სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

წლების შემდეგ მაყურებლისთვის პირველად გაიღება ბოლნისის კინოთეატრი

,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად’’-ამ გზავნილს სოციალურ ქსელში უამრავი თანამოაზრის გამოხმაურება მოჰყვა.  მიზანი ერთია, ბოლნისში ორი ათეული წლის წინ ჩამქრალი ეკრანისა და კინოს აღდგენა, რამდენიმე გულანთებულმა ახალგაზრდამ საინიციატივო ჯგუფიც კი შექმნა და ასე ცდილობენ  შენობის გადარჩენას, კინოს დასაბრუნებად მათ  არაერთი აქტივობა  მოაწყვეს, ჯერ კიდევ 2014 წელს ბევრი დისკუსიითა და დიალოგით,  შეაგროვეს ხელმოწერები, რითიც შეძლეს შენობის დაბრუნება. კინოთეატრი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადმოსცა.შენობისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნების სურვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც აქვს, თუმცა შეფერხების მიზეზად არასაკმარისი რესურსი სახელდება. ქალაქის ცენტრში მდუმარედ მდგარი კინოთეატრის   გაცოცხლებასა და ახმაურებას ახალგაზრდები საკუთარი ძალებით ცდილობენ.  

,, ჰეშთეგი და მოწოდება სოციალურ ქსელშივერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის,ემსახურება ადამიანების და თანამოაზრეების  პოვნას და გაერთიანებას ერთი დიდი საერთო იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ბოლნისის კინოთეატრის საჭიროების და აღდგენის აუცილებლობას.  მრავალი მცდელობის შემდეგ ვფიქრობ, ვიმკით გარკვეულ შედეგებს. მოგეხსენებათ კინოთეატრის კონცეფციის შემუშავება და აღდგენა, არც თუ ისე ხანმოკლე და მარტივი პროცესია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ აქამდეც არა ერთხელ დაგვისუფთავებია შენობა და გაგვიმართავს ჩვენებები, 2014-წლიდან ამ საერთო იდეის გარშემო ვერთიანდებით გარკვეული საინიციატივო ჯგუფიწლების მანძილზე მრავალი აქტივობა დავგეგმეთ და განვახორციელეთ,  შევაგროვეთ 1 000-ზე მეტი ხელმოწერა, რათა კინოთეატრის შენობა დაბრუნებოდა ქალაქს, ასევე ვანდალიზმისგან დაზიანებული შენობა საკუთარი ძალებით დავასუფთავეთ, რის შემდეგაც დარბაზში ჩვენებებიც გავმართეთ. მოგეხსენებათ შენობაში დენი და კომუნალური გაყვანილობები  აღარ არსებობს, რის გამოც გვიწევდა პერიოდულად გვერდით მდებარე ორგანიზაციიდან დენის თხოვება, რაც თავისწილ დისკომფორტს გვიქმნიდა.  მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვახერხებდით ჩვენებების გამართვას ერთი კვირის მანძილზე.  დღეს კიდევ უფრო მეტი ვართ, რაც ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ ჩვენი სიმრავლეც და საზოგადოების ინტერესიც იმ მრავალწლიანი მუშაობის დამსახურებაა, რაც აქამდე გამოვიარეთ. საინიციატივო ჯგუფში ვართ ძირითადად 10-დან 15-მდე ახალგაზრდა, რომლებიც კოორდინირებულად ვგეგმავთ ყოველ შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯს და აქტივობას’’- აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვანო ერისთავმა.

ბოლნისის კინოთეატრი 1980-იანი წლების დასაწყისში აშენდა. როგორც ადგილობრივები  ყვებიან,  ფასადი ლეონიდ ბრეჟნევის მოზაიკით უნდა გაეწყოთ, მაგრამ სკკპცკ-ს პირველი მდივანი მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა და ექსტერიერზე საბოლოოდ სულხან-საბა ორბელიანის მოზაიკა დარჩა.

ზუსტი თარიღი, თუ როდის შეწყვიტა  კინოთეატრმა ფუნქციონირება არ ახსოვთ. სივრცემ დატვირთვა  რამდენჯერმე შეიცვალა,  პირველი რეკონსტრუქციის შემდეგ  მულტიფუნქციური შენობა გახდა, კინოთეატრის  უკანა ნაწილში ტელევიზია ფუნქციონირებდა, მალე რადიოც დაემატა. მთავარ დარბაზში კი  კარნავალი, საიუბილეო საღამოები, დისკოტეკები, საარჩევნო შეხვედრები იმართებოდა. აქ 2006 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებსაც უჩვენებდნენ. ცოტა ხნით ინტერნეტ კაფეც ყოფილა. თუმცა, ეს მცდელობები კინოთეატრის მდგრადი განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ დროებით ახმაურებული შენობა, ისევ  გამოიკეტა.

,,მრავალი წელია შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც საყრდენი კედელი და შიდა სივრცე ზიანდება, ასევე შენობა აქამდე დაუცველი იყო და ხშირად ხდებოდა ვანდალიზმის მსხვერპლი, ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ მზადება მომავალი აქტივობების განსახორციელებლად და დავასუფთავეთ შენობა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა   დეზინფექცია ჩაუტარა. ჩემი აზრით მსგავსი სივრცეების განვითარება,  საბოლოოდ  რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინებას შეამცირებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ვფიქრობ მსგავსი სივრცეების არსებობა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ხშირია შემთხვევა როცა ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები კინოს საყურებლად თბილისში ჩადიან და იქ იღებენ ამ თუ იმ სერვისს კინოსთან ერთად.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეგვიძლია ვიყოთ სხვებისთვის სამაგალითო და ვაჩვენოთ  გზა, როგორ განავითარონ საკუთარ მუნიციპალიტეტში მსგავსი მნიშვნელობის სივრცეები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის რეგიონს.  შენობას გააჩნია რესურსი რამდენიმე მიმართულებით იფუნქციონიროს, მისი არქიტექტურა და მოცულობა იძლევა შესაძლებლობას ერთ სივრცეში მოეწყოს კინოთეატრი, რომელსაც ერთ-ერთი ძირითადი დატვირთვა ექნება,  ასევე შესაძლებელია  ფოიეში კაფეს  და საბავშვო კუთხის  მოწყობაც’’, ამბობს ვანო ერისთავი.

ახალგაზრდებმა  უკვე გაწმინდეს შენობის გარე და შიდა სივრცე, ამ ეტაპისთვის   კინოთეატრი მზადაა კინოჩვენების გასამართად. წლების შემდეგ აქ პირველად მხატვრული ფილმის საჩვენებლად მაყურებლისთვის კვლავ გაიღება კარი. ,,ბოლნისის  კინოთეატრის მხარდამჭერი აქციის ფარგლებში 13 ივნისს 17 საათზე გიგა ლიკლიკაძის ფილმის ,,ღორის’’ ჩვენება გაიმართება, როგორც  საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, კინოთეატრი გააგრძელებს მხარდამჭერ კინოჩვენებების მოწყობას,  სწორედ ამ სახით ცდილობენ ახალგაზრდები ძველი მიტოვებული შენობა, მოქმედ კინოთეატრად გადააქციონ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები