პირველი აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების შევსება დაიწყება

0

მოქალაქეები, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციების შევსებას პირველი აპრილიდან დაიწყებენ. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქემ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე WWW.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, პირადი ნომრისა და საბანკო რეკვიზიტების მითითებით, ელექტრონული დეკლარაცია უნდა შეავსოს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაინტერესებული პირი ინფორმაციას დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ, იქვე მიიღებს.

კანონის შესაბამისად აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე ერთ კვირაში გააქტიურდება.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ  მოქალაქეს, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკან მაქსიმალური თანხა 360 ლარი დაუბრუნდება.

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა დაუბრუნდება.

„დაქირავებულს უფლება აქვს, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების და თანხის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 სექტემბრისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია  დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ. საგადასახადო ორგანოსთვის საანგარიშო თვის მიხედვით დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით, ანდა არასწორი მონაცემებით წარდგენა, რამაც გამოიწვია დაქირავებულისთვის დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება, იწვევს ინფორმაციის წარმდგენი პირის დაჯარიმებას“. _ აღნიშნა ბოლნისის შემოსავლების სამსახურის მომსახურების  დეპარტამენტის   უფროსმა ოფიცერმა თამუნა ბაკურაძემ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, 25 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსდა ვიდეორგოლი დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. ვიდეორგოლი ასევე  განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge.

Share.

Comments are closed.