საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნაკრების ერთ-ერთი წევრი ზაზა მარტიაშვილია, რომელიც ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. ზაზას გამარჯვება ადასტურებს მის განსაკუთრებულ ოსტატობას და ასევე, შთააგონებს სხვა სპორტსმენებს, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ ზაზა მარტიაშვილის გამოცდილებასა და განვლილ გზაზე, რომელმაც იგი წარმატებამდე მიიყვანა.
- გილოცავთ ბირმინგემში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შთამბეჭდავ მონაწილეობას თქვენ და საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრებს! როგორი გრძნობაა, ასეთ პრესტიჟულ კონკურსში წარმატების მიღწევა?
პირველ რიგში, მოგესალმებით. მივესალმები თქვენს მკითხველს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბოლნისის მერს, დავით შერაზადიშვილს, მოლოცვისათვის. რა თქმა უნდა ,დიდებული გრძნობაა.
- შეგიძლიათ განვლილი გზა აღგვიწეროთ? თქვენი აზრით, რა იყო მთავარი მომენტები, რომლებმაც განაპირობა თქვენი წარმატება?
ვფიქრობ, ყველა წარმატების რეცეპტი გულმოდგინება და შრომაა.
შესაბამისად, მეც არ დამიზოგავს თავი.
- ალბათ, მაღალი კონკურენცია იყო. რა სტრატეგიები ან ტექნიკა გამოიყენეთ წარმატების მისაღწევად?
ჩვენს სპორტში მთავარია მაქსიმალური წონები აწიო და დაიცვა ის შესაბამისი წესები, რომლებიც თითოეულ მოძრაობაში არის დადგენილი.
- შეგიძლიათ აღწეროთ ის ემოციები, როცა გაანალიზეთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის პრიზიორი გახდით?
ეგ, მგონი, დღესაც არ მაქვს ბოლომდე გაანალიზებული
- მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მოითხოვს თავდაუზოგავ ვარჯიშს, შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი ვარჯიშის რუტინისა და მომზადების შესახებ?
კვირაში 4 დღე გვაქვს ვარჯიშისთვის გამოყოფილი. პარაცენტრის მანქანები გვაკითხავენ სახლში და დავყავართ დარბაზში. ასევე, წლის მანძილზე სამჯერ მაინც გვიწევს 20-დღიან შეკრებებზე ბაკურიანში წასვლა. შეკრებაზე როცა ვართ, იქ უფრო განსხვავებული რეჟიმი გვაქვს, ხანდახან დღეში ორჯერაც ვვარჯიშობთ
- შეგიძლიათ გაიხსენოთ, რაიმე შემთხვევა, როდესაც წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგხვდათ, რამ განაპირობა, რომ დარჩით მოტივირებული და არ დანებდით?
სირთულეები უხვად გვაქვს, განსაკუთრებით პანდემიის დროს გაგვიჭირდა. დარბაზები რომ დაიკეტა, ტაქსით დავდიოდით ჩვენს ტრენერთან სახლში.
ავტოფარეხში გვქონდა მოწყობილი სავარჯიშო სივრცე. მანქანებიც რომ აკრძალეს, ჩვენ მაინც არ დავნებდით და სახლის პირობებში შევიძინეთ შედარებით მცირე ზომის შტანგები, სკამებს ვალაგებდით, ზედ ვწვებოდით და მასე ვვარჯიშობდით. შემდეგ, ბოლნისი რომ იყო დაკეტილი, ვერ ვახერხებდი თბილისში ჩასვლას. ამიტომ, აქ ვვარჯიშობდი, სახლის პირობებში. ერთხელ პანდემიის გამო ჩაიშალა შეჯიბრი, ერთხელ კიდე უკრაინის ომის გამო. ძალიან ძნელია, სპორტსმენი ემზადება და შეჯიბრი არ არის. ეგ იყო ყველაზე სტრესული მომენტი, ალბათ.
- სპორტსმენებს აქვთ ხოლმე საკუთარ თავში ეჭვის მომენტები., ოდესმე გაგჩენიათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში? თუ ასეა, როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
თავიდან, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ეგ მომენტი, მაგრამ წონების დაძლევასთან ერთად, ეგ ეჭვიც დავძლიე.
- ვინ, ან რამ შთაგაგონათ შეგექმნათ თქვენი სპორტული კარიერა? არიან თუ არა სპორტსმენები, ან პიროვნებები, რომლებიც მისაბაძი მაგალითი არიან თქვენთვის?
ეს სპორტი საქართველოში, როგორც პარა სამჭიდი, არ არსებობდა. პირველი მერცხლები ვიყავით ჩვენ. ჩემამდე ცოტა ადრე ჩვენი მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი, დმანისელი მირიან ოგნაძე მივიდა და მალევე დადო შედეგები. მერე მეც გამიჩნდა მოტივაცია, შრომა არ შემეწყვიტა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე შთააგონებს სხვა უსინათლო სპორტსმენებს, აისრულონ თავიანთი ოცნებები?
რა თქმ აუნდა, ჩვენს მერეც ბევრმა გამოთქვა სურვილი ვარჯიშის დაწყების და ალბათ, გუნდშიც შემოგვემატებიან, თუ ჯანმთელობამ არ შეუშალათ ხელი.
ზოგჯერ მასეც ხდება, რომ ექიმი არ აძლევს რეკომენდაციას მძიმე წონებზე ივარჯიშონ, თვალის სხვადასხვა დაავადების გამო.
- სპორტში ბრწყინვალების მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის, როგორ ახერხებთ ვარჯიშისა და შეჯიბრებების დაბალანსებას თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებთან, რამდენად გრჩებათ თავისუფალი დრო?
ადრე უფრო მიჭირდა დროის გადანაწილება. უსინათლოთა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავჯდომარე ვიყავი 2021 წლამდე.თან უსინათლოთა ბენდში ვუკრავდი, მაგრამ პანდემიის გამო ბენდი დაგვეშალა და უსინათლოთა კავშირშიც პოზიცია შევიცვალე. ახლა ხმოვანი პროგრამების პედაგოგი ვარ და დისტანციურად ვასწავლი, ან თუ რაიმე ტექნიკური დახმარება დასჭირდათ. ასევე დისტანციურად ვუსწორებ კომპიუტერებსა თუ ანდროიდებს.
ასე რომ, ჩემი კომპიუტერით დავდივარ შეკრებებზეც და შეჯიბრებზეც .
ამიტომ, არ მიჭირს დროის გადანაწილება.
- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით? არის თუ არა კონკრეტული ტურნირები ან შეჯიბრებები, რომლებზე მონაწილეობასაც მიზნად ისახავთ?
ჩვენი მიზანი, ჯერჯერობით, ის არის, რომ ძალების აღდგენის შემდეგ, გავიდეთ ვარჯიშებზე და დავიწყოთ თავდაუზოგავი შრომა. მომავალი ტურნირი ჯერ არ ჩანიშნულა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყოთ.
- ყოველი წარმატებული სპორტსმენის უკან ძლიერი დამხმარე გუნდი დგას. შეგიძლიათ ცოტა რამ გაგვიზიაროთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მხარს გიჭერდნენ მთელი თქვენი მოგზაურობის განმავლობაში, როგორც პირადად, ასევე პროფესიულად?
ამ სფეროში ჩვენს ტრენერს, ზურა ციხიშვილს ,უდიდესი გამოცდილება აქვს. მარტო ტრენერი კი არ არის, ჩვენი ექიმიც არის, ფსიქოლოგიც და რაც მთავარია, ჩვენი უდიდესი მეგობარი.
ასევე, გვყავს დამხმარე ტრენერი გუგა გოგიძე, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ჩვენ მაქსიმალური კომფორტი ვიგრძნოთ ვარჯიშის დროს.
ასევე, მინდა აღვნიშნო მთელი პარაცენტრის კოლექტივი, დაწყებული მძღოლებით, დამთავრებული დამლაგებლებით, ყველა ჩვენს ვერდშია და თუ გვჭირდება, დახმარებითაც სიამოვნებით გვეხმარებიან.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა და დამწყებ სპორტსმენებს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც მუშაობენ საკუთარი სპორტული ოცნებების ასასრულებლად?
კიდევ და კიდევ შრომა! შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა.
- თქვენ რომ შეგეძლოთ დაბრუნდეთ და ერთი რჩევა მისცეთ საკუთარ თავს , როდესაც ახალი დაწყებული გქონდათ სპორტსმენის კარიერა, რა იქნებოდა ეს?
ვფიქრობ, თავიდან უფრო ზერელე დამოკიდებულება მქონდა,
ცოტა მოგვიანებით ჩამოვყალიბდი ნამდვილ სპორტსმენად, რასაც დასაწყისშივე გამოვასწორებდი. .
- მადლობა და გისურვებთ წარმატებას!
- პირიქით, თქვენ უღრმესი მადლობა.
მე ჩემი მხრიდან შევეცდები, რომ ბოლნისის სახელი უფრო მაღალი სინჯის მედლით ვასახელო.
მარიამ ონიანი