ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ განცხადებები გააკეთა

გიორგი გახარია – თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს

მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდგომ, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა,  ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში 7000 ინფიცირებულს – ჰოსპიტალურ სისტემაში.

„ ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და დარგის გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში – ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით – მათ შორის, ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს დაავალა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს პერიოდში, შეხვდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების წარმომადგენლებს და მათთან აღნიშნული გეგმა განიხილოს. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ  ზაფხულის ტურისტული სეზონის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს საერთაშორისო ფრენების დაწყების შესაძლებლობას. ამასთანავე, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი უკიდურესად სამწუხაროა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის გაგვეხსნება. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად “, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ცალკე აღებული ქვეყანა, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.

„ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, არის საგანმანათლებლო დაწესებულებების,  პირველ რიგში კი დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მებაჟის მსოფლიო დღესაც გამოეხმაურა და ქართველ მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერის შეფასებით, მებაჟეების საქმიანობა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოს საბაჟო, ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან,  აქტიურად იყო ჩართული პროცესის მართვაში. გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში. ეს არის უკიდურესად დასაფასებელი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვისა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მათ მადლობას ვუხდით,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

#StopCoV #COVID19

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები