მოყვა, რომლებმაც ბურთაობით მეტოქის 22-ში შეაღწიეს, იქ ვახტანგ კავთიძე ორ მცველს შორის გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, წიკლაურმა გარდასახა და 45-ე წუთზე ანგარიში 23:3 გახდა. თბილისელებმა იერიშები გააგრძელეს და წიკლაურმა ჯერ არეკნი ააცილა, მე-60-ე წუთზე კი, ჯარიმით ანგარიში 26:3 გახადა, რითაც მანამდე გულშემატკივართა შორის არსებული მცირედი იმედებიც კი გააქარწყლა.
მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და არეული თამაში გაჩაღდა. ბოლნისელი მორაგბეები უკვე ინდივიდუალურად ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და პრინციპში ამან შედეგი გამოიღო. დავით ხიდეშელმა ფინტებით კარგად იარა, იერიში მარჯვენა ფლამგზე რატი ურუშაძემ გააგრძელა, თავისუფალი ბურთი გიორგი ტყეშელიაძემ აიტაცა და ლელო ძელებს უკან გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა მაინც “ლოკომოტივმა” თქვა, წიკლაურმა ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა (29:10) და ახლა “ლოკომოტივი” ფინალის საგზურისთვის “არმიას” შეეცილება.
მიუხედავად ასეთი შედეგისა, წლევანდელი სეზონი გუნდისათვის მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. შარშან ბოლო ადგილზე გასულმა გუნდმა, წელს რეგულარული პირველობა მეოთხე საფეხურზე დაასრულა და საბოლოოდაც ამ ადგილს დასჯერდა. ის 11-მატჩიანი გარჯა, რომელიც “ყოჩებს” ამ მარცხამდე ჰქონდა, იძლევა იმის წინაპირობას, რომ გაისად ჩვენი კლუბი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და ამის შესრულება გაისად უფრო რეალური იქნება.

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
თბილისი. “შევარდენი”. 800 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი) 29:10 (13:3)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე (ფ. გასვიანი 76), 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (ელოშვილი 51-73), 2. გენებაშვილი (კვანტიძე 72), 3. მაღალდაძე (ზარიძე 58), 4. ხულუაშვილი (ტალახაძე 56), 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ახვლედიანი, 8. ბერიშვილი.
2 ლელო: წიკლაური, კავთიძე
2 გარდასახვა: წიკლაური
5 ჯარიმა: წიკლაური
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი (ხუციშვილი 62), 14. გეგენავა (კვარაცხელია 57), 13. ხარშილაძე, 12. გარუჩავა (გაბუნია 63), 11. გოგოლაშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 47), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 41), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ტვილდიანი 47), 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე (მაისურაძე 77), 8. ჩხიკვაძე (ხვისტანი 63).
1 ლელო: ტყეშელიაძე
1 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე

17 მაისი
არმია (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი)

Share.

Comments are closed.