კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

„ძმების მარანი“ და ბოლნისში აღდგენილი ძველი ქართული ტრადიცია

ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება, ორი საუკუნის წინ, „შვაბების“ ჩამოსახლებას უკავშირდება, მათ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გააშენეს ვენახები და დაიწყეს ღვინის წარმოება ევროპული მეთოდით, მას შემდეგ ბოლნისში ამ საქმიანობას  წარმატებით მისდევენ. თუმცა, რამდენიმე წელია, მეღვინეებმა ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს, რომლის აღორძინება-განვითარების საქმეში დიდი წვლილი გურამ ავქოფაშვილმა შეიტანა. სწორედ მის წარმოებაზე გიამბობთ დღეს, თუ რა გზა გაიარა „ძმების მარანმა“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ქვევრის ღვინო პირველად 2016 წელს ჩამოასხა. „ძმების მარანი“ ოჯახური მეღვინეობაა და მასში  ყველა წევრი მონაწილეობს. მარნის დაარსებასა და განვითარებაზე  ახალგაზრდა მეღვინე, „ძმების მარანის“ მარკეტინგისა და საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი მაკუნა ავქოფაშვილი გვიამბობს:

-მიხარია, რომ  აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ოჯახის საქმიანობაში,  ყოველდღიურად ვცდილობთ   ბევრი სიახლე შევთავაზოთ  ღვინის მოყვარულებს. ჩემი ოჯახი  ღვინოს 1900 წლიდან აწარმოებს. 2015 წლამდე ღვინოს პირადი მოხმარებისთვის ვაწარმოებდით, გვქონდა ძველი გერმანული მარანი და ვენახი. 2015 წელს კი,  ბიძამ და მამამ გადაწყვიტეს, ოჯახური მეღვინეობისათვის ბიზნესის სახე მიეცათ და სწორედ, ამ პერიოდიდან  დაიწყეს ძველი ქართული ტრადიციის აღდგენა – ქვევრებში ღვინის დაყენება და   ბოთლებში ჩამოსხმა. მე ცოტა მოგვიანებით შევუერთდი, თუმცა ახლა  თითქმის ყველა ეტაპზე ვარ აქტიურად ჩართული, დაწყებული ვენახის მოვლიდან, ღვინის დაყენებისა და რეალიზაციის პროცესით დამთავრებული. საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა დიდმა მონდომებამ და საქმისადმი სიყვარულმა შეგვაძლებინა ის,  რომ დღეს ბოლნისური მეღვინეობა ქართული ღვინის რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

-რატომ გადაწყვიტეთ ქვევრის ღვინოების წარმოება და, რა სახეობის ღვინოებს აწარმოებთ?

-გვსურდა ბოლნისში  ძველი ქართული ტრადიციის აღდგენა, ერთგვარი ექსპერიმენტი  და გამბედაობა იყო  ჩვენი მხრიდან, რომ დაგვეწყო ქვევრის ღვინოების დაყენება.  ვაწარმოებთ ღვინოებს მხოლოდ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან: რქაწითელი, საფერავი, თავკვერი,  ჩინური.   სამომავლოდ გეგმაში გვაქვს სხვადასხვა  ჯიშების დამატება  და  ღვინოების ასორტიმენტის გაზრდა.

-რამდენად შრომატევადია ვენახის მოვლა და  ღვინის დაყენება?

– საკმაოდ შრომატევადია ვენახში მუშაობა, ვაზის სწორი  მოვლა,   სამუშაოების დროულად ჩატარება, რაც   წინაპირობაა ხარისხიანი ყურძნის მიღების. თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა თავად უვლი,  მთელი ოჯახი ჩართულები ვართ  და ყველას ჩვენ- ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც საბოლოოდ  ღვინოების წარმატებაზე აისახება. ასევე ძალიან გვიყვარს რთველის პერიოდი, რომელიც ყველაზე დადებითი ემოციების მომტანია.

-გვიამბეთ თქვენს მარანზე

-ჩვენს მარანში არის ოჯახური გარემო, ვაწარმოებთ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრის ღვინოებს, ასევე წელს დავიწყეთ ევროპული მეთოდით ღვინის დაყენება. წელიწადში ვაწარმოებთ 3000 ბოთლ ნატურალურ ღვინოს. ვმასპინძლობთ ტურისტებს, ვგეგმავთ ტურისტულ მარშრუტებს, სტუმრებს ვუმასპინძლდებით ადგილობრივი, სახლში მომზადებული კერძებით. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ღვინო ბოლნისი“ საქპატენტის მიერ, დარეგისტრირდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ. ჩვენი მარანი არის ძველი გერმანული და შენარჩუნებულია ის სიძველე, რაც იყო 200 წლის წინ, როცა ამ  სახლში გერმანელები ცხოვრობდნენ, აწარმოებდნენ ღვინოს  შვაბური ტექნოლოგიით. ვცდილობთ,  ავთენტურობა შევუნარჩუნოთ,  უცხოელი სტუმრებისთვის  ემოციურია იმ ისტორიების მოსმენა, რაც კატერინენფელდში მცხოვრებ გერმანელებს უკავშირდება.

