ფლორენციის უნივერსიტეტში რეზიდენტურის გასაგრძელებლად წასულს, ყველაფერი ისე არ დახვდა, როგორც ეგონა, საჭირო გახდა დამატებითი შემოსავლების მოძიება. იყო უამრავი დაბრკოლება, 14-16 საათიანი მძიმე შრომა, ახალი და რთული გამოწვევების პირისპირ მარტო ყოფნა, თუმცა მოთნიმებით, ენერგიის შენარჩუნებით, მომავლის იმედითა და რწმენით, ბოლნისელი ეკატერინე შამფრიანი დღეს იტალიაში საუკუნოვანი და საკმაოდ პრესტიჟული სარესტორნო ქსელის „ოსტერია დე ფორტუნას“ არტიზანული პასტის, ტკბილეულისა და პურის მიმართულების ხელმძღვანელია.
რა გზა გაიარა პროფესიით ექიმმა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ერთ დღეში, ამაზე ვრცლად გაზეთი „ბოლნისი“გიამბობთ.
-ყველაფერი ისე არ დამხვდა, როგორც მეგონა, აუცილებლად მჭირდებოდა შემოსავალი, ამიტომ, ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, სწავლა დავიწყე ენის შემსწავლელ სკოლაში, შემდეგი ეტაპი კი იყო სარესტორნო სივრცეში ჩართვა, პოზიცია – შეფის დამხმარე, რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადია. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო, ვერც იმას გეტყვით, რომ ყველა კეთილგანწყობით დამხვდა. იყო უამრავი სირთულე, მძიმე სამუშაო გრაფიკი, თუმცა ახლაც რომ იგივე ეტაპის გავლა მიწევდეს, არაფერს შევცვლიდი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ყოველი დღე იყო ჩემთვის გამოწვევა და წარმატებასთან ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი.
-ეკატერინე, დღეს შენ მუშაობ 100 წლიან რომაულ რესტორანში, რატომ გადაწყვიტე, პროფესიით ექიმმა, კულინარიულ სივრცეში მოგესინჯა ძალები?
-პირველ რიგში, პატარა ასაკიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი და ზოგადად, როგორც ამბობდნენ, „კარგი კულინარი“ ვიყავი. რაც შეეხება, თუ როგორ მოვხვდი, მათი წარმომადგენლობა იყო საქართველოში, სვანეთში, მათ გასინჯეს ჩემი მომზადებული პასტა და ძალიან მოეწონათ, რის შემდეგაც დამიტოვეს სავიზიტო ბარათი, სწორედ იტალიაში ყოფნისას დავუკავშირდი მათ და საცდელი ვადით ამიყვანეს რესტორანში.
-ეკატერინე, რესტორანი „ოსტერია დე ფორტუნა“ ცნობილია თავისი საფირმო და საუკუნოვანი ტრადიციული კერძებით, ეს ყველაფერი აიხსნება იმითაც, რომ მათ იტალიაში არა ერთი სარესტორნო ქსელი აქვთ, როგორ ფიქრობ, ადვილი იყო იქ მოხვედრა და შემდეგ, საპასუხისმგებლო პოზიცია?
-რა თქმა უნდა ძალიან რთულია მუშაობდე და ამზადებდე კერძებს, რომლის მენიუც 100 წლის უკან შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ რომაულ რესტორანში, საუკუნის მანძილზე, არც რამე კერძი დამატებულა და არც რეცეპტი შეცვლილა, ყველაფერი ისე ზედმიწევნით მზადდება, როგორც გახსნის დროს, პასტას ხელით ვამუშავებთ, რომელიც საკმაოდ შრომატევადია. ამ სარესტორნო ქსელში შინაგანაწესი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ცვლილებას და მოდერნიზებას. სწორედ, ამიტომ გვყავს დიდი მომხმარებელი.
-ეკატერინე, არტიზანული პასტის, ტკბილეულისა და პურის მიმართულების ხელმძღვანელის გარდა, როგორც ვიცი, სარესტორნო ქსელის გახსნაც გევალება.
-მე და შეფ ლუკას გვაქვს ჩვენი სარესტორნო სივრცის მასწავლებლის სტატუსი და ყველა ახალი თანამშრომელი, გადამზადებას კონკრეტულ ნაწილში გადის ჩვენთან, და ყველა ახალი ობიექტის გახსნა ჩვენ გვევალება.
-ეკატერინე, შენი ცხოვრება უცხოეთში რადიკალურად შეიცვალა, გაგვიმხელ წარმატების ფორმულას, რომელიც დაგეხმარა თავი დაგემკვიდრებინა ცნობილ რომაულ რესტორანში?
-ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ ქვეყანაში, თუ მას სწორად აქვს გზა არჩეული, უნდა იყო ცოტა მეამბოხე, უნდა გქონდეს მაქსიმალური მოთმინების უნარი, არ უნდა ჩაიქნიო ხელი იმედგაცრუებაზე და მეტი შემართებით შეეცადო მიუახლოვდე მიზანს.
-მე ვირჩევ ორაგულის პრინციპს, ვიცურო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.
-იღბალი, მაქსიმალური შრომა, გონებრივი შესაძლებლობებისა და ფიზიკური უნარების თანხვედრა და რეალიზაცია, რეალურ მოცემულობაში რაც გაქვს, არის ყველაზე დიდი იარაღი წარუმატებლობის წინააღმდეგ.
-ადამიანს თუ რაიმეს მიღწევა სურს ის აუცილებლად შეძლებს შრომის, მოთმინებისა და რწმენის დამხარებით.
მარინა გავაშელი
კიდევ მრავალი წარმატება????♥️