ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
spot_img

,,წარმატებული სტუდენტური ცხოვრება, საქართველოდან გერმანიასა და ფინეთში”

სტუდენტური ცხოვრება ის პერიოდია, როდესაც საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების ფართო შესაძლებლობა გვეძლევა, ამ გზას კი ყველა თავისებურად გადის. თინათინ წერეთელი ერთ-ერთია იმ სტუდენტებიდან, რომლებმაც აკადემიურ გზაზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს, წინ გადაეშალათ პიროვნული და პროფესიული ზრდის მრავალი შესაძლებლობა და შეძლეს მათი უნიკალურად გამოყენება.

ცნობისმოყვარეობა, ამბიცია და შრომა – აი, რა ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული.

თინათინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს სოციალურ მუშაობას. იგი  გაცვლითი პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა, ამჟამად კი ფინეთში, ივასკულას უნივერსიტეტში  ეუფლება ცოდნას.

ამ ინტერვიუში  გვიზიარებს მის გამოცდილებას და შეხედულებებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ სწავლის შესახებ.

  • მოგესალმებით, შეგიძლიათ მკითხველს უამბოთ თქვენზე, როგორც წარმატებულ სტუდენტზე და საგანმანათლებლო ამოცდილებაზე?

-გამარჯობა, მკითხველო! სადღაც ვიღაცას წარმატებულ სტუდენტად ჩავუთვლივარ, ჰოდა, მეც ვეცდები შევიფერო და შეკითხვებს  ვუპასუხო.

ჩემი საგანმანათლებლო გზა კლასიკურად მოიცავს ბაღი-სკოლა-უნივერსიტეტის ეტაპებს. საბედნიეროდ, პირველი ორი დადებითად მახსენდება და ვცდილობ სტუდენტური გამოცდილებაც დატვირთული და მრავალფეროვანი მქონდეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ სოციალურ მუშაობას, ამჟამად კი ჩემთვის მეორე გაცვლით სემესტრს ვატარებ ფინეთში, ივასკულას უნივერსიტეტში. საშუალება მქონდა ერაზმუს + მობილობით გერმანიაშიც მესწავლა, რაც  ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად მახსენდება.  უნივერსიტეტის მიღმა ვარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და ერაზმუს სტუდენტთა გაერთიანების მოხალისე.

  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდნტი ხართ. რამ გიბიძგათ ამ ფაკულტეტზე ჩაბარებისკენ და ა გზა გაიარეთ იქამდე?

-2020 წელს დავამთავრე ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლა. ეს არც ისე შორი წარსულია და მახსოვს განცდა დაბალი კლასებიდანაც, როცა არ მინდოდა სკოლის გაცდენა, რადგან მეგონა, რაღაც მნიშვნელოვანს ვაკლდებოდი. ეს უკვე მოწმობს ალბათ იმას, რომ სკოლამ და კლასელებმა მოახერხეს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სიხარულით მივდიოდი. თუმცა, როგორც სკოლაში, ასევე სხვა ყველა კლასგარეშე აქტივობისას ვაწყდებით სიტუაციებს, როცა ან თავად გექცევიან უსამართლოდ, ან სხვას, ან სულაც ჩვენ ვიქცევით არასწორად. ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის და აბიტურიენტობისას ძირითადი ჩემი ინტერესი იყო პოლიტიკა და სოციალური მუშაობა. თსუ-ში ჩაბარებისას მალევე დავაფიქსირე სოციალური მუშაობა ძირითად მიმართულებად და იმედი მაქვს, მოვახერხებ გავხდე კარგი პროფესიონალი.

  • როგორც ახსენეთ, ფინეთში გაცვლით პროგრამაზე იმყოფებით, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. როგორ მოხვდით ამ პროექტში?

-ივასკულას უნივერსიტეტში მოვხვდი ერაზმუს + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, რაც მოიაზრებს ერთი სემესტრის განმავლობაში ფინეთში სწავლასა და ცხოვრებას. პროგრამაში ჩასართავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი, რომელიც მოიცავს ენის გამოცდის ჩაბარებას, აპლიკაციის შედგენასა და გასაუბრებას. ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში მობილობის შანსი გაჩნდა მოგვიანებით, თუმცა ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელის დახმარებით 1 დღეში მოვახერხეთ აპლიკაციების მომზადება.

  • გაგვიზიარ თქვენი გამოცდილება, რა ისწავლეთ საზღვარგარეთ ყოფნის განმავლობაში?

-ამ დროს არასდროს მახსენდება კონკრეტული საგანი ან რაიმე თეორიული ცოდნა, რაც გერმანიაში მივიღე, ან რასაც ფინეთში ვისწავლი. ყველაზე მთავარი გაცვლითი პროგრამით სწავლისას არის უნარების განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება. გერმანიაში ვისწავლე, რომ სტუდენტობა არ უნდა იყოს მოცული მხოლოდ სწავლით, ეს უნდა იყოს აღმოჩენებისა და ინტერესების გაჩენის ეტაპიც. გარდა ამისა, გარკვეული ხნით ქვეყნიდან წამოსვლა მეხმარება არამხოლოდ იმის აღმოჩენაში, რა შეიძლება იყოს საქართველოში უკეთესი, არამედ ასევე მახსენებს, რის გამო მიყვარს ჩემი ქვეყანა.

  • ფინეთი ცნობილია თავისი განათლების სისტემით. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი დეტალი, რაც ფინურ განათლებას  განსაკუთრებულად აქცევს?

-ფინეთში სწავლის დაწყების პირველ კვირას ძალიან ხშირად მესმოდა სიტყვა კეთილდღეობა(wellbeing – კარგად ყოფნა), რომელიც სოციალური მუშაობის სტუდენტისთვის უცხო ტერმინი ნამდვილად არ არის. ამან უბრალოდ დამაფიქრა იმაზე, რომ საქართველოში საგანმანათლებლო სივრცეში არ გეუბნებიან, რომ სწავლის პროცესი შენთვის უნდა იყოს სასიამოვნო. ფინური განათლება, ჩემი მცირეხნიანი დაკვირვებით, არის მხარდაჭერის პროცესიც.
ამას ემატება პირობები, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტს, იქნება ეს სტუდენტური საცხოვრებელი თუ შეღავათები საკვებზე.

განსხვავდება სასწავლო განრიგიც, ივასკულას უნივერსიტეტის შემთხვევაში, არის კურსები, რომლებიც სრული სემესტრის განმავლობაში არ მიმდინარეობს, ეს კი საშუალებას იძლევა კალენდარზე დატოვო მუშაობისა და დასვენების დროც.

  • შეგიძლიათ დაგვისახელოთ  კონკრეტულ კურს ან პროექტ, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თქვენს პიროვნულ ზრდაზე?

-განცდა მაქვს, რომ ყველა პროექტმა, კურსმა, წარუმატებელმა მცდელობებმაც კი იქონია გარკვეული გავლენა, უბრალოდ პროცესში ამას ვერ ვხედავდი. ერთ-ერთი პირველი  იყო გდანსკის ბიზნეს კვირა, რომლითაც მივხვდი, რომ საერთაშორისო გარემოში ყოფნა და არაფორმალურ სივრცეში სწავლა ძალიან მომწონდა. მახსენდება ახალგაზრდული იდეაც, რომელმაც დაკისრებული მოვალეობის იდეალურად შესრულებისკენ მიბიძგა. უნივერსიტეტების გარდა ბოლო დროის საყვარელი გამოცდილება იყო აისეკი(AIESEC), სადაც შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე მუშაობა მასწავლეს.

  • რა არის თქვენი ინტერესები სწავლის მიღმა, რომელსაც თავისუფალ დროს უთმობთ?

პასუხის გასაცემად ფიქრები გამირბის ხელოვნებისკენ. თეატრი არის ადგილი სადაც თან ვისვენებ, თან ვსწავლობ. მიყვარს პოეზია და ვცდილობ გავეცნო ქართულ ლიტერატურას. დაინტერესებული ვარ ენების შესწავლითაც , ცოტა უფრო სერიოზულად ვსწავლობ ინგლისურსა და გერმანულს, სამაიმუნოდ ფინურის კურსსაც გავდივარ ახლა.

თავისუფალ დროს, საუკეთესო შემთხვევაში, მეგობრებთან ერთად ვცეკვავ, ან უბრალოდ ვისვენებ.

  • რა გეგმები გაქვთ გაცვლითი პროგრამის დასრულებისა და წავლის დამთავრების შემდეგ? გაქვთ რაიმე კონკრეტული კარიერული მიზნები ან მისწრაფებები?

წამოსვლის შემდეგ ვუბრუნდები თსუ-ს და დავამთავრებ სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამას. უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა მიმართულებით ან სად მინდა მაგისტრის ხარისხის მოპოვება, თუმცა ვფიქრობ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ შევისვენებ და შევეცდები სოციალური მუშაკის სამუშაო გამოცდილება მივიღო. ძალიან მინდა აკადემიური უნარების გაუმჯობესება წერისა და კვლევების მიმართულებით.

მაქვს პატარა-დიდი გეგმები და ოცნებები, რომლებზეც როგორც წესი არ ვსაუბრობ, რადგან ასე უფრო უკეთ ვახერხებ მათ რეალიზებას.

  • არიან პროფესორები, მენტორები ან პიროვნებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თქვენს პროფესიულ ზრდაზე?  

-ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ მიმართლებს, ხშირად აღმოვჩნდები ხოლმე ისეთი ადამიანების გარემოში, რომლებიც თავიანთი საქმის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით,  საქმის უკეთ კეთებისკენ მიბიძგებენ. ჩემი დაკვირვებით, დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე ადამიანები, რომელთა მიზანიც ვინმეზე გავლენის მოხდენა არაა. ვგულისხმობ, თუ პროფესორი, თანაკურსელი ან მეგობარი საკუთარ ნიჭიერებასა და განათლებას ხაზს არ უსვამს და შენ გიტოვებს სივრცეს, ეს მასში აღმოაჩინო, ბევრად უფრო მეტს ისწავლი მისგან.
თუ კონკრეტულ პიროვნებაზე დაფიქრებისას მახსენდება ამ სიტყვათაგან რომელიმე: სამართლიანი, კრიტიკული, კეთილი, დახვეწილი, ძლიერი, ქარიზმატული; მაშინ ჩავთვლი, რომ მან ჩემზე გავლენა იქონია.

როგორც ხედავთ, არ მინდა კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელო, თუმცა შემიძლია გამოვყო მხოლოდ დედაჩემი – ქალი, რომელმაც ვერასდროს სახელს ვერ ვარქმევ რა მასწავლა, მაგრამ მასზე დაკვირვებით ძალიან ბევრი ღირებულება ჩამომიყალიბდა.

  • ბოლოს, რა გზავნილი ან რჩევა გსურთ დაუტოვოთ ახალგაზრდებს,  რომლებსაც სურთ წარმატებული კარიერის შექმნა და ხარისხიანი განათლების მიღება, რა სჭირდებათ მათ ამისთვის?

მეც ახალგაზრდა ვარ და ამიტომ მერიდება  თანატოლებს წარმატების ფორმულა, თუ რაღაც მსგავსი, გამოვუყვანო. რომც ვეცადო, ეს ფორმულა აბსოლუტურად ზუსტი მაინც არ გამოვა, იმიტომ, რომ განსხვავდება ადამიანებში წარმატების აღქმა.

რჩევა შემიძლია საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც, რომ ვიყოთ საქმის კეთების პროცესში გულწრფელი. არ მოგვერიდოს საკუთარ თავთან ვაღიაროთ, რომ ყველაფერი არ ვიცით. დასახული მიზნის მიღწევის ერთადერთ გზად ავირჩიოთ შრომა და  შევიყვაროთ მცდელობის პროცესი.

                                                       წარმატებას გისურვებთ!

                                                                                               მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები