ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

,,ჩემი 50 წლიანი პედაგოგიური კარიერა განაპირობა ბავშვების, მათემატიკისა და პროფესიის სიყვარულმა.“

დღეს გაგაცნობთ ღირსეულ პერსონას ბოლნისის საგანმანათლებლო სივრციდან და გიამბობთ მის წარმატებულ კარიერაზე. მანანა შკუბულიანი ხუთი ათწლეულის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა ბოლნისელი ახალგაზრდების გონების ,,გაწრთვნას“. ინტერვიუში ქალბატონი მანანა გვესაუბრება თავის შეხედულებებსა და  მისწრაფებებზე. გვიზიარებს გამოცდილებასა და იმ მეთოდებს, რომლებიც დაეხმარა მრავალი თაობის წარმატებით აღზრდასა და მათემატიკის სამყაროსთან დაკავშირებაში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განათლების სფეროს განვითარებისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, 2023 წელს, მანანა შკუბულიანს  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიენიჭა.

  • მოგესალმებით, ქალბატონო მანანა გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები საგანმანათლებლო სფეროში.
  • დავამთავრე ბოლნისის ქართული საშუალო სკოლა. ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ყველაზე უფრო მიყვარდა ტექნიკური საგნები: ფიზიკა და მათემატიკა. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი გახლდათ აწ განსვენებული ქალბატონი ციალა დოლიძე, ძალიან ერუდირებული, ნიჭიერი და მოსიყვარულე მოსწავლეების მიმართ. მან შემაყვარა საგანიცა და პედაგოგის პროფესიაც, ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, დავამთავრე და მუშაობა დავიწყე  მშობლიურ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, სადაც ვიმუშავე 50 წელი.
  • რამ განაპირობა თქვენი ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური კარიერა?
  • ჩემი 50 წლიანი პედაგოგიური კარიერა განაპირობა ბავშვების, მათემატიკისა და პროფესიის სიყვარულმა.
  • არის თუ არა სწავლების კონკრეტული  მეთოდები, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები გეზიარებინათ მათემატიკის სამყაროსთან?

–     ჩემი მუშაობის კონკრეტული მეთოდები ასეთია:

უნდა შევუქმნათ მოსწავლეებს განწყობა გაკვეთილზე; მოვარგოთ თითოეულს  ასახსნელი მასალა; შევუქმნათ მათ სწავლაზე ორიენტირებული გარემო; უნდა დავაფასოთ თითოეულის  აზრი და ჩავრთოთ ყველა მოსწავლე გაკვეთილის პროცესში; განუვითაროთ  აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.

მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ მათემატიკა 2 საგნად იყოფოდა: ალგებრა და გეომეტრია. ძალიან კარგი სახელმძღვანელოები იყო. მოსწავლეები ადვილად ითვისებდნენ ახსნილ მასალას და შესაბამის სავარჯიშოებს კარგად ასრულებდნენ. თეორიების დაზეპირება აუცილებლად მიმაჩნდა სავარჯიშოების გასაკეთებლად. საზეპიროს ვერ ვუწოდებ მხოლოდ დამთრგუნველს, ის საჭიროა გონებისთვის, თუმცა ზომიერად. ხშირად ჩამოდიოდნენ განათლების სამინისტროდან გაკვეთილებზე დასასწრებად და ატარებდნენ შემოწმებით წერებს. ეს სტიმულს გვაძლევდა მეც და მოსწავლეებსაც, რომ ყოველთვის მზად ვყოფილიყავით გაკვეთილისთვის.

  • თქვენი წარმატებული კარიერა მრავალ წელს მოითვლის, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი იყო განათლების სფერო ადრე და როგორია ახლა?
  • ადრე სწავლა ყოველთვის პირველ სექტემბერს იწყებოდა, მაგრამ მასწავლებლები სკოლაში ვცხადდებოდით 20 აგვისტოს. ტარდებოდა კონფერენცია, სექციური მუშაობა. თუ სახელმძღვანელო იცვლებოდა, მაშინ ერთთვიან გადამზადებას გავდიოდით თბილისში, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, მათემატიკის მასწავლებლები ვრჩებოდით სკოლაში და ვამუშავებდით ასახსნელ მასალას და სავარჯიშოებს. მე ისე მომწონდა ძველი სახელმძღვანელოები, რომ ახლებთან ერთად, მათაც ვიყენებდი გაკვეთილებზე.
  • თუ შეგიძლიათ გამოყოთ განათლების სფეროში გატარებული რომელიმე რეფორმა, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე კარგად აისახა სწავლების ხარისხზე?
  • განათლების სფეროში გატარებული რეფორმებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი რეფორმა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც კარგად აისახა განათლების ხარისხზე. არ მომწონს, რომ საგამოცდო და დამამთავრებელი კლასების პროგრამები აცდნენ ერთმანეთს.
  • თქვენს ხელში მრავალი თაობა აღიზარდა, როგორ იცვლება თაობების ცვლასთან ერთად მათი მოთხოვნები, პრიორიტეტები, სწავლის სტილი?
  • თაობების ცვლასთან ერთად,  მოთხოვნებიც იზრდებოდა. ადრე მშობლები ყოველ საღამოს  იბარებდნენ გაკვეთილებს, დავალებებს. ჩემი აზრით, ახლაც უნდა შეეცადონ დანერგონ ეს პრაქტიკა, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მწყინს, რომ მშობელი დაშორდა სკოლას,  დაეკარგათ წიგნის კითხვის ინტერესი და შედეგიც სახეზეა.
  • ქალბატონო მანანა, ბავშვის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგისა და მშობლის თანამშრომლობა?
  • სწავლა ფიზიკური და გონებრივი შრომის ერთობლიობაა. მასწავლებელთა უმრავლესობა უდიდეს ძალისხმევას ეწევა ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის, მაგრამ მათ მშობლები უნდა დაეხმარონ,  ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების ძილის რეჟიმს, რადგან ისინი ტელეფონებში ათენებენ ღამეებს, მოდიან სკოლაში გამოუძინებლები და  სწავლობენ ზერელედ ყველა საგანს. სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთად უნდა იყოს.
  • როგორც წარმატებული მასწავლებელი, როგორ შეაფასებთ განათლების სფეროში დღესდღეობით  მიმდინარე ცვლილებებს?

-უნდა გაითვალისწინონ რაც კარგი იყო ძველად, მაგალითად პროფილური სწავლება საგნების მიხედვით და დაგეგმონ ახალიც, თუ დარწმუნებული იქნებიან, რომ ის გაამართლებს. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო პროფილური სწავლება საგნების მიხედვით. მე ვასწავლიდი ფიზიკა-მათემატიკის ჯგუფებს, რომლებიც გაძლიერებულად სწავლობდნენ ფიზიკას და მათემატიკას. მათ რეპეტიტორებთან სიარული არ სჭირდებოდათ, სკოლაში მიღებული ცოდნით ირიცხებოდნენ  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის, მათემატიკის და ეკონომიკის ფაკულტეტებზე. გამიხარდება, თუ ისევ დაბრუნდება სკოლებში პროფილური სწავლება.

  • შეგიძლიათ დაგვისახელოთ სამი რამ, რაც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს კარგ პედაგოგს?
  • კარგ პედაგოგს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს: ბავშვების უპირობო სიყვარული; საგნის ღრმა ცოდნა და მასწავლებლის პროფესიის დაფასება და პატივისცემა.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები