რა მოთხოვნები ჰქონდათ RMG Gold-ისა და RMG Cooper-ის თანამშრომლებს კომპანიის ხელმძღვანელობასთან და რატომ მოხდა მათი გათავისუფლება

0

„კომპანია იძულებული გახდა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა რამდენიმე ათეული თანამშრომელი.“ – RMG- თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობენ 

ორი დღეა დაბა კაზრეთის ცენტრში RMG Gold-ისა და RMG Cooper-ის  გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აწყობენ. როგორც აცხადებენ უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ და მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ. კომპანიამ 30 იანვარს 160 ადამიანი გაათავისუფლა. ისინი ხელფასების მატებას, სამუშაო პირობების  და სადაზღვევო პაკეტის  გაუმჯობესებას ითხოვდნენ. საწარმოს თანამშრომლებმა ნოემბრის თვეშიც იგივე მოთხოვნებით მიმართეს  ხელმძღვანელობას, საქმეში პროფკავშირებიც ჩაერთო. ადმინისტრაცია მათ შრომის პირობების და უსაფრთხოების ნორმების ამაღლებას, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას და  უვადო ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა, რომელიც ორი თვის ვადაში უნდა შესრულებულიყო. მუშების თქმით დაპირება დაპირებად დარჩა. ისინი ორი თვის მანძილზე აქტიურად იყვნენჩართული დიალოგის პროცესში, პროფკავშირებმა და თანამშრომლებმა 2014 წლის 23 იანვარს შეხვედრა გამართეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან. „გენერალურ დირექტორს თანამშრომელთა მოთხოვნები გავაცანით, მოგვისმინეს და დაგვპირდნენ რომ 156 ადამიანს, რომელებიც ერთ პოზიციაზე მუშაობდნენ, მაგრამ განსხვავებული ხელფასი ჰქონდათ, ანაზღაურებას  გაუთანაბრებდნენ. შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ თანამშრომელთა მასიური გათავისუფლება დაიწყეს. ჩვენ დავიცავთ მუშების უფლებებს და კანონის ფარგლებში გავაგრძელებთ მოქმედებას. ვაპირებთ სარჩელის შეტანას სასამართლოში“_  განაცხადა RMG Gold-ის პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი რთველაძემ.

ზურიკო ბერიძე,  გათავისუფლებული თანამშრომელი:

– მონებივით გვექცეოდნენ, ჩაგვრა და ზეწოლა იყო მუდამ, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა. მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ვითხოვდით და შედეგად კი გათავისუფლება მივიღეთ.  ადმინისტრაციამ დაგვირეკა და 20 იანვარს თბილისში წასვლა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა დაგვავალა საყდრისთან დაკავშირებით. ჩვენ უარი განვაცხადეთ, მუშების გადასაწყვეტი არ არის,  გასცემენ თუ არა ნებართვას საყდრის-ყაჩაღიანის გადათხრაზე. ვფიქრობთ ჩვენი გათავისუფლების მთავარი მიზეზიც ეს იყო.

რევაზ მანაგაძე, გათავისუფლებული თანამშრომელი:

_ ხალხის მასიური გათავისუფლება დაიწყო. მონებივით გვექცეოდნენ, არანაირი პირობები არ გვქონდა, არც სპეცტანსაცმელს და არც რძეს გვაძლევდნენ, ვიწამლებით.  რატომ უნდა ავიტანოთ მძიმე ეკოლოგიური პირობები? ვითხოვთ გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოყონ კომისია. ხელოვნურადაა შექმნილი კრიზისი, საყდრისის გადათხრას ითხოვენ, ვითომ საწარმოში  ოქროს მარაგი არ აქვთ, სინამდვილეში აქ  25 წლის მარაგია, მაგრამ როგორც ამბობენ, საყდრისზე მაღალი ხარისხის შემცველი მადანიაო და   უფრო მეტად გამდიდრება გადაწყვიტეს.

ყოფილი თანამშრომლები საწარმოში შექმნილ კრიზისზეც საუბრობენ: „თვითონ ხელმძღვანელებს მაღალი ხელფასები აქვთ, საწარმოს მხოლოდ მუშებისთვის უჭირს. ამდენი ხნის მანძილზე გვაჩუმებდნენ, ეტაპობრივად იქნება ხელფასების ზრდაო, აღარ მოვიდა ეს ეტაპი. არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიბრძოლებთ  გამარჯვებისთვის“. _ აცხადებენ კომბინატის გათავისუფლებული თანამშრომლები.

ცირა მენთეშაშვილი, RMG Cooper-ის  პროფკავშირების თავმჯდომარე:

_ პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს დავაკისრებთ, რადგან აცხადებენ რომ კერძო კომპანიაა და ვერ ჩავერევით მის საქმიანობაშიო. ვფიქრობთ პასუხისმგებლობას იხსნიან თავიდან. სამინისტრომ უნდა მოძებნოს რაღაც ფორმა, რომ ამ ხალხს გვერდით დაუდგეს. პროცედურების დარღვევით მოხდა მათი გათავისუფლება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მათ უფლებებს, სანამ არ მოხდება ამ ადამიანების სამსახურში აღდგენა. ვფიქრობ საყდრისის გადათხრაზე უფლების მოპოვება ამ კუთხით უნდათ.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ თანამშრომლებს 30 იანვარს მიუვიდათ ბრძანება გათავისუფლების შესახებ.  38-ე და 37-ე მუხლების თანახმად კომპანია წარმოებას ამცირებს და შესაბამისად ამდენი მუშახელი არ სჭირდება.

ეკა ჯოჯუა, კომპანია RMG პიარ-კონსულტანტი:

_ კომპანია RMG-ში, ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე და შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,  აუცილებელი გახდა საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ცვლილება თანაბრად შეეხო, როგორც საწარმოო  და ტექნოლოგიურ პროცესს, ასევე მომსახურე და ადმინისტრაციის პერსონალს. გამომდინარე აქედან, კომპანია იძულებული გახდა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა რამდენიმე ათეული თანამშრომელი საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. თითოეულ გათავისუფლებულ თანამშრომელს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ოდენობით.

კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ განხორციელებული ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საწარმოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის თაობაზე გაკეთებულ  განაცხადთან, რომელიც წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა. აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო გაცილებით ადრე და გულისხმობდა თებერვლის თვეში ამ ცვლილებების დაწყებას.

იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და კვლავ საჭირო გახდება პერსონალის აყვანა, კომპანია მზად არის განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რათა სამსახურით დაკმაყოფილდნენ პირველ რიგში ყოფილი თანამშრომლები.

_ ქალბატონო ეკა, გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ დაგვირეკა და 20 იანვარს თბილისში წასვლა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა დაგვავალა საყდრისთან დაკავშირებითო…

_ ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუ.

აქციის მონაწილეების განცხადებით 14 თებერვლიდან მასიური გაფიცვა იგეგმება, გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას კომბინატში დასაქმებული მუშები გამოუცხადებენ. როგორც პროფკავშირები ირწმუნებიან სამუშაო პროცესი შეჩერდება კომბინატში, მუშები გაერთიანდებიან და იბრძოლებენ საკუთარი უფლებების  აღსადგენად.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.