ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
spot_img

,,ჩემი ნახატების არსებობის მიზეზი, ადამიანების მიმართ სიყვარულია“

მარიამ ბეკურაშვილი გერმანიაში მცხოვრები ქართველია, იგი თავის ემოციებსა და განცდებს ფურცელზე აცოცხლებს. როგორც ჩვენთან საუბარში  აღნიშნა, მხატვრობა  სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა შეაყვარა.  უპირატესობას გრაფიკულ ხატვას ანიჭებს, თუმცა 2020 წლიდან მისი ინტერესის სფერო გაფართოვდა და პორტრეტების ხატვის ფაზაში გადაინაცვლა.  მარიამის საყვარელი ნამუშევარი კი, საკუთარი ბებიის პორტრეტია.                                      „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი ჩემი ბებიის პორტრეტია. ამ ნახატში, ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ბებიას თვალები განსაკუთრებით რეალისტურია. მისი თბილი მზერა,  იმედითა და სიკეთით სავსე თვალები, მხატვრული ხერხებით საკმაოდ ლამაზად გადმოვიტანე ფურცელზე.’’ – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მარიამ ბეკურიშვილი.

მოგესალმებით მარიამ, თქვენ იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთა შესახებაც თავიანთი ნამუშევრები უსიტყვოდ საუბრობს, მხატვრობა, ეს ხომ თვითგამოხატვისა და ესთეტიკური ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მოგვიყევი, როდის და როგორ დაიწყეთ ხატვა ?

– კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. პატარაობიდან როგორც ბავშვების უმეტესობას, მიყვარდა ხატვა, კანცელარია მიზიდავდა და შეიძლება ითქვას,  უჩვეულო აღფრთოვანებით ვათვალიერებდი ვიდეოებსა და ფოტოებს, მითითებებით და ნაბიჯებით (მხატვრობის სივრცეში). ამასთან ერთად სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა შემიწყო ხელი და მასწავლა დაჩრდილვის ხერხები, ხაზვა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ინტერესის გაზრდაში.

გაქვთ თუ არა არჩეული კონკრეტული სტილი ან თემა, რომელზეც ხატავთ,  თუ მრავალფეროვნებას ანიჭებთ უპირატესობას?

– რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ყველა მხატვარს საკუთარი ხატვის სტილი აქვს და ყველა დანარჩენისაგან რაღაცით გამოირჩევა. ჩემი ფავორიტი დასაწყისიდანვე გრაფიკული ხატვა/ხაზვაა. პირველი წლების განმავლობაში, მხოლოდ და  მხოლოდ, ტექნიკურ მოწყობილობებს, ლოგოებს ან პეიზაჟებს ვხატავდი. 2020 წლის ივნისში პირველად გავბედე პორტრეტის დახატვა და პირველი ცდისთვის არც ისე ცუდი გამოვიდა. მას შემდეგ ჩემი პორტრეტების ხატვის ფაზა  არ შეწყვეტილა, რადგან მივხვდი, რომ ზუსტად მხატვრობის ეს კონკრეტული განხრა ყველაზე მეტად შემიყვარდა, მისი წარმოუდგენელი სირთულის მიუხედავად.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო ?

-ჩემი შთაგონების წყაროა ემოციების სიჭარბე. გადატვირთული გრაფიკი და აკადემიური მრავალფეროვნება, ჩემზე უზარმაზარ გავლენას ახდენს, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, მაშინვე ვიწყებ ხატვას. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დრო გაქვს, ხანდახან მაინც შეუძლებელია, როდესაც მუზა არ გაქვს. მუზა მხატვრების უძლიერესი იარაღია. ხშირად მუზა მეცადინეობისას მეწვევა ხოლმე და გამოდის განათლებას უპირატესობას ვანიჭებ.

მარიამ, აღგვიწერეთ გარემო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად მუშაობთ.

-მოკლედ რომ ვთქვა, ყველაზე სასიამოვნო გარემო ჩემთვის ღამის საათები და წყნარი გარემოა. ხატვისას ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. ბნელი ოთახი და განათებული სამუშაო მერხი, ჩემთვის ყველაზე ჰარმონიული კომბინაციაა.

ხშირად, ხელოვანი ადამიანები თავიანთი შემოქმედებიდან გამოარჩევენ რაიმე კონკრეტულს, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვთ, არის თუ არა მსგავსი ნახატი თქვენს შემოქმედებაში  და თუ კი, რატომ მაინცდამაინც ის?

-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი ჩემი ბებიის პორტრეტია. რაც მიყვარს ამ ნახატში ყველაზე მეტად ის არის, რომ ბებიას თვალები განსაკუთრებით რეალისტურია. მისი თბილი მზერა,  იმედით და სიკეთით სავსე თვალები, მხატვრული ხერხებით, საკმაოდ ლამაზად გადმოვიტანე ფურცელზე.

ყველაზე მეტად სიამოვნებას რა განიჭებთ ხატვის პროცესში ?

-ხატვის პროცესში ყველაზე მეტად მიყვარს ყავის სმა, ამას დავტოვებ უკომენტაროდ…

რაიმე შეტყობინების მატარებელი ხომ არ არის, თქვენი ნახატები საზოგადოებისათვის ?

-ჩემი ნახატების არსებობის მიზეზი, ძირითადად, მათზე გამოსახული ადამიანების მიმართ სიყვარულის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნახატებს კონკრეტული შეტყობინებების მატარებლად ვერ წარმოვიდგენ, მაინც მნიშვნელოვანია აღვნიშნო ადამიანური სილამაზის და ესთეტიკის ნაკვთები, და ასევე, თუ როგორი სასიამოვნოა  ქაღალდზე, მათი საკუთარი ხელით გამოსახვა.

როგორია ფერებთან თქვენი დამოკიდებულება?

-უპირატესობას ვანიჭებ გრაფიკულ ნახატებს, მაგრამ მაინც მაქვს დაგეგმილი, ახლო მომავალში, ფერებით მუშაობის ცდა.

მარიამ, როგორც ვიცი, ამჟამად გერმანიაში ცხოვრობთ, როგორ აღმოჩნდით გერმანიაში და ამას რაიმე კავშირი ხომ არ აქვს მხატვრობასთან ?

-გერმანიაში ოჯახის პირადული მიზეზებით გადმოვედი, ეს პირდაპირ კავშირში არ არის ხატვასთან.

როგორია მარიამის ერთი ჩვეულებრივი დღე სამშობლოსგან შორს ?

– ჩემი დილა ექვსის ნახევარზე იწყება, შვიდ საათზე  უკვე სკოლის გზაზე ვარ, საღამოს ხუთ საათამდე მიწევს იქ დარჩენა და სახლში ექვს საათზე, მატარებლით ვბრუნდები. მალევე მოდის ჩემთან  კერძო მოსწავლე, რომელსაც მათემატიკასა და გერმანულ ენაში ვამზადებ. შემდეგ თვითონ ვმეცადინეობ და უკვე მომავალი დატვირთული დღისთვის ვემზადები ხოლმე.

რაც საქართველოდან წახვედით, თქვენს შემოქმედებაში ხომ არ იმატა სამშობლოს თემატიკამ, მონატრებამ, ნოსტალგიამ…

– ნოსტალგია სამშობლოს მიმართ დღითიდღე იზრდება… არქივში მაქვს შენახული ნახატები, რომლებზეც სვანეთის მთებია გამოსახული. ჩემს ნამუშევრებში უკვე იშვიათია, პორტრეტების გარდა, სხვა თემატიკის აღქმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო წარმოუდგენლად მენატრება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები მხატვრობაში  და უკავშირებთ თუ არა ამ გეგმებს საქართველოს ?

– ხატვა ჩემი ჰობია, ამიტომ არ ვგეგმავ მთელი ჩემი კონცენტრაცია მას დავუთმო. თუმცა, ვცდილობ  სახლში ვისწავლო კიდევ ბევრი რამ, ხელოვნების შესახებ.

მარიამ, რას ურჩევდით  ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან, თქვენი აზრით, რა არის წარმატების მთავარი კრედო ?

– ჩემს თანატოლებსა და მოზარდებს, რომლებიც ხელოვნებით არიან დაინტერესებულნი, ვურჩევდი გაბედონ და სცადონ ის, რაც ჰგონიათ, რომ არ გამოუვათ. ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია, ამიტომ ვეტყოდი, რომ დაიმახსოვრონ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პატარა ნაბიჯი და გამბედაობა ცხოვრების და საკუთარი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად!

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები