უნებართვო თევზჭერა და ნადირობა მკაცრად გაკონტროლდება

0

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარემ და  წევრებმა ბოლნისელ მონადირეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა მოაწყვეს. მათ გააცნეს ფედერაციის არსებობის, დანიშნულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნული ფედერაცია უკვე ორი წელია არსებობს და მისი მიზანია საქართველოში სამონადირეო და სათევზაო სფეროს განვითარება და ბუნების კონსერვაციაზე მუშაობა. ამ კუთხით ფედერაციის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ყველა რეგიონში. ისინი ეცნობიან საქართველოს რეგიონებში არსებულ  ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელი იქნება სამონადირეო მეურნეობების მოწყობა. ფედერაციის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაათვალიერეს.

„ფედერაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დისველის ტერიტორია, ფოლადაურის ხეობა და ის ადგილები, სადაც შესაძლებელია  მოეწყოს სამონადირეო მეურნეობა და გამრავლდება ფრინველი და ცხოველი. აქ მოსული ტურისტი თუ უბრალოდ მოყვარული მონადირე გადაიხდის გარკვეულ თანხას, აიღებს ნებართვას, ინადირებს და ითევზავებს. ამასთანავე აიკრძალება უნებართვო ნადირობა და თევზაობა. დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები. შეიძლება ეს ვინმეს სასაცილოდ და არასერიოზულ გეგმად მიაჩნდეს, მაგრამ ათი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს ნასვამი ადამიანი საჭესთან ვერ დაჯდებაო, ჩვენც გაგვეცინებოდა, თუმცა ეს დღეს რეალობაა. შესაბამისად, მალე უნებართვოდ ნადირობა და თევზაობაც შეუძლებელი გახდება, რადგან სავალალო მდგომარეობამდე მივედით. თითქმის განადგურებულია თევზი და ნადირი. ამ ყველაფრის ძალაში შესვლამდე კი ჩვენთანაც შეიქმნება მუნიციპალური ფედერაცია, სადაც გაწევრიანდებიან მონადირეები, დასაქმდება ორი ადამიანი, რომელიც დაიცავს და ზედამხედველობას გაუწევს ბოლნისის ტერიტორიაზე უნებართვო თევზჭერასა და ნადირობას“_ აღნიშნა ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პეტრე დანელიამ. როგორც ფედერაციის წევრები აცხადებენ საქართველოში დანერგილია სამწუხარო პრაქტიკა, რაც ამა თუ იმ ნადირ-ფრინველის გადაშენების პირას მიყვანის შემდეგ გამოიხატება მასზე ყოველგვარი აკრძალვის დაწესებით, თითქოს აღნიშნული ობიექტის „წითელ ნუსხაში“ შეყვანით  იგი თავისით გამრავლდება.

ფედერაცია,  მისი თანამოაზრე ორგანიზაციები და პირები ფიქრობენ, რომ ფაუნის შენარჩუნებისა და შემდგომი გამრავლების მიზნით, საჭიროა აღწარმოება, ბიოტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა-განვითარება და არამარტო ბრაკონიერებისგან, არამედ მტაცებლებისგან მათი დაცვა, რისთვისაც აუცილებელია პირველ რიგში სამონადირეო დარგის  განვითარება. ნადირ-ფრინველის აღწარმოება დაკავშირებულია შესაბამის კაპიტალდაბანდებებთან და შემდგომ მიმდინარე ხარჯების დაფარვასთან. ქვეყანაში უნდა შეიქმნას კარგად განვითარებული სამონადირეო მეურნეობები, მათთვის საარსებო წყარო-ნადირ-ფრინველის აღწარმოება.

ნინო კარგარეთელი

Share.

Comments are closed.