ანსამბლი ,,ბოლნელი“ დაარსებიდან დღემდე

0

IMG_6038

„მე ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი წინაპრების დაღვრილი ზღვა სისხლის ფასად გადარჩა ქართველი ერი გადაშენებას, ამიტომ მე, როგორც პატარა ქართველი, ღვთისა და ერის წინაშე ვალდებული ვარ“… ეს არის ანსამბლ „ბოლნელის“ თითოეული წევრის დევიზი, სწორედ ამ შეგნებით იწყებენ ისინი ცეკვის ხელოვნების დაუფლებას, რასაც თან სდევს ისტორია, პოეზია, რელიგია, სიმღერა და რა თქმა უნდა, ცეკვა.

„ბავშვი, რომელმაც არ იცის საქართველოს ისტორია, არ იცნობს ქართველ მწერლებს, პოეტებს, არ იცის მათი შემოქმედება, წარმოუდგენელია იყოს  ანსამბლის წევრი, რადგანაც მოზარდი თუ განათლებული არ არის    ქართული ცეკვის ილეთს ვერ შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა და ვერ შეეხება დიდ ქორეოგრაფიას. ყოველ გაკვეთილზე ჩვენ  ვსაუბრობდით ზოგად საკაცობრიო თემებზე, რისთვისაც დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებოდი ყოველთვის. ვასწავლიდი მათ,    რომ ყოფილიყვნენ მიმტევებლები.  ანსამბლის წევრებს უნდა სცოდნოდათ, რომ ისინი ყველა თანატოლი და ერთნაირი უფლებების მქონენი არიან. მე ამ ყველაფერს მკაცრად მოვითხოვდი და  მიხარია, რომ კვლავაც ჩემს დაწყებულ საქმეს  აგრძელებენ ჩემი აღზრდილები და ღირსეულად უდგანან ანსამბლს სათავეში. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად მკაცრიც ვიყავი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ  ასახელა „ბოლნელმა“, რითაც ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ  ანსამბლის წევრებს  დღესაც ეტყობათ ის განათლება და ცოდნა, რაც მათ  მიიღეს მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად“._ ამბობს ანსამბლის დამაარსებელი კობა ჟღენტი.

„ბოლნელს“ ღრმად აქვს ფესვები გადგმული ხალხური საშემსრულებლო ხელოვნების წიაღში. ის გენეტიკურადაა მასთან დაკავშირებული, აქედანაა ამოზრდილი და სწორედ ამაშია მისი ძალა. „ბოლნელი“ ანსამბლის „კიდევაც დაიზრდებიან“ ფესვებზეა აღმოცენებული, რომელიც დაარსებიდან მალევე გახდა პოპულარული და მას შემდეგ საქართველოში არ ჩატარებულა თითქმის არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც მას არ მიეღო მონაწილეობა.  ბოლნისი პატარა საქართველოა, არ არსებობს კუთხე ჩვენი ქვეყნისა, რომლის წარმომადგენლებიც არ ცხოვრობდნენ ამ შესანიშნავ ქალაქში. „ბოლნელის“ შემადგენლობაშიც ამიტომ არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. მათ ანსამბლში მოაქვთ არა მარტო თავიანთი კუთხის კოლორიტი, არამედ მისი ტრადიციების ცოდნა და სპეციფიკური საშემსრულებლო მანერა“._ ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი.

ქ. ბოლნისის ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი „ბოლნელი“ ანსამბლის „კიდევაც დაიზრდებიან“ ფესვებიდან აღმოცენდა, რომელიც 1992 წელს ჩამოყალიბდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.  სახელწოდება „ბოლნელი“ ბოლნისის წარსულის ისტორიული წყაროებიდან არის ამოღებული. ანსამბლის დამაარსებელია საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი კობა ჟღენტი.

ანსამბლი “ბოლნელი“ საქართველოში ჩატარებული მრავალი ფესტივალისა და კონკურსების პრიზიორი და ლაურეატია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სახალხო დღესასწაულებსა და სამთავრობო ღონისძიებებზე.

ანსამბლს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები საქართველოს მრავალ რეგიონში, მის შესახებ ლაპარაკობს როგორც რაიონული და რესპუბლიკური, აგრეთვე იმ ქვეყნების მასმედიის საშუალებები, სადაც მას ჰქონია გამოსვლები.

ანსამბლ „ბოლნელის“  წინა  თაობამ, ნათლად წარმოაჩინა კობა ჟღენტის დაარსებული ქორეოგრაფიული სკოლის წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, რომელიც  მაღალი საშემსრულებლო დონით გამოდიოდა ფართო საზოგადოების წინაშე, კონკურსებსა თუ ფესტივალებზე როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამის დასტურია მათ მიერ მოპოვებული უზარმაზარი მიღწევები. ანსამბლის მდიდარ ბიოგრაფიას ამშვენებს: ,, ოქროს არწივი“, ,, ოქროს დაფნის რტო“, „ოქროს საწმისი“, ,,ოქროს მართვე-2000“, „ოქროს მართვე- 2006“ -ისა და ,,ბრავო-2006“-ის ლაურეატის წოდება, ოქროს მედლები, დიპლომები, სიგელები და სხვადასხვა პრიზები.

ანსამბლმა ასევე წარმატებით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში და უამრავი დიპლომით, პრიზებითა და საჩუქრებით ხელდამშვენებული დაბრუნდა სამშობლოში.

1995 წელს მიიღო ბულგარეთის ოცდამესამე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის პრიზი. 2000 წელს კი წარმატებით იმოგზაურა საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ სენ-მალოში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე.

2002 წელს კი ,,ბოლნელები“ ესტონეთში გამართულ გრანდიოზულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე  გაემგზავრნენ.

2007 წლის ზაფხულში  ესტონეთსა და ლატვიას ესტუმრნენ,   ხოლო 2008 წელს ანსამბლი საგასტროლო მოგზაურობით თურქეთს, საბერძნეთს, იტალიასა და საფრანგეთს  ეწვია.

2002 წელს   საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მიენიჭა ,,სახალხო ანსამბლის“ წოდება და დიდი ქართველი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის ფრიდონ სულაბერიძის სახელი.

2012 წელს „ბოლნელმა“ 20 წლის იუბილე იზეიმა. რუსთავში მოწყობილ საიუბილეო ღონისძიებაზე ანსამბლმა დიდი შრომის შედეგად განახლებული პროგრამა შესთავაზა მაყურებელს.

„ეს გახლდათ კავკასიური ცეკვების ზეიმი, ბრწყინვალე სანახობა იყო. დიდი მადლობა ბატონ კობას, ანსამბლი ჩემს სახელს ატარებს და ეს ჩემთვის დიდი პატივია“._განაცხადა ფრიდონ სულაბერიძემ  საიუბილეო ღონისძიებაზე.

გრანდიოზული საიუბილეო  ღონისძიების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში, „ბოლნელი“ აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა ჯერ სოლო კონცერტი, შემდეგ კი დამეგობრებულ აზერბაიჯანის ანსამბლთან ერთად ერთობლივი ღონისძიება შესთავაზა მაყურებელს. ბოლნისში დაბრუნებული „ბოლნელის“ ეს თაობა გარკვეული პრობლემების გამო დაიშალა.

„ჩვენს მიერ დადგმულ საიუბილეო გრანდიოზულ ღონისძიებას „კავკასიური ლეგენდა“ უწოდეს. ეს იყო მართლაც შთამბეჭდავი არა მარტო ცეკვით, არამედ თეატრალიზებულად, კოსტუმირებული სპექტაკლი, რომელიც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ასეთი პროგრამის განხორციელება დიდ ქალაქებშიც კი უჭირთ, თუმცა ამ ყველაფერს შევეჭიდეთ და ასე ვთქვათ, ჩვენს ამბიციას გავართვით კიდეც თავი. მეგონა ვისაც ხელეწიფებათ მსგავსი კულტურული სიმდიდრის ხელშეწყობა და შენარჩუნება, იქნებოდა გარკვეული თანამშრომლობა რათა გაგრძელება ჰქონოდა მას. მინდოდა ანსამბლი ყოფილიყო მუნიციპალური,  ეს იყო მართლაც ახლად დაბადებული განძი, რომლის გაქრობაც არ უნდა მომხდარიყო. ჩემი სურვილი იყო ბოლნისს ჰყოლოდა ზრდასრული ასაკის მოცეკვავეებით ჩამოყალიბებული თვალსაჩინო ანსამბლი, სადაც  ბოლნისში არსებული სხვა სტუდიების მოცეკვავეებსაც, შეეძლებოდათ გაეგრძელებინათ მოღვაწეობა და რომელთაც ხელფასის სახით ექნებოდათ ფულადი წახალისებაც. თუმცა ეს ოცნება, ოცნებადვე დარჩა, რაზეც ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებული დავრჩი. მას შემდეგ წამოვიდა ეს ახალი თაობა, რომლებსაც  ხელმძღვანელობენ ჩემი აღზრდილი მოცეკვავეები და საკმაოდ დიდი გეგმები აქვთ“._ აღნიშნა ანსამბლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა კობა ჟღენტმა.

ანსამბლ „ ბოლნელში“ აღზრდილია ხუთი თაობა და დღეს  მეექვსე თაობა აგრძელებს წარმატებისკენ სვლას.

ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი“, უკვე მეექვსე თაობის ახალი შემადგენლობით ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ფესტივალზე წარსდგა, რომელიც 2014 წლის 5 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. პატარა მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე სამი საკონცერტო ნომრით წარსდგნენ, რაც ამ ახალი თაობის ერთგვარი დებიუტი იყო დიდ სცენაზე.

,,ეს იყო უდიდესი გამოწვევა, რომელსაც კიდევ ერთხელ ღირსეულად გაართვა თავი ანსამბლმა ,,ბოლნელმა”, ოღონდ პირველად ახალმა თაობამ, რომელმაც არ დაარღვია ის ისტორიული წარმატებული ტრადიცია და შემოქმედებითი ხაზი, რომელიც ახასიათებდა და არჩეული ჰქონდა დღიდან დაფუძნებისა ხალხისთვის საყვარელ,  საამაყო ანსამბლს. ,,ბოლნელის” ახალი თაობის დებიუტი ქვეყნის პირველ საკონცერტო დარბაზის სცენაზე (ფილარმონიის დიდ სცენაზე) და თანაც უძლიერეს ანსამბლებთან ერთად არის კარგი დასაწყისი, ეს უკვე დიდი წარმატებაა, რომელიც სრულიად ბოლნისისათვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, გილოცავთ ბოლნისელებო!“ აღნიშნა   ანსამბლის ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა ლაშა ჟღენტმა.

ნინო კარგარეთელი

1 (252)

IMG_0973

IMG_0347

1 (256)

1 (8)

IMG_0601

1 (158)

1 (20)

1 (6)

Share.

Comments are closed.