გია ჟორჟოლიანი: „მოქალაქეების პასუხისმგებლობა იზრდება, ვინაიდან პირდაპირ ირჩევენ გამგებლებს და მერებს, თავიანთ თავზე უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა“

0

1477464_529879330441454_144904734_n15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. თვითმმართველობის ახალი კანონის შესაბამისად მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს (მერი, გამგებელი) პირდაპირი წესით აირჩევს.  რა ძირითადი ცვლილებები განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა  გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი.

„კანონში არსებითად შეიცვალა ის, რომ გამგებლები და მერები აირჩევიან პირდაპირ, ადრე ისინი ინიშნებოდნენ კონკურსის წესით, ან პირდაპირ საკრებულოს მიერ. პირდაპირ არჩევითობას რა შედეგი მოაქვს: ეს არჩეულები პასუხისმგებლები არიან იმ ხალხის წინაშე, ვინც აირჩია. მეორე, თვითონ ამ მოქალაქეების პასუხისმგებლობაც იზრდება, ვინაიდან პირდაპირ ირჩევენ გამგებლებს და მერებს, თავიანთ თავზე უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა .“   

15 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პირდაპირი წესით თვითმმართველი თემის გამგებელს აირჩევს. თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებს. გამგებლად შეიძლება არჩეულ იქნეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მინიმუმ 5 წელი უცხოვრია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

არჩეული გამგებლის (მერის) გადაყენება შეუძია საკრებულოს და ამომრჩეველთა 20%-ს.

„თუ საკრებულოს 2/3 მხარს დაუჭერს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამგებლის გადაყენება, საბაბი არ არის კანონით განსაზღვრული. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გამგებელს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, საკრებულოს შეუძლია დააყენოს საკითხი და დანაშაულის თაობაზე შესაბამის ორგანოებს აცნობოს. საკრებულოს შეუძლია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საკრებულოს 2/3 თუ მიიჩნევს, რომ გამგებელი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას,  შეუძლია გადააყენოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამგებელი საბოლოოდ გადაყენებულია, 45 დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გამგებელს აქვს შესაძლებლობა ხელმეორედ მიიღოს მონაწილეობა მასში. არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, საკრებულოს არ აქვს გამგებლის გადაყენების უფლება. გამგებლის გადაყენების საკითხის დაყენება შეუძლია ამომრჩეველთა 20% -ს  ხელმოწერების საფუძველზე, რის შემდეგაც საკრებულო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას კვლავ 2/3 -ით.“განმარტავს ჟორჟოლიანი.

ახალი კანონმდებლობით საქართველოს 7 ქალაქს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებს თვითმმართველი თემის.

„მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ქალაქიც და თვითმმართველი თემიც. თვითმმართველი ქალაქი არის მუნიციპალიტეტი, სადაც მხოლოდ ერთი ქალაქია, თვითმმართველი თემი არის მუნიციპალიტეტი, სადაც ერთზე მეტი დასახლებული პუნქტია, ქალაქი, სოფლები და ასე შემდეგ. თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემს შორის განსხვავება მხოლოდ ტერიტორიულ მოწყობაშია.“- აცხადებს ჟორჟოლიანი.

გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა, 15 ივნისს მოსახლეობამ საკრებულოს შემადგენლობაც უნდა აირჩიოს. მანამდე არსებული კანონის თანახმად, საკრებულოს შემადგენლობა 10 პროპორციული წევრის და იმდენი მაჟორიტარი დეპუტატისგან შედგებოდა, რამდენი ტერიტორიული ორგანოც იყო თემში. ახალი კანონით პროპორციული სიით გასული დეპუტატების რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, მათი რაოდენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14- ით განისაზღვრა. მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება: ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთში, დაბა თამარისში, ნახიდურის თემში, ტალავერის თემში, მამხუტის თემში, რაჭისუბნის თემში, სოფელ ქვემო ბოლნისში, ზემო ბოლნისის თემში, აკაურთის თემში, ქვეშის თემში, სოფელ ტანძიაში, დარბაზის თემში, რატევნის თემში.

ამრიგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა 22-დან 29- მდე გაიზარდა.

მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, ასევე 5 კაციან საინიციატივო ჯგუფს.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია უკანასკნელი 2 წელი მაინც.

კანონით განისაზღვრა, რომ ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნები გაიმართოს შემოდგომაზე, მომდევნო არჩევნები ჩატარდება 2017 წლის ოქტომბერში. შესაბამისად 2014 წელს არჩეული საკრებულოსა და გამგებელის უფლებამოსილების ვადა სრული 4 წელი არ იქნება. რასაც კანონმდებლები გარდამავალი პერიოდით ხსნიან.

საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს შემადგენლობის უბრალო უმრავლესობა ირჩევს და ათავისუფლებს.

_ ბატონო გია, რაც შეეხება რწმუნებულების ინსტიტუტს, აქ თუ შეიცვალა რამე?

_ რწმუნებულების ინსტიტუტი რჩება ისევ ისე, როგორც იყო. თეორიულად ახლაც ასეა კანონმდებლობით, გამგეობა ნიშნავს რწმუნებულს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის.  დაახლოებით იგივე ვარიანტი დარჩება. კანონში არ არის განსაზღვრული რა ტერიტორიაზე უნდა დაინიშნოს რწმუნებული, ეს თავად გამგეობამ უნდა განსაზღვროს, რწმუნებული არის გამგეობის ჩვეულებრივი თანამშრომელი.

_ რაც შეეხება მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა რაოდენობას, ახალი კანონმდებლობით გარკვეული კვოტა არსებობს?

_ 30 თანამშრომელი უნდა ჰყავდეს გამგეობას, რაც არის საბაზისო, ეს ემთხვევა იმ ფუნქციებს, რომელიც განსაზღვრულია თვითმმართველობისათვის. ამ  30-ს ემატება ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი თანამშრომელის აყვანის შესაძლებლობა და ამას კიდევ იმდენი თანამშრომლის დამატება, რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტის 25% -ს არ უნდა აჭარბებდეს სახელფასო ფონდი. ამაში შედის არამარტო გამგეობის თანამშრომლები, არამედ, საკრებულოს თანამშრომლები, აიპები და შპსეები.

_ რაც შეეხება გუბერნატორთან არსებულ საბჭოებს, რა დატვირთვა ექნება მათ?

_  ამ საკონსულტაციო საბჭოების ფუნქცია იქნება  გუბერნატორისთვის კონსულტაციის გაწევა იმ საქმიანობაში, რასაც გუბერნატორი განახორციელებს მთავრობის დავალებით. გუბერნატორი ახორციელებს კოორდინაციას იმ ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია მისთვის მთავრობის მიერ. მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან პროცესებში, მათ არ შეეძლებათ არსებითად შეცვლა საკითხების, მაგრამ თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ და წვლილს შეიტანენ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში და ასე შემდეგ.

როგორ დაკომპლექტდება საკონსულტაციო საბჭოები?

_  საკონსულტაციო საბჭოში იქნებიან წარდგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და თვითმმართველი თემის გამგებელი (თვითმმართველი ქალაქის მერი).

Share.

Comments are closed.