ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ალექსანდრა ობოლაძემ მოადგილეებთან ერთად სოფელი დარბაზი მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად ადგილობრივები ყოფილი სკოლის შენობაში შეიკრიბნენ. ალექსანდრა ობოლაძე ამ სოფელს უკვე რამდენჯერმე ესტუმრა. ადგილობრივები წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი 57 000 ლარით შიდა ცენტრალური გზის მოასფალტებას ითხოვენ. გასულ წელს აქ შიდა გზები მოიხერეშა, თუმცა მოსახლეობა აცხადებს, რომ პროექტმა არ გაამართლა, ვინაიდან ხრეში წვიმამ ჩარეცხა.
გარდა გზის საკითხისა, 840 კომლიან სოფელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აწუხებს. მათ შორისაა მოძველებული ელექტრო გადამცემი ბოძების შეცვლა და არსებული სასაფლაოს გაფართოება.
სოფლის უხუცესებმა ალექსანდრა ობოლაძესთან საუბრისას განაცხადეს, რომ სოფლის მოსახლეობის 30%-ს სასმელი წყალი არ მიეწოდება. სოფელ დარბაზის მაცხოვრებლები პრიორიტეტად თვლიან საჯარო სკოლაში ქართული სექტორის გახსნას, რათა აზერბაიჯანული მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში სათანადო ინტეგრაცია მოხდეს. მათი თქმით, ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ სოფელში საბავშვო ბაღიც გაიხსნას.
დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ მამაკაცები მივიდნენ, რომლებმაც სოფლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სოფლის ექიმის საკითხი დააყენეს. ისინი ერთხმად ახცადებენ, რომ სოფელში არსებული ამბულატორია თითქმის 10 წელია უფუნქციოდ არის დარჩენილი. მათივე თქმით, სოფლის ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის და მიღების დღეები მათთვის უცნობია. სოფელ დარბაზის მოსახლეობა ამბულატორიული მომსახურებისთვის ახლომდებარე ფოცხვერიანს აკითხავს.
,,სოფელ დარბაზში ბოლოს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ვიყავი, სადაც მოსახლეობამ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. დღეს მოადგილეებთან ერთად მოვედი და მოვისმინე ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივების დღის წესრიგში დგას. განვიხილავთ ყველა ამ საკითხს და მათი გადაჭრის გზებს მუშა პროცესში გამოვნახავთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

Share.

Comments are closed.