სტუდენტი გოგონას დღიურში მოთხრობილი ამბავი

0

9 აპრილისაქართველოს გმირული ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი, ახალი რა უნდა ვთქვათ…  ყველაფერი ნათქვამია, გულიც მოვიოხეთ თითქოს ქართული მძიმე გლოვით, ცრემლიც უზომოდ ვღვარეთ (ესეც ქართულად, მამაპაპურად) სათქმელიც თითქმის ვთქვით, მაგრამ… დარჩა ერთი პატარა ამბავი მოსაყოლი, ეს პატარა ამბავი კი ერთი სტუდენტი გოგონას დღიურში მოთხრობილი გახლავთ.

27 იანვარი, 1989 წ

„გვედრი დაიფარე მამული ჩემი“ _ ზვიადის სიტყვები ამეკვიატა მთელი დღე. საოცარი დღეა, ყუბანეიშვილის ლექციიდან მთვრალივით გამოვედი. საოცარი ქალია ქალბატონი მეია, ილია სულ სხვანაირად დამანახა.უნივერსიტეტში „ის“ ვნახე.

8 თებერვალი

მთელი ღამე არ გვიძინია მე და ნათიას, ხვალ გრანდიოზული მიტინგი იმართება. აღმაშენებლის აღსაყდრების 900 წლისადმი მიძღვნილი, დიდებული დღეა. ჩვენი სათაყვანო გმირები მოვიდნენ, მერაბი, ზვიადი, კიდევ სხვები. აღმაშენებლის დიდი ღვაწლის მერე დღევანდელ პრობლემებზე ისაუბრეს. რამდენიმე საკითხი იდგა დღის წესრიგში. მოითხოვენ ქართულ ენაზე გამოაქვეყნონ გაეროს წესდება. ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია და ჰელსინკის ხელშეკრულების დასკვნითი აქტი.

მიტინგი ღამის 12 საათამდე გაგრძელდა. მერაბ კოსტავამ „მამაო ჩვენო“ წაიკითხა და დავიშალეთ. „ისიც“ ვნახე, განუმეორებელი იყო.

18 თებერვალი

ზურაბ ჭავჭავაძემ სააკაძის მოედანზე მიტინგი ჩაატარა აფხაზეთის საკითხებზე. მიტინგი „უსანქციო“ იყო. კომკავშირლებმა დაგვარბიეს. „ისიც“ იქ იყო. გაფითრებული და განადგურებული იდგა. მერე გავიგე, დაუჭერიათ.

25 თებერვალი

დღეს გლოვის დღეა. ჩვენი პატრიოტები შავი დროშებით გამოვიდნენ. გამსახურდია აუყვანიათ. მაინც ჩატარდა პანაშვიდი, თქვენი ჭირიმე ქართველებო!

18 მარტი

რუსთაველის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აკაკი ბაქრაძე ავირჩიეთ. ძირს, ფოფხაძის დიქტატურა! გაუმარჯოს ბაქრაძეს! ჩვენ გავიმარჯვებთ, „ისიც“ ბედნიერია დღეს.

5 აპრილი

მთავრობის სახლთან დიდი ამბებია. 24 საათის განმავლობაში არ წყდება ხალხის ნაკადი. 41 კაცი შიმშილობს, მთელი ინტელიგენცია ჩვენთანაა. მე, ნათია და „ის“ მუდმივად აქ ვართ. „ის“ ბედნიერია. მე მიყვარს საქართველო და „ის“.

6 აპრილი

ოპერის თეატრიც გაიფიცა, ლამაზი ქართული სიმღერებით გვატკბობენ. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, სახელი გავიგე იმ კაცის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიყვარს. მას ელიზბარი ჰქვია.

7 აპრილი

„გმადლობთ, შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო“…

მთელი ინსტიტუტები გაიფიცნენ, ისინი მოითხოვენ რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან გათავისუფლებას. ვზივართ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე სანთლებით ხელში. ელიზბარიც აქვე არის, ცრემლები ყელში მებჯინება. ეს რა ერი გაგიჩენია უფალო, დიდება შენდა…

8 აპრილი

ყველა ცხელი წერტილი დავიარეთ, სხედან ტელევიზიის კიბეებზე, ქალთა დელეგაცია პატიაშვილთან გაგვაგზავნეს. მილიცია გადაგვეღობა… იქვე ჩავჯექით. ქუჩაში სიგნალების გამაყრუებელი ხმაა.

9 აპრილი

არ ვიცი როგორ დავიწყო, რას მივაკუთვნო ის წყეული ღამე… ოთხი დაიწყო. ხალხში ხმა გავარდა ილია II მოდისო, სამარისებურ სიჩუმეში უწმინდესის ხმა გაისმა. მოგვიწოდებს დავიშალოთ, რომ აქ მეორე დიდგორი დატრიალდება. მოგვიწოდებს წავიდეთ და ვილოცოთ…არა! არა! იხუვლა ხალხმა. უარი შევკადრეთ… ეს გაქცევააო -იყო  პასუხი ვდგავართ მრავალ ჭირგამოვლილი ქართველები და საშინელების მოლოდიში ვდუმვართ. დავიჩოქეთ და ირაკლი წერეთლის მიერ წარმოთქმული „მამაო ჩვენო“ მთელი გრძნობით გავიმეორეთ.

უსინათლოებმა ქართული სიმღერა დაიწყეს. სალამური, დოლი, ფანდური, ერთხმად აგუგუნდა, ყველა კუთხეში ცეკვა გაჩაღდა, ტანკების საშინელი გრუხუნი ახლოვდება. კინოს სახლის  ფანჯარაზე ავცოცდით მე და ნათია, ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება. ტანკები ჩვენსკენ მოიწევენ. ისე მოგვიახლოვდნენ მუზარადიანი და ჩაჩქანიანი ჯალათები, ვერც გავიგეთ… კვნესა, გოდება, არაადამიანური ღრიალი სწვდება ჩემს ყურთა სმენას, არ მჯერა…

მე გადავრჩი. ვაი ამ გადარჩენას… ჩახოცეს უდანაშაულო ქართველები. მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია სასაკლაოს დაემსგავსა. არაადამიანური ღრიალი გავიგონე. დავინახე ელიზბარი როგორ მივარდა ნიჩბიან რობოტს, თვალები დავხუჭე და მუხლებზე დავეცი, მერე არაფერი მახსოვს. გონს მხატვრის სახლში მომიყვანეს.

ვეძებ ოჯახის წევრებს, ნაცნობებს, მეგობრებს, კურსელებს, საავადმყოფოები დავიარეთ, გლოვის დღე დაუდგა საქართველოს. ელიზბარი არ ჩანს.

10 აპრილი

კომენდატის საათი გამოაცხადა როდიონოვმა. მსხვერპლს ახალი მსხვერპლი ემატება. ხალხი გაზით იწამლება, უნივერსიტეტში შევიკრიბეთ. ჯარებმა დაგვფანტეს, ვეძებ ელიზბარს.

12 აპრილი

ვეძებ ელიზბარს, ამაოდ, მნახველი არ ჩანს,, არც მკვდრებშია, არც ცოცხლებში, საშინელი მდგომარეობაა ჩემს საყვარელ თბილისში და მაინც: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

18 აპრილი

კომენდატის საათი მოგვიხსნეს… ელიზბარს დავეძებ, გათანგული ვარ, საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს სიყვარულში.

28 აპრილი

სამგლოვიარო პროცესია სიონში გადაიტანეს, გაზით მოწამლულთა რიცხვი მატულობს. ელიზბარი არ ჩანს, ერთი მისი კურსელი დავინახე, არ ვიცნობ, მაგრამ მაინც მივედი და ვკითხე. რამდენი ხანია არ მინახავსო- მითხრა. ლამის გავგიჟდე.

1 მაისი

დემონსტრაციის გარეშეა ეს დღე. მეყვავილე ვალოდიას, (ლენინის) ძეგლიც არ შეუმკიათ ყვავილებით დღეს, პრესა და ტელევიზიაც აღარ ტყუის უსინდისოდ, ჩემი სიყვარულიც არ ჩანს, ვგლოვობ…

19 მაისი

40 დღე გავიდა იმ ავბედითი დღის შემდეგ. ჩვენი ლიდერებიც გამოუშვეს. ერთი მომღერალი ბიჭი ვნახე, ელიზბარის ნაცნობი, მივვარდი, ვკითხე მცხეთაში ნახავო, სვეტიცხოველში-მითხრა. დავიზაფრე, სასწრაფოდ ნათია ვიპოვე, ტაქსი გავაჩერეთ და მცხეთაში წავედით, ის მართლა იქ ვნახე, გაფითრებული, გამხდარი, თვალები უსაზღვრო კაეშნით ჰქონდა სავსე, შემხედა, შეკრთა, კიდევ უფრო გაფითრდა…

_ მე ღმერთთან მოვედი, ლიზი, ეს ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა, მე არ შემიძლია იქ სიცოცხლე, სადაც ადამიანი ადამიანად არ ითვლება, მაპატიე, ყველაფერი ვიცი… შენმა თვალებმა მიამბეს…გაღმერთებ, ახლა კი წადი…

_ არა! არა! _ შევკივლე არაადამიანურად. შენ იქ ხარ საჭირო,  საქართველოს უჭირს დღეს. მე უშენოდ ვერ გავძლებ, მიყვარხარ, გვჭირდები, მეც და საქართველოსაც -რას ვამბობდი, მე თითონ არ ვიცოდი.

_ მე, ღმერთის გზა ვარჩიე,_ სიმკაცრე დაეტყო ხავერდოვან ხმაში.. ამას ვერავინ  შემაცვლევინებს, ვერც სიყვარული შენი… და კიდევ, ჩემი სამშობლოსი… მე იმ ღამეს კაცი არ მერქვა, არარაობად ვიგრძენი თავი, წადი! _ ბრძანების კილოთი დაამატა და შებრუნდა. მხრები უთრთოდა, ვეებერთელა მხრები… ქვითინით დავემხე მიწაზე. არაადამიანურად ვღრიალებდი, გონს გვიან მოვედი, ნათიამ ხელი მომკიდა და წამომაყენა…

20 მაისი

ჩემი ადგილი აღარ არის აქ, უაზროა ყოველივე…

P.S. ეს დღიური, შემთხვევით ვიპოვე 1989 წლის 25 მაისს, წავიკითხე და ავფორიაქდი. გულმა მიგრძნო, რომ ლიზის მცხეთაში ვნახავდი, დედათა მონასტერში. მივაშურე იქაურობას, ჩემი მონაზონი ნათლიის მეშვეობით ლიზი გავიცანი. დღიურები ვაჩვენე, ჯერ აენთო, აილეწა, მერე დაწყნარდა და მითხრა, ეს მე აღარ მეკუთვნისო, ვერ მომიშორა, ჯერ კიდევ დროა დაფიქრდე და წამოხვიდე-მეთქი, არაო, აზრი არა აქვს არაფერსო- მითხრა. სიყვარულიც დავმარხე და ყველაფერი ამქვეყნიურიცო. მსგავსი სათნოება და სილამაზე ასე ახლოს არასდროს მენახა. გულდამძიმებული წამოვედი, მას მერე 25 წელი გავიდა. ლიზი უკვე აღკვეცილი იქნება მონაზვნად. თუ ოდესმე, რაიმე საშუალებით მისთვისაც გაცხადდა მისივე დღიურები, მაპატიოს ღირსმა დედამ, მე დღეს სხვანაირად არ ძალმიძს.

ბელა ონიანი

Share.

Comments are closed.