„ამ ქვეყანაზე ყველაფერი წარმავალია, გარდა შენი ადამიანობისა, რომელიც რჩება, ვცდილობ ისე ვიცხოვრო, უკან მოხედვის არ შემრცხვეს. ცხოვრების ძირითადი კრედო სწორედ მეგობრობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. ჩემი შემოქმედება ცხოვრებისეული, გულიდან წამოსულია“ – „გაზეთი ბოლნისი“ სხვა კუთხით გაგაცნობთ ბოლნისელ ახალგაზრდას ლევან ფრუიძეს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია განცდებს, სიხარულს, ტკივილს და საფიქრალს ლექსებით გადმოსცემს. თუ სულში პოეზია გინთია, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნიჭია, რომელიც ადამიანის გონებაში მწიფდება, ფესვებს იდგამს და დრო სჭირდება, რომ იფეთქოს, ლევანის შემთხვევაშიც ასე მოხდა, მისთვის უცნაური რამ, რომელიც შინაგან ხმას გავდა, გვიან მოვიდა, სიტყვებს რითმა მოჰყვა, სტრიქონს ახალი სტრიქონი, ასე დაიბადა და შეიქმნა მისი ლექსები.
„მწერლობა პროფესია არ არის, ის ბედისწერაა, ნიჭია, რომელსაც ვერ გაექცევი, მე ბოლნისში დავიბადე, ეს ქალაქი ჩემი სახლია, მიყვარს ყველა კუთხე-კუნჭული, დავამთავრე პირველი საჯარო სკოლა, ბავშვობაში არასოდეს დამიწერია ლექსი, თუმცა ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, რაც ჩემი პედაგოგის მაგული გაბრიჭიძის დამსახურებაა, არ მახსენდება არცერთი ღონისძიება, სადაც არ მიმეღო მონაწილეობა, ამ კუთხით აქტიური ბავშვი ვიყავი“.
-ლევან, როდის დაიწყე ლექსების წერა?
-2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში ვმსახურობდი, ვიყავი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პოზიციაზე, მე ასეთი ვარ, დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ბოლომდე ვიხარჯები, მიწევდა ღამეების თენება, რამაც ჯანმრთელობის პრობლემა შემიქმნა, ამიტომ მომიწია სამსახურიდან წამოსვლა. ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა, ჩემმა გონებამ დაისვენა და აი მაშინ მოვიდა მუზა.
-რა შინაარსისაა შენი პირველი ლექსი?
-როგორც აღვნიშნე პანდემია იყო, ჩაკეტილები ვიყავით, სამსახურის გარეშე, თითქოს მარტო დავრჩი. მიძინებულმა ნიჭმა გაიღვიძა, ვერ დავიძინე, რაღაც არ მასვენებდა, გონებაში რაღაც ფრაზები მოდიოდა, ირითმებოდა, თუმცა არ მიფიქრია, რომ ლექსების წერა შემეძლო, მუზა მეორე დღესაც მოვიდა, შინაგანი ხმა გავრითმე, გავაშალაშინე და ამჯერად უკვე ტელეფონში მოვინიშნე, პირველი ლექსი სწორედ პანდემიას, უიმედობას ეკუთვნის.
უიმედობის შემიპყრო განცდამ,
ჩემი ფიქრები ზეცამდე ამაქვს,
ამქვეყნად მხოლოდ უფალმა იცის,
გულით რამხელა ტკივილი დამაქვს.
ცხოვრების გზაზე ბევრმა გამწირა,
ბევრმაც დამიწყო კუდის ქიცინი,
როცა მარტო ვარ მწარედ ვტირივარ,
სხვის დასანახად მაინც ვიცინი.
ვინც გაღიმებულ სახეს გიჩვენებს,
ის შეიძლება ზღვა დარდით დადის,
რადგან გულიდან ნადენი ცრემლი,
თვალის ჭრილამდე არასდროს ადის.
ცა დაიქუხებს, წვიმა წამოვა,
ყველას ასველებს, არავის არჩევს,
წვიმის წვეთები სახეს მისველებს,
სახეზე ცრემლს კი ვერავინ მამჩნევს.
-არცთუ ისე დიდიხანია, რაც წერ, რამდენი ლექსი გაქვს დაწერილი და ძირითადად რაზეა შენი შემოქმედება?
-ჩემი ლექსები ცხოვრებისეულია, გულიდან წამოსული. თითოეული ადამიანობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, გაუტანლობასა და ყოველდღიურ ყოფაზეა. ის რაც სიტყვებით შეიძლება ვერ ვთქვა, სწორედ ლექსებით გადმოვცემ.
-ლევან, შენს ლექსებში განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობა სამშობლოს მიმართ, რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?
-კითხვაზე, „რა არის სამშობლო?“ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მოვიშველიებ – „სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო, სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად, რომ შეჭამ და მოინელებ“. აი ესაა სამშობლო, რომლის გამო მზად ხარ ყველაფრისთვის. ჩემს ლექსებში კარგად ჩანს ჩემი სიყვარული ქვეყნის, დედა ეკლესიის და სარწმუნოების მიმართ.
-საზოგადოება თუ იცნობს შენს შემოქმედებას და როგორ შეხვდნენ?
-ლექსებს სოციალურ ქსელში ვანთავსებ, როცა პირველი ლექსი ავტვირთე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დადებითი კომენტარები, ბევრი გაოცდა, არ ელოდა. ხშირად შეკვეთილი ლექსებიც დამიწერია მეგობრებზე, ნათესავებზე, რომ არა ნიჭი, ლექსის წერას ნამდვილად ვერ შეძლებ, არის დღე, როცა სამი-ოთხი ლექსი დამიწერია, ხან კვირებიც გადის და სათქმელს თავს ვერ ვუყრი.
-გარდა სოციალური ქსელისა, არ გიფიქრია ფართო მკითხველს გააცნო ლექსები?
-ვინაიდან ჩემი ლექსები ცხოვრებისეულია და შეიძლება აქედან ბევრი რამ ისწავლო, გაითვალისწინო, სწორედ ამიტომ მინდა მოვაწყო საღამო, როგორც რიგითი ბოლნისელის შემოქმედება გავაცნო ახალგაზრდებს და დაინტერესებულ ადამიანებს.
-სამომავლო გეგმებზე გვიამბე, როგორც ვიცით წიგნის გამოცემასაც ფიქრობ.
-მინდა ჩემმა ლექსებმა მზის სინათლე იხილონ, დაახლოებით 150 ლექსი მაქვს დასაბეჭდად გამზადებული, თუმცა ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, ლექსები სპონსორის მოლოდინშია, მოფიქრებული მაქვს ყდის დიზაინიც, აუცილებლად უნდა იყოს სიონის საკათედრო ტაძარი, ეს ჩვენი სიძლიერის სიმბოლოა, კუთხეში კი ჩემი პორტრეტი თვალსაჩინოებისთვის. ეს არ არის ახირება, უბრალოდ დიდი სურვილია და ოცნება, ბოლნისელებს ჩემგან დარჩეთ სახსოვრად.
მადლობა უფალო ყოველი დღისათვის,
იმედით მევსება გული და გონება,
ლოცვაში შემოგთხოვ ოჯახის სიკეთეს,
არ მინდა ფული და არ მინდა ქონება.
მინდა რომ განზრახვა არ მქონდეს ბოროტი,
ყველას ვეფერო და არავინ ვატირო,
სუსტი არ დავჩაგრო, გლახაკს არ დავცინო,
ჩემი საქციელით გული არ ვატკინო.
მოვლენილ განსაცდელს მინდა რომ გავუძლო,
ცოდვილმა კვლავ ცოდვა არ მინდა ვიტვირთო,
გულით რომ ვილოცო, გონებით ვიფიქრო,
გულწრფელად ვიცინო, არასდროს ვიტირო.
შემინდე უფალო თუ რამე შევცოდე,
ცოდვილიც ვბედავ და სათხოვარს გიგზავნი,
როდესაც დაცემულს აღარ მაქვს იმედი,
ზეციდან საშველად ანგელოზს მიგზავნი.
როდესაც ზეცაში სამსჯავროს წარვსდგები,
ვეცდები უფალთან პირველი შევიდე,
მუხლმოდრეკილი ჩურჩულით გავუმხელ,
ცოდვილი მოვედი, უფალო შემინდე.
-მადლობა ლევან საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს და ოცნების ასრულებას გისურვებთ.
მაგდა დევნოზაშვილი