21 მარტი თოჯინების თეატრის დღეა

0

10147945_684048668300016_53108822_oბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი 1992 წლიდან დამოუკიდებლად დაარსდა. 2005 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს კულტურის სახლში. ხშირად იმართება საბავშვო სპექტაკლები, რომელსაც ესწრება უამრავი მაყურებელი, პატარები და მშობლები კმაყოფილნი ტოვებენ დარბაზს. თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელია თამარ ბობოხიძე, რომელიც წლების განმავლობაში თეატრს საკუთარი ძალებით ამოქმედებდა. ჰყავს თანამოაზრეები და მათთან ერთად დღესაც წარმატებით საქმიანობს, ესენი არიან: მზევინარ ხომასურიძე, მანანა შეყილაძე და ნინო შაკიაშვილი. სპექტაკლის წარმატებით მიმდინარეობაში, ძალას და ენერგიას არ იშურებს მხატვარი ქეთევან წიკლაური, დეკორატორები და მსახიობები: გიორგი საცკოვი და დათო ამირიანი; მსახიობები და გამხმოვანებლები: სოფიო ხომასურიძე, ხათუნა იმერლიშვილი და მაკა აივაზაშვილი, ოპერატორი მაია მეტრეველი.

თითოეულ თოჯინას მართავს სამი მსახიობი. მთავარი მსახიობი (ოსტატი) პასუხს აგებს თავის და მარჯვენა ხელის მოძრაობაზე, მეორე მხოლოდ მარცხენა ხელზე, მესამე კი

10149579_684049021633314_638157309_o

ფეხებს ამოძრავებს. ვინაიდან ფეხებთან მუშაობა ყველაზე ადვილია, ყველა დამწყები მსახიობი აღნიშნული ამპლუით იწყებს კარიერას. ორი მეთოჯინე, ისინი ვინც მარცხენა ხელს და ფეხებს ამოძრავებენ, გრძნობენ თავისა და მარცხენა ხელის ფაქიზ მოძრაობას, იაზრებენ მას და მოქმედებენ შესაბამისად. შედეგად კი ვიღებთ თოჯინის ისეთ სიმეტრიულ მოქმედებას, რომელიც ცოცხალი ადამიანის მოძრაობაზე უფრო რეალურად გვეჩვენება.

ამ დროისათვის მოქმედი ზღაპრებია:  „სამი გოჭი“; „ ჭიჭინა და ჭიჭინელა“;  „გვიანი გაზაფხული“;  სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული;  „ბატის ჭუკი“; „კომბლე“; „ზღაპარი
შვიდ მხიარულ ბეკეკაზე“; „მიმი გადავარჩინოთ“; „ღიღიტოს თავგადასავალი“; „ნაცარქექია“; „მანანა სკოლაში მიდის“. მიმდინარეობს ახალ ზღაპარზე მუშაობა ,,ჟირაფების გადარჩენა”, რომელსაც ახლო მომავალში შესთავაზებენ მაყურებელს. თოჯინების თეატრის დასი პარალელურად ასევე დგამს ჩრდილების თეატრს, რომელიც წარმატებით ხორციელდება, სპექტაკლი დაიდგა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის მიზნით დაიდგა ფორუმ-სპექტაკლი ,,გზა მომავლისაკენ”. მაყურებელში ჩრდილების თეატრმა მოწონება დაიმსახურა. თოჯინების სპექტაკლები   ნაჩვენები იყო: ქუთაისში, ოზურგეთში, ბორჯომში, საგურამოში, მარნეულში. თოჯინების თეატრი იმართება მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სპექტაკლს, როგორც ბავშვები, ასევე უფროსი ასაკის მაყურებლებიც ესწრებიან. თოჯინების თეატრის დასი ხშირად სტუმრობდა  ბავშვთა სახლებს. აწყობდა საქველმოქმედო აქციებს. ორგანიზატორია  სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებების. იყო მიწვევით თურქეთში ქალაქ სამსუნში, ბავშვთა დაცვის დღისადმი ჩატარებულ ფესტივალზე _ სპექტაკლით ,,წითელქუდა”.

10148309_684048804966669_373571374_oსამომავლოდ თოჯინების თეატრი პატარებს მრავალ სიახლეს უმზადებს და კვლავაც ეპატიჟება მათი ასაკისათვის შესაფერის სპექტაკლებზე, „სპექტაკლები ყოველთვის აღმზრდელობით შინაარსს ატარებს და ვფიქრობთ უდიდეს წვლილს შევიტანთ მომავალი თაობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდაში“. _ აღნიშნავს თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი თამარ ბობოხიძე.

თოჯინების თეატრი საწყისს შორეული წარსულიდან იღებს, როდესაც ადამიანები აკეთებდნენ ღმერთების, ეშმაკებისა თუ სხვა არსებების გამოსახულებებს, უფრო სწორად, მათთან მიმსგავსებულ თოჯინებს (ძვლის, ქვის, თიხისა თუ ხისაგან), ამოძრავებდნენ, ალაპარაკებდნენ, აცეკვებდნენ, დაატარებდნენ ტახტრევანით, შეთხოვდნენ რაიმე მნიშვნელოვანს. ასეთი სცენები თანდათანობით ემსგავსებოდა თეატრალურ წარმოდგენებს. მოხეტიალე მეთოჯინეები პატარ-პატარა წარმოდგენებს ბაზრობებსა და მოედნებზე მართავდნენ. თანამედროვე თოჯინების თეატრში იყენებენ სამი სხვადასხვა სისტემის თოჯინას: 1) ძაფებიანი თოჯინები – მათ ამოძრავებენ ორი ან სამი ძაფებშებმული ჯვარედინი ჯოხისაგან შედგენილი მოწყობილობით, რომელსაც «ვაგუს» უწოდებენ. ასეთი სახის თოჯინებს ხშირად მარიონეტებს უწოდებენ, თუმცა ბევრ ქვეყანაში ასე უწოდებენ საერთოდ ყველა თეატრალურ თოჯინას; 2) ხელთათმანებივით ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინები; 3) ჯოხებიანი თოჯინები. მათ ამოძრავებენ თოჯინაში გაყრილი ცენტრალური, აგრეთვე დამხმარე წვრილი ჯოხების მეშვეობით. ძაფებიან და თითებიან თოჯინებს დიდი ხნის ისტორია აქვთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ჯოხიანი თოჯინები კი XX ს-ის დამდეგამდე გვხვდება, ისიც მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებში, უმთავრესად, ჩინეთსა და ინდოეთში იყო გავრცელებული, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგანაც საფუძველი თოჯინების თეატრის ხელოვნებას სწორედ ამ ქვეყნებში ჩაეყარა. საქართველოში თოჯინების თეატრის ელემენტებს შეიცავდა ქართული წარმართული წეს-სანახაობები. VII ს-ის დასაწყისში იმართებოდა რელიგიური შინაარსის წარმოდგენები, რომლებმაც თანდათანობით საერო ხასიათი შეიძინეს. ყოფით კომედიურ სიუჟეტებში ამხელდნენ სოციალურ უთანასწორობას, 

უსამართლობას. XIX ს-ის II ნახევარში ცნობილი იყო თოჯინების თეატრი «დედოფლების კარავი», 1934 წელს კი დაარსდა თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი. თოჯინების სახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს საქართველოში, ის ძირითადად არსებობდა როგორც საკულტო-რელიგიური ფენომენი და სახალხო სანახაობა. თანამედროვე ქართული თოჯინური ხელოვნება ხალხური საწყისიდან მომდინარეობს. 

Share.

Comments are closed.