ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეპირად გადმოცემული სიმღერა. როგორც ხშირად ამბობენ, ფოლკლორი ხალხური სიბრძნეა, იგი არ არის მხოლოდ ბგერათა ჰარმონია, მასში იკითხება შემსრულებელი ხალხის ზნეობა, მსოფლმხედველობა, წარმოდგენები.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, ,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022“ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში. ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ერთ-ერთი მათგანი კი ანსამბლი ,,ბოლნელა“ გახლდათ. ანსამბლის წევრები საკუთარ ქალაქს გამარჯვებულები დაუბრუნდნენ. გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულსა და გამოცდილებას ანსამბლის ლოტბარი – ნანა ვალიშვილი და მენეჯერი – მზეო მეფარიშვილი გაგვიზიარებენ.
- მოგესალმებით, ქალბატონო ნანა! ინტერვიუ სიახლეებით გვინდა დავიწყოთ – გილოცავთ საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე გამარჯვებას. როგორი იყო გზა პირველი ტურიდან გამარჯვებამდე და, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდით?
- მადლობა მოლოცვისთვის და დაინტერესებისთვის. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა. დებულების თანახმად, ფესტივალი სამ ტურად მიმდინარეობდა და მასში ფოლკლორის ყველა დარგი მონაწილეობდა: ხალხური მუსიკა, ტრადიციული გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. პირველი ტური გაზაფხულზე გაიმართა. დახურულ მოსმენაზე ანსამბლებს სამი სიმღერა უნდა წარედგინათ ჟიურისთვის. მეორე ტურში გადასვლამ ძალიან გაგვახარა, რადგან ამ ტურის ყველა მონაწილე ფესტივალის ლაურეატია. თუმცა, როგორც დასკვნით ტურში აღმოჩნდა, ჟიურიმ გამარჯვებულთა შორის “ბოლნელაც” დაასახელა, რაც მართლაც დიდი გამარჯვებაა – საუკეთესოთა შორის დავსახელდით. მადლობა ჟიურის და მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს ხელშეწყობისთვის.
- დიდი პასუხისმგებლობაა იყო ანსამბლის წევრი, თუმცა ორმაგად რთულია, როდესაც ლოტბარი ხარ, მოგვიყევით, ფესტივალის ფარგლებში, რა გამოწვევების წინაშე დადექით?
- ზოგადად, დიდი პასუხისმგებლობაა ანსამბლის ხელმძღვანელობა და მით უმეტეს, ისეთ მრავალეროვან რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია და კერძოდ, ბოლნისია. აქ გაჟღერებული ყოველი ქართული სიტყვა თუ სიმღერა, შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ჩაგდებული მარცვალია. თუმცა, ვფიქრობთ, სრულიად საქართველოს მასშტაბით გამართულ ფესტივალზე, გამომსვლელთა შეფასებისას, მაინც რეპერტუარსა და საშემსრულებლო ხარისხს ენიჭება უპირატესობა.
როგორც ეთნომუსიკოლოგმა, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალზე აშკარად შეინიშნებოდა ახალგაზრდული და საოჯახო ანსამბლების სიმრავლე, რაც კეთილსაიმედოობის გარანტია. ასევე საკმაოდ ბევრი იყო წარმოდგენილი ქალთა მონაწილეობით და ასევე შერეული ანსამბლები. რაც ასევე მნიშვნელოვანია – ქართველ ქალს მუდამ ჰქონდა თავისი სათქმელი ქართულ ფოლკლორულ ყოფაში, მარტოსაც და მამაკაცებთან ერთადაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდით და მადლობა ღმერთს, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები.
- რა პროგრამით წარსდექით ფესტივალზე?
- ჩვენ ვეცადეთ, ძირითადად ქართლური სიმღერები შეგვერჩია და გაამართლა კიდეც, რადგან ეს სიმღერები ერთი საუკუნის წინ, გიორგი სვანიძემ ჩაიწერა და თითქმის აღარავინ ასრულებდა. მართალია, “ბოლნელას” წევრები წარმოშობით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან (რაჭა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, სამეგრელო, ჯავახეთი…) და ჩვენც ყველა კუთხის სიმღერა გვაქვს რეპერტუარში, მაგრამ რადგან ქართლში ვართ, ქართლურს უპირატესობას ვანიჭებთ და ამჯერადაც, ამ მოტივით შევარჩიეთ საკონკურსო სიმღერები.
- ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში, ზეპირი ტრადიციით გადმოცემულ სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორ შეაფასებთ ფესტივალს და ფიქრობთ, რომ ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ?
- რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია: როგორც წესი, დროის ცვლილების შესაბამისად, იცვლება ფოლკლორული ყოფა, აზროვნება, რელიგია… ასეა დღესაც. ძველად, -თუნდაც ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, – ფოლკლორი ის იყო, რაც ზეპირად ვრცელდებოდა, ანონიმური იყო – ავტორს, პირველმთქმელს თითქმის არავინ იმახსოვრებდა – და ამიტომ ვარიანტებიც უხვად იქმნებოდა (როგორც მუსიკაში, ასევე ზეპირსიტყვიერებასა და ქორეოგრაფიაში). ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა: 21-ე საუკუნე ინტერნეტკომუნიკაციების საუკუნეა და დღეს, უკვე ლაპარაკი ანონიმურობაზე, თითქმის შეუძლებელია – ყველას ყველაფერი ხელისგულზე უდევს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფოლკლორი ცოცხლობს იმგვარ ყოფაში, როგორი მოცემულობაც დღეისათვის გვაქვს – ოჯახებში და სცენაზე, თუმცა, აქ ერთი საშიშროებაა – არ მოხდეს ფოლკლორის და მასკულტურის აღრევა და არატრადიციული, უგემოვნებო ნიმუშების შექმნა-დამკვიდრება. ამიტომ, თუ ტრადიციულსა და ღირებულს პოპულარიზაცია არ გაეწია, ასეთი ფესტივალების სახით, არავინ იცის, მომავალში რა შეგვრჩება ხელთ. მადლობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფოლკლორზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.
- როგორც მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი, რა ღონისძიებებს მიმართავთ, რათა ხალხური საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალობა არ დაიკარგოს და რამდენად გიწყობენ გუნდის წევრები ამაში ხელს ?
- ჩვენი მხრიდან, ფოლკლორულ-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა ალბათ იმაში ვლინდება, რომ არ ვერიდებით ჩვენი ხელოვნების პოპულარიზაციას – შინ თუ გარეთ. გოგონები მუდამ დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ხვდებიან ყოველ შემოთავაზებასა თუ წამოწყებას. პანდემიამდე მიწვეული გახლდით ლიეტუვაში, ტრადიციულ ფოლკლორულ ფესტივალზე „სკამბა, სკამბა, კანკლიაი“, სადაც ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი ქვეყანაც და ტრადიციული მრავალხმიანობაც. საქართველოს შიგნით ხშირად ვმონაწილეობთ მუნიციპალურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში. 27 მაისს, ანსამბლის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გავმართეთ სოლო კონცერტი ბოლნისის კულტურის ცენტრში, ხოლო შემოდგომაზე, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში – კონსერვატორიის მცირე დარბაზში…
- როგორ დაიწყო თქვენი და „ბოლნელას“ ,,ურთიერთობა“, რამდენი ხანია ანსამბლ “ბოლნელას” ლოტბარი ხართ ?
- “ბოლნელას” ლოტბარი, თუ არ ვცდები, 2014 წლიდან ვარ. როგორც იცით, დამაარსებელი და ხელმძღვანელი დეკანოზი ბასილ ახვლედიანია, რომელმაც მთხოვა თანამშრომლობა. 2013 წელს გავეცანი ანსამბლის წევრებსა და მათს შემოქმედებით შესაძლებლობებს, გარკვეული საპრეზენტაციო პროგრამაც მოვამზადეთ და შემდეგი წლიდან, უკვე ოფიციალურად, ლოტბარად დავინიშნე.
- რა სამომავლო გეგმები გაქვთ ანსამბლთან ერთად ?
- ჩვენი დიდი სურვილია, მოვაწყოთ საკონცერტო ტურნე საქართველოს მუნიციპალიტეტებში. ასევე გვინდა, განვახორციელოთ პანდემიით შეწყვეტილი გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე “ბალტიკა”… დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
როგორც ჩვენთან საუბარში მზეო მეფარიშვილმა აღნიშნა, მათი წარმატების საწინდარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც ემსახურებიან.
,,ჩვენი წარმატების საწინდარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც ვემსახურებით. ჩვენ კარგად გვესმის ტრადიციული ხელოვნების, ხალხური მუსიკის მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ამას გარდა, ალბათ, პროფესიონალური მიდგომა რეპერტუარისა და შემსრულებლობის პრიცნიპებისადმი. ჩვენ ვითვალისწინებთ მსმენელის ინტერესებს და ამავდროულად, მასის გემოვნების ამაღლებაზეც ვზრუნავთ. ვცდილობთ, სწორად დავანახოთ და მივაწოდოთ ფოლკლორის სიღრმე, მრავალფეროვნება და სიდიადე. ანსამბლში განსხვავებული შესაძლებლობის გოგოები არიან, ყველა ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, თუმც, მათ მთავარი რამ, ფოლკლორისადმი სიყვარული და სწორი მიდგომა აერთიანებთ“. – აღნიშნა მზეო მეფარიშვილმა.
მარიამ ონიანი