საზოგადოებრივი ტუალეტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

0

საზოგადოებრივი ტუალეტი ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში უნდა არსებობდეს, მითუმეტეს ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტული მარშრუტებია. საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემის გამო უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლები პრეტენზიებს ხშირად გამოთქვამენ. ტურისტული სეზონის მოახლოვებასთან ერთად ეს საკითხიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი საზოგადოებრივი ტუალეტია, ორივე ქალაქ ბოლნისში. ამჟამად არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებს. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, საზოგადოებრივი ტუალეტები მარტის შუა რიცხვებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.  

ერთი ტუალეტი გეოლოგების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფედერალურ ტრასაზე, ბოლნისელებისთვის საამაყო სიმბოლოების, ბოლნური ჯვრებისა და ლომების გვერდით დგას. ერთი შეხედვით არც თუ ისე უსახურია შენობა, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია. ბოლნისელთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ის უადგილო ადგილზე დგას.

გთავაზობთ ნაწყვეტს „გაზეთი ბოლნისის“ 2013 წლის №2 ნომრიდან

ნარგიზა, 69 წლის, დიასახლისი:

_ ვის მოუვიდა შვილო აზრად ასეთი რაღაცის გაკეთება? თუ ჩემს სახელსა და გვარს არ გაახმაურებ, ერთ ამბავს მოგიყვები. იმ ზაფხულს, როცა ეს შენობა ააშენეს, აქ არ ვიყავი, რომ დავბრუნდი მეგონა რაღაცა სერიოზული პუნქტი გაიხსნა,   სამი დღე ზედიზედ დავდიოდი და კარზე ვაკაკუნებდი. ეჰ, ვინ გაგიღებდა შვილო, სერიოზული პუნქტი კი არა, ტუალეტი გაუხსნიათ, თანაც ფასიანი.  ფული ხალხს პურისთვის არ აქვს და ტუალეტისთვის ვინ გაიმეტებს? ისე კარგი მოსაფარებელი კი გააკეთეს. კორპუსში ვცხოვრობ და ხშირად ვხედავ შენობას ამოფარებულ გოგო-ბიჭებს, ბუნებრივ მოთხოვნილებებს რომ იკმაყოფილებენ.

ვახტანგი, 52 წლის, ტაქსის მძღოლი:

_ჩემი აზრით სირცხვილია ეს შენობა ასეთ თვალსაჩინო ადგილზე რომაა, მე ტაქსის მძღოლი ვარ და ხშირად მიწევს მგზავრების ჩამოყვანა თბილისიდან, ისეთი მგზავრებიც მყოლია, ვინც პირველად იყო ბოლნისში და აღუნიშნავთ, რა უადგილო ადგილზეა აშენებულიო. ბოლნისელებს ჰკითხეთ,  ერთ ადამიანსაც კი ვერ ნახავ, რომ მოსწონდეს ამ სულელური შენობის არსებობა.

პეტრე დანელია, ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

_ გეოლოგების დასახლებაში მდებარე ბულვარზე, სადაც ბოლნური ლომები ამაყად დგანან, სასაცილოა ასეთი სულელური შენობის არსებობა. მე ნაწილობრივ გარკვეული ვარ ამ საკითხში და მაშინ, როდესაც ეს მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, წინააღმდეგი ვიყავი  შუა გზაზე ტუალეტის აშენების, მაგრამ სამწუხაროდ არ გაითვალისწინეს ჩემი აზრი და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი ხარჯებით ააშენა. ჩვენი ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს ტუალეტი, რომელიც ჯერ ექსპლუატაციაშიც კი არაა შესული, გათვალისწინებული იყო ტურისტებისათვის, ამიტომ მოხარული ვიქნები მოხდეს ადგილის გათავისუფლება.

რომან აბდუშელიშვილი, გეოლოგების დასახლებაში მცხოვრები, არქიტეტორი:

_ მე აქვე, ბინებში ვცხოვრობ, როდესაც ტუალეტის მშენებლობა დაიწყო ორივე ბინის მცხოვრებლები გამოვედით და სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ ვინ დაგიჯერა? გვითხრეს პრეზიდენტის ბრძანებით ვაკეთებთ, ტურისტებზეა გათვლილიო. ამ შუა გზაზე არც მანქანის გასაჩერებელი ადგილია და არც ტუალეტს ემჩნევა, რომ ტუალეტია. ერთი სიტყვით, ციდან რომ ჩამოვარდება კომეტა და უადგილო ადგილას დაეცემა, ეგრეა ეს ტუალეტიც. ჩემი მეზობლების სახელითაც გეტყვით, რომ რაც შეიძლება მალე აიღონ ეს შენობა. ამას კატეგორიულად მოვითხოვთ, იმედი მაქვს გაითვალისწინებენ და ამ სიმახინჯეს მოგვაშორებენ.

ამ მასალის მომზადებისას შენობა ჯერ კიდევ ნორმალურ მდგომარეობაში იყო, ამჟამად კი გარე ფასადი დაზიანებულია, დამტვრეულია ფულის ჩასაყრელი ყუთები, რა ხდება შიგნით, ნამდვილად არ ვიცით, კარი დაკეტილია.

ტუალეტ1რაც შეეხება მეორე საზოგადოებრივ ტუალეტს, მასთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შენობა, რომელიც 2002 წელს აშენდა და  ზარზეიმით, ლენტის გაჭრით გაიხსნა, თავის დანიშნულებას თითქმის 10 წელი ასრულებდა. 2006 წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. როგორც ამბობენ ის ტერიტორიულად საჭირო ადგილზე დგას.  სარგებლობა 20 თეთრი ღირდა, რაც ექსპლუატაციისთვის საკმარისი იყო, ჰყავდა მომვლელი, რომელიც ზრუნავდა მის მოვლა-პატრონობაზე. თუმცა 2 წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ ტუალეტის კარიც ჩაიკეტა.

Share.

Comments are closed.