ბოლნისის საბავშვო ბაღებში ჰელმინთოზებზე სკრინინგული კვლევა მიმდინარეობს

0

ელმინთოზებზე კვლევას ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი ახორციელებს. კვლევა 17 მარტს დაიწყო,  დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება და  დასრულების შემდეგ  მოხდება ყველა ბავშვის ერთდროული მკურნალობა. გარდა ამისა პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაუტარდება ბაღებში მომუშავე პერსონალსაც.

მარეხ კახნიაშვილი, მშობელი:

_ ეს პროგრამა უმთავრესია.  მნიშვნელოვანია, რომ უფასოდ კეთდება გამოკვლევები და თუ მედიკამენტებსაც მოგვცემენ, რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდება. ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი ჯდება მკურნალობა,  რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს.

რუზანა შამიანი, მშობელი:

_ არ ვიცოდი თუ ჰელმინთოზებზე იკვლევდნენ  ბავშვებს. მე პროფილაქტიკის მიზნით ხშირად ვუტარებ ჩემს შვილს როგორც  გამოკვლევას, ასევე შესაბამის მკურნალობას, თუმცა ამას ბაღშიც თუ მიექცევა ყურადღება, რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები.

ჯუნა ალაგარდაშვილი, მშობელი:

_ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც რაც არ უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები, პატარებს ხშირ შემთხვევაში მაინც აღმოაჩნდებათ ჰელმინთოზები, რაც დიდი პრობლემაა ყველა მშობლისთვის. ამ დაავადების წინააღმდეგ გატარებულ ყველა ღონისძიებას მივესალმებით. ბავშვების ერთდროულად მკურნალობა ცოტა ხნით მაინც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს.

რა დაავადებაა ენტერობიოზი, როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან და რა მდგომარეობაა გასული წლის კვლევებით ბოლნისის ბაღებში ამ კუთხით, ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი მაკა მამარდაშვილი:

_ როგორც ვიცით გასულ წელსაც ჩაატარეთ ბაღებში ენტერობიოზურ ჰელმინთოზებზე კვლევა. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ბავშვებში და რამდენად აუცილებელია ამ პროგრამის განხორციელება?

_ ჰელმინთოზებზე სკრინინგული კვლევის დაწყება აუცილებლად მივიჩნიეთ, რადგან გასული წლების სტატისტიკური მონაცემები ძალიან მძიმეა. საბავშვო ბაღების ბავშვთა 50-70% დაავადებული იყო ჰელმინთოზებით. ვფიქრობ, არც წელს იქნება ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა, ამიტომ დავიწყეთ წელსაც ეს პროგრამა. ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში კვლევა დასრულებულია, ვაგრძელებთ მუშაობას დარჩენილ 11 ბაღში. მიდიან ჩვენი სპეციალისტები,  იღებენ ანალიზებს, შემდგომი კვლევა კი გრძელდება საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში. პასუხების მიღების შემდეგ გადავალთ პროგრამის მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს დაავადებული ბავშვებისა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების მედიკამენტებით მკურნალობას. მესამე ეტაპი ითვალისწინებს ბაღებში მომუშავე პერსონალისა და მშობლების ინფორმირებას აღნიშნულ დაავადებაზე, ყურადღებას გავამახვილებთ პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით და ვფიქრობ, რომ მიმდინარე პროექტი წარმატებით დასრულდება.

_ ეს პროგრამა ერთჯერადია?

_ 2014 წლის პროგრამაში უფასო გამოკვლევები და მედიკამენტებით მკურნალობა ჩადებული გვაქვს ორ ეტაპად, ერთი უკვე მიმდინარეობს, მეორე კი განხორციელდება წლის მეორე ნახევარში.  მშობლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ რისკ ჯგუფებში, რომლებსაც წარმოადგენს 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, აუცილებელია ექვს თვეში ერთხელ ჰელმინთოზებზე კვლევა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა.

_ რა არის ენტერობიოზი?

_ ენტერობიოზი _ პარაზიტულ დაავადებათა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ჰელმინთოზია, რომლის გამომწვევიც არის თეთრი ფერის წვრილი ჭია _ ენტერობიუსი, მეორენაირად კუდმახვილა, რომელიც ცხოვრობს ადამიანის ნაწლავში. ძირითადად ღამით გამოდის გარეთ, კვერცხებს დებს პერიანალური ხვრელის ირგვლივ ნაოჭებში.

_ ვინ შეიძლება დაავადდეს ენტერობიოზით?

_ დაავადების წყაროს წარმოადგენს მხოლოდ დაავადებული ადამიანი.  გამომწვევი საკმაოდ გამძლეა გარემო ფაქტორების მიმართ. ენტერობიოზის კვერცხები გარემოში ცხოველუნარიანობას ინარჩუნებენ 25 დღემდე.  ხშირად კვერცხები შეიძლება იყოს თეთრეულზე, სათამაშოებზე, ხალიჩაზე, აბაზანაში, საპირფარეშოში, კარის სახელურზე.

_ ვინ შეიძლება დაავადდეს ენტერობიოზით?

_ ენტერობიოზით შეიძლება დაავადდეს ყველა, განურჩევლად ასაკისა, თუმცა დაავადების ძირითად რისკს წარმოადგენენ 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები.

_ როდის უნდა გამოვიკვლიოთ ენტერობიოზზე?

__ როცა გამოხატულია ენტერობიოზის შემდეგი ძირითადი სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ხშირი გულისრევა და პირღებინება, ნაწლავის ფლორის დარღვევა, დაღლილობა, გაღიზიანება, მოუსვენარი ძილი, ძილში კბილების კრაჭუნი, ალერგიული მოვლენები, ქავილი უკანა ტანის (პერიანალურ) არეში, ხშირად ითვლება დაავადების ძირითად სიმპტომად. გაძლიერებული ნერწყვის დენის გამო დილაობით ბალიში აქვს სველი. საყურადღებოა, რომ ინვაზირებული ბავშვებიდან მხოლოდ ყოველ მესამეს აქვს გამოხატული სიმპტომები (ენტერობიოზის ნიშნები), უმრავლესობას აღენიშნება მისი ფარული მიმდინარეობა. ამდენად საჭიროა რისკ ჯგუფებში 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკური კვლევა ჰელმინთოზებზე 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც.

_ რა გართულებები ახასიათებს ენტერობიოზს?

_ ბავშვის ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტები მრავალ არასასურველ ცვლილებას იწვევენ. ისინი ორგანიზმზე მოქმედებენ: კონკურენტული ზემოქმედებით ისინი ართმევენ ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარკვეულ მარაგს, ასევე შეიძლება გამოიწვიონ ანემია. მექანიკური მოქმედების შედეგად ვითარდება ისეთი გართულებები, როგორიცაა ნაწლავის გაუვალობა და სისხლდენა. ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია ბავშვის გაღიზიანება, ღებინება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება და სხვა. ალერგიული მოქმედების შედეგად ავადმყოფს აღენიშნება გამონაყარი და ბრონქოსპაზმი. ენტერობიოზით დაავადებისას ვითარდება იმუნიტეტის დაქვეითება და ბავშვის ჩამორჩენა ზრდასა და წონაში. ხშირად გამოხატულია შარდ-სასქესო ინფექციები, გოგონებში ხშირია საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, აპენდიციტი, უკანა ტანის არეში კანის ანთება (დერმატიტი), უკანა ტანის ხვრელის ირგვლივ ნახეთქები _ ქავილი, ღამით შარდის შეუკავებლობა.

_ როგორ დავიცვათ თავი ენტერობიოზისაგან?

_ თუ თქვენი ბავშვის ქცევაში შეამჩნიეთ ცვლილებები:  ხშირად არის გაღიზიანებული, უხალისო, ცუდად სძინავს, იტკივებს მუცელს და თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ იგი ჭიებით დასნებოვნდა, მიმართეთ ექიმს. ექიმის კონსულტაციისა და მკურნალობის პარალელურად დაიცავით შემდეგი წესები: პირადი და საზოგადოებრივი პრევენცია. ბავშვი მიაჩვიეთ პირად ჰიგიენას. გადააჩვიეთ პირში თითებისა და სათამაშოების ჩადებას. ფრჩხილების კვნეტას, მოკლედ დააჭერით ფრჩხილები. ღამით ჩააცვით მოხერხებული ტრუსები, რომელიც დაუთოებული იქნება ცხელი უთოთი. ხშირად გამოუცვალეთ ლოგინს თეთრეული და დააუთოეთ ცხელი უთოთი.

რეგულარულად დაალაგეთ ბინა (საბავშვო ჯგუფი) სველი წესით. გამოიყენეთ მადეზინფიცირებელი სარეცხი და საწმენდი საშუალებები. დაბანეთ ხელები ხშირად (ქუჩიდან შემოსვლის და საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ). ჩაუტარეთ დეზინფექცია ბავშვის პირად ნივთებს (სათამაშოებს, სასკოლო ნივთებს). საკვებად გამოიყენეთ თერმულად კარგად დამუშავებული საკვები, არ დაალევინოთ წყალი ღია წყალსატევებიდან.

 

ნინო კარგარეთელი

Share.

Comments are closed.