,,ვესტუმრეთ იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლას, აქ საოცრად თბილი გარემო დაგვხვდა, გავეცანით მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებს, მოხიბლული და აღფრთოვანებული დავრჩით ამ ადამიანების მიერ შესრულებული ღონისძიებებით”,განაცხადა UNICEF- ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ემი კლანსიმ ბოლნისის სასულიერო სკოლაში ვიზიტის დროს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში პროექტ ,, ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და შევძლოთ უფლებების გამოყენება” ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, რომელიც UNICEF-ის აღმასრულებელ დირექტორის მოადგილესა და წარმომადგენლებს წარედგინა. გაწეული სამუშაოსთვის UNICEF -მა სკოლას ლეპტოპი და პროექტორი გადასცა. აღნიშნულ პროექტს ორგანიზებას უწევდნენ სკოლის დირექცია , ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად. პროექტის არსის, მიზნების , დაგეგმილი აქტივობების გაცნობის კუთხით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, განხორციელდა კვლევა თემაზე: რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ, როგორ და რა საშუალებით არის დაცული მათი უფლებები საკლასო გარემოსა და სკოლის საზოგადოებაში? ჩატარდა ისტორიის და მოქალაქეობის პედაგოგის ინტერაქციული ლექცია მოსწავლეებთან ადამიანის უფლებების ისტორიის შესახებ , სადაც ყურადღება გამახვილდა განვითარების იმ ძირითად ეტაპებზე, რაც გაიარა ადამიანის უფლებებმა.
,,ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდანვე მივაწოდოთ ინფორმაცია მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე. ძალადობის შემცირებისკენ უმთავრესი ნაბიჯები სკოლამ უნდა გადადგას და დაწყებითი საფეხურიდანვე დაიწყოს სწორი გზავნილების გაგზავნა. სწორედ ამ მიზნით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს ბავშვთა უფლებები და გამართეს პრეზენტაცია ,ნახატების გამოფენა და შექმნეს ვიდეორგოლი „ჩვენი უფლებები“. მოსწავლეებს ვესაუბრეთ იმის შესახებ ,რომ სამყარო კეთილია, ისინი მარტო არ არიან და მათ გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც ზრუნავს მათ განათლებაზე, ბედნიერებაზე, ჯანმრთელობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე. ყოველთვის მოიძებნება ის ადამიანი, ვინც დაგიცავს და დაგეხმარება სირთულეების დაძლევაში. პროექტის ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ World Vision in Georgia-ს თანამშრომელს, სოციალურ მუშაკს , მარიამ სულამანიძეს თემაზე: ,,ბავშვთა უფლებები გუშინ და დღეს ,” შეხვდნენ გაეროს მუდმივ წარმომადგენელს , ქალბატონ საბინე მახლს გაეროს ოფისში. ქალბატონმა საბინემ გამოკვეთა ძირითადი დაბრკოლებები ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით . გარდა ამისა, ბავშვთა უფლებებისა და ონლაინ სწავლების გამოწვევები საქართველოსა და გლობალურ დონეზე. მარიამ კაპანაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე : „ადამიანის უფლებები და გამოწვევები,“ ხოლო სოფო დარჩიამ თემაზე: „სამართალწარმოებაში მონაწილე არასრულწლოვნის უფლება.“ ერთ-ერთ აქტივობად გადავწყვიტეთ, რომ ფილმის სესია ჩაგვენიშნა. ბავშვებს ვაჩვენეთ მხატვრული ფილმი „უჩინარი ბავშვები,“ სადაც სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პრობლემა იყო ნაჩვენები. მათი საერთო იყო ის,რომ ყველგან ირღვეოდა ბავშვის უფლება. ფილმის დასრულების შემდეგ, გავმართეთ მცირე დისკუსია და განვიხილეთ თითოეული შემთხვევა. დღის მეორე ნახევარში, სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დავარიგეთ, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ბავშვთა უფლებებსა და სტატისტიკებზე. ამასთანავე, გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ნიკა თომასიანი უძღვებოდა. ბავშვებმა დაამუშავეს ქეისი, გაინაწილეს როლები და მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ნიკა თომასიანი, მედეა ანსიანი და ნინი გიორგობიანი. აღსანიშნავია, რომ პროცესმა ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ, სურვილი გაუჩნდათ,რომ მსგავსი ტიპის პროექტები, ხშირად გაიმართოს. 30 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში ,, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.“ კონფერენცია მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში მოსწავლეების კონპეტენციის ამაღლებას, საერთაშორისო მექანიზმებისა და პრაქტიკის ანალიზს. 20 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ორი მიმართულებით: ნახატებისა და კომიქსების და ესეების. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ VII-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანი იყო იმის გაგება, თუ როგორ წარმოედგინათ ბავშვებს, მათი უფლებათა რღვევა, ოჯახში ძალადობა, ნათელი, კეთილი სამყარო და ა.შ. თითოეულ ნაშრომში გამოჩნდება, მათი აღქმა რეალური ფაქტებისა. შეხვედრის დასასრულს , განხილულ იქნა სამომავლო გეგმები, რადგან პროექტი გაწერილია ერთ სასწავლო წელზე , შესაბამისად მიმოხილულ იქნა მოსალოდნელი პროექტები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინა მიქავამ.