ინტერვიუ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვართან მამა ილია ჭიღლაძესთან

0

მამა ილიას თქმით მარხვა ესაა ღვთის მცნება რაიმის აკრძალვის და თავშეკავების შესახებ, მისი დაცვით ადამიანი ადასტურებს ღვთისადმი მორჩილებას. მარხვის დარღვევის გამო განვარდა სამოთხიდან ადამი და მარხვის დაცვითვე უნდა დაიბრუნოს იგი მისმა მოდგმამ _ ადამიანმა. ამით ვლინდება რამდენად ემორჩილება ადამიანი ღმერთს, მის შემოქმედს, რამდენად შეუძლია ალაგმოს სტომაქი და სხვა ვნებები. მოგეხსებათ, გონება და გული უნდა გვმართავდეს, და არა მუცელი. 

გვესაუბრება  ბოლნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ილია ჭიღლაძე

_მამაო, მოგვიყევით თქვენს შესახებ,  ბოლნისში მოსვლამდე რა გზა გაიარეთ?

_ უპირველესად  მოგესალმებით თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველთ, გისურვებთ ღვთის ულევ წყალობას. მე დავიბადე და აღვიზარდე ქ. გორში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში, ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნე ქრისტიანები არ ყოფილან, მაგრამ ბებიამ  მცირე ასაკიდან ჩამინერგა რწმენა და ტრადიციებისადმი სიყვარული, 2000 წელს წარჩინებით დავამთავრე გორის მერვე საშუალო სკოლა და ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ამ დროს 16 წლის ვიყავი, ეს არჩევანი დედის სურვილით და რჩევით იყო განპირობებული,  ჩემი ინტერესების სფერო კი სულ მცირე ასაკიდან მოყოლებული იყო რელიგია, ისტორია და ქრისტიანული ხელოვნება.  ამ ინტერესებით ვსაზრდოობდი მთელი სასკოლო ასაკი, რაც შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. ჩემს გარშემო ძირითადად არარელიგიური გარემო იყო, ისე როგორც ყველგან, პოსტკომუნისტურ სივრცეში.  მღვდლობის სურვილი  ბავშვობიდან მქონდა მაგრამ ეს ჩემი მშობლებისათვის არასასურველი არჩევანი იყო და მეც საგულდაგულოდ ვმალავდი. მახსოვს, ერთხელ  მეზობელმა  ქალბატონმა მითხრა: შენ ლამაზი მღვდელი იქნებიო,  შემრცხვა, არ ვიცოდი სად დავმალულიყავი და სასტიკად ვიუარე, მორიდებულობამ სიცრუე მათქმევინა, თუმცა შინაგანად კმაყოფილი დავრჩი მისი სიტყვების გამო. რამდენადაც უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში  სწავლა იმ ეტაპზე მხოლოდ ოცნებაში თუ შემეძლო, ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე,  მესამე კურსიდან სრულიად დავკარგე იურიდიული განათლებისადმი ინტერესი, ღრმად მქონდა გადაწყვეტილი სასულიერო გზის გაგრძელება, მაგრამ მოძღვრის დაჟინებული მოთხოვნით დავამთავრე იგი და ამის შემდეგ, 2007 წელს ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიაში, ხოლო 2010 წლიდან თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევების დოქტორანტი გახლავართ. იმავე წელს დავოჯახდი, ბოლნისის სასულიერო სკოლაში მიმიწვიეს სამუშაოდ,  2011 წელს ბოლნელმა ეპისკოპოსმა, აწ მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ხელნი დამასხა  დიაკონად, ხოლო 2012 წელს –  მღვდლად.

_ საიდან მოდის თქვენი გვარის ფესვები?

_ ჭიღლაძეების გვარის ძირი სამოსახლო იმერეთშია, თანამედროვე საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ისტორიულ საწერეთლოში. საისტორიო  დოკუმენტების მონაცემებით XVIII საუკუნეში ჭიღლაძეთა რამდენიმე ოჯახი გადმოსახლდა შიდა ქართლში, ასე დაედო საფუძველი  ჩვენი გვარის შიდა ქართლის შტოს  ქალაქ გორში და სოფლებში: ატენში, ახრისში, ატოცში, ავნევში. ჩვენი ოჯახი წარმოშობით დიდი ისტორიის მქონე ატენიდანაა,  განვითარებული შუა საუკუნეების ნაქალაქარიდან. იმერეთში ჭიღლაძეები თავად წერეთლების საუკეთესო, ერთგული ყმები იყვნენ, აკაკის მჭიდრო ნათელმირონობა აკავშირებდა მათთან და არაერთგან იხსენებს თავის ნაწერებში.  განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოთხრობა ”გრიგოლ  წერეთლის ირემი”.  ამ ისტორიულ მოთხრობაში აღწერილია თეოდორე ჭიღლაძის ვაჟკაცობა და მის გარშემო დატრიალებული დრამა.

 _ ისტორიკოსი ბრძანდებით,  ყველაფერი იცოდით  ამ ძირძველი მიწის შესახებ, და მაინც მამაო, დაგხვდათ ის ბოლნისი, რაც წარმოგედგინათ?

_ ბოლნისი ძველი საქართველოს დიდების ნაშთია,  იგი პატარა საქართველოა. რა თქმა უნდა, მისი დიდება მიმქრალია, ქართული სული კი  დაკნინებული, მაგრამ ეს  ზოგადეროვნული მდგომარეობის  პროპორციულია. ბოლნისიც ისევეა დაკნინებული, როგორც მთლიანობაში საქართველო.

_ მეუფე ეფრემის  სახელს საეკლესიო აღმშენებლობა უკავშირდება, როგორც ისტორიკოსი, როგორ ჩაწერდით მატიანეში ბოლნელი მთავარეპისკოპოსის  მოღვაწეობის წლებს ბოლნისის ეპარქიაში,?

_მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2012 წელს ბოლნისში ჩამობრძანებულმა, შესანიშნავად და ლაკონურად შეაჯამა ერთ ფრაზაში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ეფრემის   ღვაწლი ბოლნისის ეპარქიისადმი, უწოდა რა მას გაციებული კერიის აღმდგენი და დაუღალავად  მშრომელი. მართლაც, მეუფის ღვაწლით, სამსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ ეპარქიაში აღსდგა სამონასტრო ცხოვრება, გამრავლდა მრევლი და სამღვდელოება. ბოლნისმა, ვითარცა დაკარგულმა ფარამ, იპოვა მწყემსი. ახლა საჭიროა მეტი კონსოლიდაცია მრევლისა და სამღვდელოებისა, ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო იმისათვის, რათა არ დაიღალოს მწყემსი კეთილი, ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენზე.

_მამაო, გვესაუბრეთ მარხვის შესახებ რატომ დაუწესა უფალმა ადამიანს მარხვა?

_ მარხვა – ესაა ღვთის მცნება  რაიმის აკრძალვის და თავშეკავების შესახებ, მარხვის დაცვით ადამიანი ადასტურებს ღვთისადმი მორჩილებას. მარხვის დარღვევის გამო განვარდა სამოთხიდან ადამი და მარხვის დაცვითვე უნდა დაიბრუნოს იგი მისმა მოდგმამ – ადამიანმა. ტერმინი ”მარხვა” ძველ ქართულ ენაზე ნიშნავდა რაიმის შენახვას, დაცვას. სწორედ ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები  სიტყვა ”დამარხვა”. მარხვის დაცვით ვლინდება რამდენად ემორჩილება ადამიანი ღმერთს, მის შემოქმედს, რამდენად შეუძლია ალაგმოს სტომაქი და სხვა ვნებები. მოგეხსებათ, გონება და გული უნდა მართავდეს ადამიანს, და არა მუცელი.  სამწუხაროდ,  პრაქტიკაში ხშირად პირიქითაა. მარხვის საჭიროებაზე უფლის არაერთი სიტყვაა დაფიქსირებული სახარებაში. თავად უფალი, სამყაროს შემოქმედი, დედამიწაზე ხორციელად მოსული, მარხულობდა 40 დღე უდაბნოში. განა მას, ყოვლად წმინდას   და  ყოვლად სრულყოფილს,  სჭირდებოდა მარხვა?! რა თქმა უნდა, არა! მისი მარხვა არის  მაგალითი ჩვენთვის მოცემული, რათა მისი მცნებისაებრ, მარადის ვბაძავდეთ მას.

_ საჭიროა თუ არა ერისკაცისათვის მძიმე მარხვის შენახვა?

_ ყველა ერთნაირად ვერ იმარხულებს, თითოეული ადამიანის მარხვის ხარისხი უნდა იყოს ინდივიდუალური, მისი ჯანმრთელობის და სულიერი მდგომარეობიდან  გამომდინარე, მოძღვრისა და აღმსარებლის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული. მძიმე ცოდვების შემთხვევაში ეკლესიის უძველესი წესია მარხვის დამძიმება. რა თქმა უნდა ერისკაცთ,  ბერ-მონაზვნებთან შედარებით, მსუბუქი მარხვა მართებთ, მოძღვრებიც უფრო მეტი სიმძიმით უნდა ვმარხულობდეთ, თორემ აბა რაში მდგომარეობს  განსხვავება საერო და სასულიერო  პირებს  შორის?!

 _ მამაო, როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან, როგორი უნდა იყოს მოძღვრის დამოკიდებულება თითოეული აღმსარებლის მიმართ?

_ მრევლის მიმართ მოძღვრის დამოკიდებულება,  ყველაზე რთული სამოძღვრო საკითხია, ეს  ბეწვის ხიდია, რომლის გავლა არაა ადვილი. ყველას უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები  წარმოთქმული  მასზე, ვინც მოყვასის დაბრკოლების მიზეზი გახდება. ხშირად შემხვედრია   დაბრკოლებული და გულდაწყვეტილი ადამიანები.  საერო ადამიანები  სამღვდელოთაგან  სრულყოფილებას მოითხოვენ, თუმცა ჩვენც ადამიანები ვართ, მაშასადამე არასრულყოფილნი. ეს საკითხი, ვფიქრობ იმდენად დამაფიქრებელი და აქტუალურია, რომ ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, სამღვდელონიც და საერონიც. ხოლო, თუ როგორია ჩემი დამოკიდებულება მრევლისადმი, ამაზე მათ უნდა გიპასუხონ, ამის შემფასებლად მე არ გამოვდგები…

_ ახლახან დიდი ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდით, მოხდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება, არის თუ არა  უხრწნელობა აუცილებელი ფაქტორი წმინდანობისათვის  და გვესაუბრეთ წმინდა ნაწილთა აღმოყვანების წესზე.

_ სხეულის უხრწნელობა არაა აუცილებელი კრიტერიუმი წმინდანობისა. ზოგი წმინდანის სხეული მთლიანად უხრწნელია (მაგ. წმ. საბა განწმენდილი, წმ. სტეფანე სინელი, წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი და სხვანი), ზოგი წმინდანის სხეული ნაწილობრივ ინარჩუნებს რბილ ქსოვილებს (ანუ ნაწილობრივ უხრწნელია), მაგ.: წმ. იოანე ოქროპირი,წმ. დიდმოწამე ეკატერინე. უმეტესობა კი მხოლოდ ძვლების სახითაა შენარჩუნებული (წმ. გიორგი, წმ. შიო მღვიმელი, წმ. ქეთევანი და სხვანი).  ბერძნულ, რუსულ და სხვა ადგილობრივ ეკლესიებში უძველესი დროიდან ზედმიწევნით ხორციელდება წმინდანთა სხეულების აღმოყვანების და ტაძარში პატივით დაბრძანების წესი, საქართველოს ეკლესიაში კი ამგვარი პრაქტიკა ფართოდ არ ყოფილა გავრცელებული. გამონაკლისია წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, რომლებიც მოწამეთას მონასტერშია დაბრძანებული,  წმ. შიო მღვიმელის, წმ. ქეთევან დედოფლის, 6000 გარეჯელი მოწამის, ღირსი დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები.  სხვა  ყველა ჩვენი წმინდანები, მათ შორის: დანარჩენი ასურელი მამები, წმ. ნინო, მოწამენი ბიძინა, შალვა, ელიზბარი, იოანე მანგლელი და სხვანი ტაძრის იატაკის ქვეშ არიან დაკრძალულნი. იმის გამო, რომ წმ. ქეთევანის და შიო მღვიმელის ნაწილები აღმოყვანებულნი იყვნენ, მათი დიდი ნაწილი დაიკარგა და განადგურდა. ვფიქრობ, ჩვენი წინაპრები, იყვნენ რა მუდმივად საომარ მდგომარეობაში, წმინდა ნაწილთა დაცვის მიზნით არიდებდნენ თავს ამ ტრადიციას. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქართულ სამონასტრო ტრადიციაში განვითარებული შუა საუკუნეების მანძილზე საყოველთაო წესი იყო მონასტრის გარდაცვლილ წევრთა საფლავიდან აღმოყვანება და ძვლების საძვალეში (ანუ კრიპტაში) შენახვა. ასეთი კრიპტები მოღვაწეთა ძვლებით, თუ მის გარეშე, შემორჩენილია ბევრ ქართულ მონასტერში, მათ შორის ქოზიფის, ბეთანიის, ზარზმის, ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსებში. ეს წესი დღემდე შენარჩუნებულია ათონისა და სინას წმინდა მთებზე. როგორც სჩანს, ამ ტრადიციის საფუძველი იყო ერთის მხრივ სამონასტრო ცხოვრების  ფუძემდებელ ეგვიპტე-სირიაში მცირემიწიანობა, სასაფლაო ადგილის ეკონომიის საჭიროება, ხოლო მეორეს მხრივ მონასტრის წევრთა შორის ხორციელი სიკვდილის მუდმივად ხსოვნის სურვილი, რაც ასკეტური ღვწისათვის აუცილებელი პირობაა. ის წმინდანები, რომელთა სხეულები ძვლად ქცეულია (ან ნაწილობრივ უხრწნელია და ამიტომ დაიშალა ნაწილებად), შეიძლება განაწილებულ იქნეს, რათა წმინდანის კურთხევა (ევლოგია) სხვადასხვა ადგილს, უფრო სწორად კი, სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მორწმუნეებს მოეფინოს (ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია წმ. გიორგის ნაწილები).

_ წმ. გაბრიელ ბერის  ნაწილთა აღმოყვანებამ რატომ გამოიწვია  საკმაოდ მძაფრი პოლემიკა?

_ ქართული საზოგადოება დღეს უკიდურესად ჩამოუყალიბებელია, ორასწლოვანმა ეროვნულმა მონობამ ერის დეგრადაცია გამოიწვია, ხოლო კომუნისტურ-ათეისტურმა დიქტატურამ – ხალხის გაუცხოება ეკლესიისაგან.  ის ადამიანები, რომლებიც ვერ გახდნენ ეკლესიის ნაწილნი, ჩასაფრებულები და გაღიზიანებულები ცდილობენ ყველაფერი კრიტიკის ობიექტად აქციონ. ის რაც  საბერძნეთში, რუსეთში და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში არავის უკვირს, აქ ბევრმა პირველად გაიგო, როგორც სჩანს მოწამეთის მონასტერიც  არ უნახავთ მათ. აქილიკებდნენ იმას, რაც მართლმადიდებლური ტრადიციაა პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული. როგორც სჩანს, კიდევ დიდი დროა საჭირო ჩვენი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. ყოველთვის იქნება განსხვავებული აზრი, თუნდაც რელიგიურ საკითხებზე, მაგრამ კამათშიც საჭიროა ეთიკა.  მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ადამიანები ხშირად  ბერადმორწმუნეობის და მეკერპეობის ნიშნებსაც ავლენენ, რაც ხელს უწყობს ანტიეკლესიურად განწყობილებს  კრიტიკისათვის.

_ მამაო,  რა არის დღევანდელობის სენი და რაში ხედავთ გამოსავალს?

_ ყოველ ქართველს უნდა ახსოვდეს ანდერძი წმ. მოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორისა, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წარმოსთქვა დიდი გულისტკივილით: “ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს,შორიდგან თვალყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია”. ეს  სიტყვები, დიდი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწის მიერ 1918 წელს წარმოთქმული, სამწუხაროდ კვლავ აქტუალურია მთელი სიმძაფრით.

 _ მამაო, როგორი გინდათ იყოს ბოლნისის ეპარქია?

_ მინდა სავსე იყოს ჩვენი ტაძრები მრევლით, რომელიც სწორი გზით ივლის უფლისაკენ, ეს გზა კი სიყვარული და  გონიერებაა, მინდა ვიხილო ჩვენი ეპარქიის ასორმოცდაათივე ისტორიული ტაძარი აღდგენილი და გამშვენებული, ხოლო ჩვენი მეუფე, მისი სამწყსოს  სულიერი ცხოვრებით ბედნიერი და კმაყოფილი.

 

Share.

Comments are closed.