საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით 15 788 ბოლნისელი ისარგებლებს

0

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტი“  დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში  15 788, ხოლო საქართველოს მასშტაბით 800 ათასამდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.  პროექტის ბიუჯეტი  90  მილიონამდე ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარი ფართობის  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს  ფერმერები ისარგებლებენ  საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“.

აგრობარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელთან; მას შესაძლებლობა ექნება სასურველი პროდუქტი მიიღოს ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 1 თებერვალს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

Share.

Comments are closed.