-როგორია ინტერესი ბოლნისური ღვინოების  მიმართ და კონკრეტულად „ძმების მარანის“ ღვინოებზე?

– საკმაოდ გაიზარდა ღვინოების ხარისხი . ამაში  უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, ჩვენს ყველაზე დიდ მხარდამჭერ ღვინის ლაბორატორიას და მის თითოეულ თანამშრომელს. ინტერესი ასევე განპირობებულია იმით, რომ არის საკმაოდ მსუბუქი, არომატული.   რაც შეეხება ჩვენს ღვინოებს,  საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა,  შრომა,  გამოფენა – კონკურსებში  მონაწილეობის მიღება, რომ ბევრს გავეცანით, მიგვეღო რჩევები  და შენიშვნები, რომ გაგვეზარდა ხარისხი. ამ თანმიმდევრულობამ  მოგვიტანა   წარმატება. ადგილობრივი ბაზრის გარდა ღვინოებს ვყიდით ავსტრალიაში, ბელგიაში და წელს პირველად, „ძმების მარანის“ ღვინოები აზიის კონტინენტზე გავაგზავნეთ და შანხაიში, სხვადასხვა ღვინის ბარებსა და რესტორნებში იყიდება. ეს  კი არამარტო „ძმების მარანის“, არამედ ბოლნისური მეღვინეობის დიდი წარმატებაა.

-როგორია თქვენი ღვინის გემოვნური თვისებები?

-ჩვენი ღვინოები საკმაოდ განსხვავებული, განსაკუთრებული, მსუბუქი და არომატულია. რასაც აღნიშნავენ უცხოელი პარტნიორები, მათთვის ბოლნისური ღვინოები საინტერესო აღმოჩენაა ბოლო წლების განმავლობაში, ეს განსხვავებულობა განპირობებულია  ნიადაგითა და კლიმატური პირობებით.

-,,ძმების მარანი’’, რატომ გადაწყვიტეთ ეს სახელი, საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ეტიკეტიც გაქვთ,  იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ?

-სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან მამას და ბიძას იდეა იყო  ოჯახური საქმიანობა ბიზნესად გვექცია და შესაბამისად, სახელიც ლოგიკური იქნებოდა, რომ ყოფილიყო „ძმების მარანი“. რაც შეეხება ეტიკეტს, ჩვენი მარნის დაარსების დღიდან, ბევრი ცვლილებები შეგვქონდა და საბოლოოდ,   საინტერესო, კრეატიულ და განსხვავებულ ეტიკეტზე იმუშავა ჩვენმა ავსტრალიელმა პარტნიორმა ეიდენ რაფტერმა. ნამუშევარმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მარტივად და გასაგებად მიწოდებული ლეიბლია, რაც დიდ ემოციას იწვევს ღვინის მოყვარულებში.

-„ძმების მარანი“ გაერთიანება „ღვინო ბოლნისის” წევრია, რა მოგიტანათ  გაერთიანების წევრობამ?

-დიახ, ჩვენ ამ გაერთიანების წევრები ვართ და ისეთ  საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის საშუალება გვაქვს,  როგორიც არის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსები, სხვადასხვა დეგუსტაციები. ასევე გაერთიანება საშუალებას გვაძლევს ღვინის ხარისხი მუდმივად ვაკონტროლოთ ლაბორატორიული კვლევებით. სულ ბოლო აქტივობა,  კომპანია „არემჯისთან“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და  ბოლნისის აგროცენტრთან ერთად შედგა, იყო პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში.   ღვინოები ადგილობრივი  ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებმა, ღვინის მოყვარულებმა და მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ვფიქრობ, მეღვინეთა გაერთიანება კომპანია „არემჯისთან“ და მერიასთან ერთად,  მომავალშიც  საინტერესო აქტივობებში მონაწილეობის საშუალებას მოგვცემს,

– როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშეა  ქართული ღვინო და  რა სჭირდება ბოლნისურ მეღვინეობას მეტი ცნობადობისთვის?

– ჩემი აზრით, მთავარ გამოწვევად  რჩება ღვინის ხარისხი, ბაზრების დივერსიფიკაცია და  მარკეტინგული კამპანიები. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც უფრო მეტად გაზრდის ინტერესს ქართული ღვინოების მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე. 

-სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით?

-ჩვენი სამომავლო გეგმებია, ბევრ გამოფენა-კონკურსში მონაწილეობის მიღება, მარკეტინგული კამპანიების გაძლიერება, რათა კიდევ უფრო მეტად  გაიზარდოს ცნობადობა ბოლნისური მეღვინეობის მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ძმების მარანისათვის“ საექსპორტო ბაზრების გაზრდა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები