ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ორი სოფელი მოინახულეს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის კრებების ჩატარება გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ორი სოფელი მოინახულეს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს განსახორციელებელი პროექტების გამოვლენა თავად მოსახლეობას მიანდეს. 
სოფელ ჭაპალაში, სადაც 489 კომლი ცხოვრობს, გასული წლის კრების ოქმის საფუძველზე, რიტუალების სახლის მშენებლობა განხორციელდა. სარიტუალო დარბაზი სახურავის ქვეშ მოქცეულია, მხოლოდ შიდა კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებაა დარჩენილი. თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივებმა ალექსანდრა ობოლაძეს განუცხადეს, რომ ამ პროექტის განხორციელება მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და რიტუალების სახლის დასრულებაზე უარს აცხადებენ. მოსახლეობის განცხადებით, სოფლის უმთავრესი პრობლემა სასმელი წყლის რეზერვუარის გასუფთავება და სარწყავი არხის რეაბილიტაციაა. სოფელს ასევე შიდა გზების კეთილმოწყობა სურს.
ჭაპალას შემდეგ ალექსანდრა ობოლაძე მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ მწყნეთში მივიდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
სოფელში მხოლოდ 279 ადამიანი ცხოვრობს. მწყნეთში გასულ წელს მოსახლეობამ ორი მოთხოვნა წამოაყენა: ჭაბურღილისა და სკვერის მოწყობა. ჭაბურღილის დამონტაჟება დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვინაიდან კერძო მესაკუთრის მცდელობის შემდეგ, 160 მეტრის სიღრმიდან წყალი ვერ ამოვიდა. ამიტომ მწყნეთში, თანხის სიმცირის გამო, სკვერი მოეწყო. წლევანდელ პრიორიტეტად კი ისინი სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციას ასახელებენ, რითაც ამ სოფელს აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგიდან მოეხსნება.
,,დღეს მოვინახულე ორი სოფელი, ჭაპალა და მწყნეთი. ჭაპალაში მართლა არის სერიოზული პრობლემა. წინა წელს სოფლის პროგრამით განხორციელდა რიტუალების სახლის მშენებლობა, რომელიც ბოლომდე არ არის დასრულებული. მოსახლეობა ამბობს, რომ რიტუალების სახლი მათი თხოვნით არ ყოფილა აშენებული, ამიტომ მის დასრულებაზე უარს აცხადებენ. ახლა რაც მოვისმინე, მათი სურვილი რეზერვუარისა და სარწყავი არხის გაწმენდა-შეკეთებაა. გზების რეაბილიტაცია მოხდება მაშინ, როცა სარწყავ არხს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. რიტუალების სახლის თემას კვლავ დავუბრუნდებით, რადგან უნდა ვნახო კრების ოქმი, ვინაიდან მოსახლეობა აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.
რაც შეეხება მწყნეთს, ერთდადერთი პრობლემა სასმელი წყლის საკითხია. წელს მილებს შევაკეთებთ და საკითხი ამოიწურება“- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

Share.

Leave A Reply