წარმატებული სპორტსმენი

bolnisi.ge  აგრძელებს ინტერვიუს წარმატებულ სპორტსმენებთან. ამჯერად ნოდარ ბერიანის შესახებ გიამბობთ. მან 7 წლის ასაკში,  სოფელ ტანძიის სკოლის სპორტულ დარბაზში დაიწყო ვარჯიში. 2005 წლიდან კი, როდესაც ბოლნისში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა, იქ გააგრძელა ვარჯიში. გუნდი დაკომპლექტებული იყო ტანძიელი ბავშვებით. ნოდარი ძირითადად ძიუდოში ჭიდაობს, თუმცა  სამბოშიც და ქართულ ჭიდაობაშიც ხშირად უწევს ძალების მოსინჯვა. როგორც სპორტსმენის პირველი მწვრთნელი ამბობს იგი მრავალი ტურნირისა და რესპუბლიკური პირველობის გამარჯვებულია, როგორც ჭაბუკებს, ასევე ახალგაზრდებს შორის.

წარმატებული სპორტსმენი სტიპენდიანტია. ის ყოველთვიურად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფულად თანხას იღებს. ნოდარ ბერიანი საქართველოს მრავალგზის პრიზიორია სამბოში და ქართულ ჭიდაობაში. სპორტსმენმა გასულ თვეში ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 1990 წლის 20 იანვარს ქალაქ ბაქოში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, წარმატებით იასპარეზა. ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის 250-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ყველა შეხვედრა მოიგო. ორდღიან ტურნირზე წარმატებული აღმოჩნდა ნოდარ ბერიანის გამოსვლა, იგი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა საქართველოს პირველობაზე სამბოში. ხოლო ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე ქალაქ ზესტაფონში მეორე ადგილი აიღო. ნოდარი აქტიურად ვარჯიშობს და მონაწილეობის მიღებას აპირებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირზე.

 

Share.

Comments are closed.