შპს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ში დასაქმებული ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშის ხელფასი პირველი აპრილიდან 15%-ით გაიზრდება

0

1425754_508321785933579_1909816157_nკომპანია RMG -იმ ადმინისტრაციასა და საგაფიცვო კომიტეტს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა

კომპანიამ შეთანხმების პირობები კორპორაციულ გაზეთ „ RMG სიახლეები“-ს რიგით მეორე ნომერში გამოაქვეყნა. 

bolnisi.ge სრულად გთავაზობთ შეთანხმების პირობებს.

RMG Gold-სა და RMG Copper-ის ადმინისტრაციასა და საგაფიცვო კომიტეტს შორის მიღწეული შეთანხმების ძირითადი პირობები

  •  შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ში შეიქმნას შრომითი ურთიერთობების, საჩივრებისა და დავების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიები ადმინისტრაციისა და კომპანიის მუშაკთა (დასაქმებულთა) წარმომადგენლების პრიორიტეტული მონაწილეობით. აღნიშნული კომისიები შეისწავლის კომპანიის შრომით ურთიერთობებში წარმოშობილ პრობლემატურ საკითხებს, დასაქმებულთა მოთხოვნებს, პრეტენზიებსა და წინადადებებს, აგრეთვე კომპანიის მუშათა შორის არაეთიკური დამოკიდებულებების შემთხვევებს, მათ შორის რომლებიც უკავშირდება შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას დასაქმებულთა მიმართ.
  •  გაფიცვის დასრულებისთანავე სამუშაოზე აღადგენს 2014 წლის იანვარ-თებერვალში სამსახურიდან გათავისუფლებულ 80 დასაქმებულს მათი თანხმობის შემთხვევაში.
  •  დარჩენილი გათავისუფლებული მუშაპერსონალის სამსახურში დაბრუნება განხორციელდება კომპანიის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად. აღნიშნული კატეგორიის მუშაკებს გაფიცვის დასრულების დროიდან ორი კვირის განმავლობაში კომპენსაციის სახით მიეცემათ 2 (ორი) თვის ხელფასი, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო გაფიცვის შეწყვეტის მომენტიდან ორი თვის განმავლობაში დაუსაქმებლობის შემთხვევაში მიეცემათ დამატებითი კომპენსაცია 1 (ერთი) თვის ხელფასის ოდენობით.
  • დარჩენილი დასასაქმებელი მუშაკებიდან შედგება სპეციალური სია. კომპანიაში ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობა უპირველესად შეთავაზებული იქნება აღნიშნულ სიაში მყოფი, შესაბამისი პროფესიის (სპეციალობის) პერსონალთან დაკავშირებულ ვაკანსიაზე, რომლის შესაბამისი პროფესიის (სპეციალობის) მუშაკიც სპეციალურ სიაში არ იმყოფება.
  •  შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ში დასაქმებული ყველაზე დაბალანაზღაურებადი კატეგორიის მუშაკების ხელფასი გაიზრდება არანაკლებ 15%-სა 2014 წლის 1 აპრილიდან.
  • შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ის ადმინისტრაცია 2014 წლის 1 აპრილამდე აღმოფხვრის ცალ-ცალკე ამ საწარმოებში ერთი და იმავე თანამდებობაზე (პოზიციაზე) დასაქმებულ მუშაკთა (გარდა ინჟინერ-ტექნიკური და მმართველობითი პერსონალისა) ხელფასებს შორის არსებულ განსხვავებებს უფრო მაღალი ხელფასის დონემდე გათანაბრების მიზნით. გათანაბრება მათ შორის შეეხება 2014 წლის აპრილის თვის ხელფასებს.
  • შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ის ადმინისტრაცია 2014 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს ორივე საწარმოში ერთი და იმავე თანამდებობებზე დასაქმებულ მუშაკთა (გარდა ინჟინერ-ტექნიკური და მმართველობითი პერსონალისა) ხელფასებს შორის განსხვავების აღმოფხვრას უფრო მაღალი ხელფასის დონემდე გაზრდის მიზნით. აღნიშნული პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვისათვის, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მასში შრომითი ურთიერთობების, საჩივრებისა და დავების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიების სრულფასოვან მონაწილეობას.
  •   2014 წლის 1 ნოემბრიდან, კომპანიის მიერ მომდევნო წლის ფინანსურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავების პროცესში  შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ის ადმინისტრაცია დაიწყებს მოლაპარაკებებს დასაქმებულთა წარმომადგენლებთან (მათ შორის, პროფკავშირთან) 2015 წლისთვის ხელფასების მომატებისშესახებ. აღნიშნული პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, სამართლიანად და კეთილსინდისიერად, რისთვისაც მხარეები გაითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, აგრეთვე საერთაშორისო ბაზარზე კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ფასების დინამიკას, სამომხმარებლო ფასების ზრდას და ერთმანეთს მიაწვდიან კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის და წარმოების სამომავლო გეგმების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას კონფიდენციალობის დაცვის ვალდებუ¬ლების პირობით.
  •    შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ის ადმინისტრაცია განიხილავს და შეეცდება დააკმაყოფილოს კომპანიებში დასაქმებულთა ინდივიდუალური თხოვნები 2014 წელს განსაზღვრული საშვებულებო თანხების შვებულებაში გაუსვლელად გაცემისშესახებ, მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისად.
  •   შპს  შ.პ.ს RMG Gold-სა და ს/ს RMG Copper-ის ადმინისტრაცია თავისუფლდება წინამდებარე ვალდებულებების შესრულებისაგან დასაქმებულთა მხრიდან ინიცირებული სხვა გაფიცვით წარმოქმნილი ხელშემშლელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

კომპანიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელზეც აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხებენ. ასევე, ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება სპეციალური ყუთი, სადაც საწარმოს თანამშრომლებს მოსაზრებებისა და კითხვების წერილობითი ფორმით ჩაყრა შეეძლებათ. ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ არცერთი წერილი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

კომპანიის გამოცემის ამავე ნომერში კომპანია RMG-ის გენერალური დირექტორი სერგეი ეგანოვი მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელს, რომლსაც კომპანიისთვის  ყველაზე რთულ დღეებში არ მიუტოვებია სამუშაო და მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მაინც აგრძელებდა საქმიანობას.

„კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობა მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, თავდადებისთვის და გამბედაობისთვის, რომელიც კომპანიისთვის ამ ძნელ დღეებში გამოიჩინეთ.

ჩვენი სურვილია, საწარმოში დასაქმებული თითოეული ადამიანის ოჯახი იყოს ძლიერი და უზრუნველყოფილი. გვჯერა, რომ თუ ერთად ვიქნებით და საწარმო იმუშავებს მთელი დატვირთვით, თქვენი ოჯახი ბევრად უფრო ძლიერი იქნება.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ კომპანიაში არსებული რთული სიტუაციის დროს პინათლად ასრულებდით თქვენზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.“ – ნათქვამია სამადლობელ მიმართვაში.

Share.

Comments are closed.