მიზნის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია მოინდომო და იშრომო, მიზანი დაისახა და ბავშვობის საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. დღეს მის სათამაშოებს იცნობენ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ზღაპრული სამყაროდან რეალობაში გადმოსული თოჯინები, მხიარული და სახასიათო სახეებით, ანიმაციური ფილმების გმირები დადებითი განწყობით – ეს თვითნასწავლი მეთოჯინის ზაირა შეყლაშვილის შემოქმედებაა. ის სოფელ რატევანში დაიბადა და გაიზარდა, სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა ოჯახი, რის გამოც ვერ დაეუფლა სასურველ პროფესიას, მაგრამ ხელსაქმე, რომლითაც ბავშვობაში თავს ირთობდა, პროფესიად აქცია.
-დავიბადე 1972 წლის 21 მაისს. ვცხოვრობ სოფელ რატევანში. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და მივიღე საშუალო განათლება. 19 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი.
ბავშვობა მახსენდება ძალიან ტკბილად. მენატრება სკოლის პერიოდი და ჩემი მეგობრები, ვისთანაც დიდ დროს ვატარებდი. 13 წლის ასაკში დავინტერესდი სხვადასხვა ხელსაქმით. პირველად დავიწყე ქარგვა, შემდეგ გამიტაცა ქსოვამ და კერვამ, რაც საკმაოდ კარგად გამომდიოდა.
სამწუხაროდ, უმაღლესი განათლება ვერ მივიღე. ამჟამად სოფელ რატევანის საბავშვო ბაღში ძიძად ვმუშაობ.
-როდის დაიწყეთ თოჯინების ქსოვა?
-თოჯინების ქსოვა დავიწყე პანდემიის დროს. დაიხურა საბავშვო ბაღები და შესაბამისად თავისუფალი დრო გამომიჩნდა. საქსოვი ძაფები არ მქონდა. ვნახე ძველი სვიტერები, რომლებიც დავარღვიე და მოვქსოვე თოჯინა.
-პირველი თოჯინა როდის შექმენით?
-პირველი თოჯინა რამდენიმე წლის შევქმენი, ჩემს შვილიშვილს მოვუქსოვე დათუნია და ძალიან მოგვეწონა მეც და მასაც.
ქსოვა საკმაოდ რთულია. მასიურად ქსოვა კი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. უარყოფით გავლენას ახდენს მხედველობაზე. ძირითადად ვქსოვ ყაისნაღით, იშვიათად ვიყენებ საქსოვ ჩხირებს. თითოეული შექმნილი ნივთი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საბოლოო შედეგის მიღების შემდეგ, სიამაყეს ვგრძნობ. ადამიანებისგანაც ბევრი დადებითი ემოცია მოდის. მიხარია, ნამუშევარი რომ მოსწონთ. ამ დროს ჩემში მოტივაცია იზრდება და სურვილი მაქვს, უკეთესი თოჯინები გავაკეთო.
-საიდან ისწავლეთ და რატომ დაინტერესდით თოჯინებით?
-ეს ხელსაქმე ვისწავლე ჩემი მეზობლისგან. ძალიან ლამაზად ქსოვდა და მეც გამიჩნდა სურვილი, მაგრამ მისთვის არასოდეს მითხოვია ესწავლებინა. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი თითოეულ მოძრაობას, სახლში რომ ვბრუნდებოდი, ავიღებდი საქსოვ ჩხირებს და ვცდილობდი გამემეორებინა, ასე შევისწავლე.
-როგორ მზადდება თოჯინა?
-პირველ რიგში ვქსოვ თოჯინის თავს და ხელებს, შემდეგ ფეხები და ტანი იქსოვება. შიგთავსში სილიკონს ვათავსებ და საბოლოო პროდუქტის მისაღებად, ტანსაცმლის მოქსოვაა დარჩენილი. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ შევკერავ ტანსაცმელსაც. უფრო დაიხვეწება ამით თოჯინა და მეტად მრავალფეროვანი გახდება. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მჭირდება საკერავი მანქანა, რომლის შეძენასაც სამომავლოდ ვგეგმავ.
-შთაგონებით ქსოვთ, თუ რომელიმე პერსონაჟის მიხედვით?
-ვქსოვ შთაგონებით, წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამომივა. ვქსოვ მომხმარებლის სურვილის მიხედვითაც. ვითვალისწინებ ბევრ დეტალს, რომელსაც ითხოვენ. რამოდენიმე ნამუშევარი ანიმაციური ფილმებიდანაც გამიკეთებია. ვქსოვ არამარტო თოჯინებს, არამედ ბავშვის წინდებს, სვიტერს, ბალიშებს და კიდევ უამრავ რამეს. ძალიან მიყვარს კერვაც. ხშირად ვკერავდი, სანამ საკერავი მანქანა დამიზიანდებოდა.

-რამდენი თოჯინა გაქვთ მოქსოვილი?
-ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ დიდი თოჯინა 50 მაინც. საახალწლოდ მოვქსოვე პატარა ნაძვისხის თოჯინები. მქონდა საახალწლო ბალიშების შეკვეთები. ამჟამად ვქსოვ თავისუფალი დროის ხარჯზე. ისე საკმაოდ დაკავებული ვარ. სამსახურიდან დაბრუნების მერე ვხდები დიასახლისი, ოჯახი დიდ ყურადღებას მოითხოვს. სოფლის მეურნეობითაც ვარ დაკავებული.
-დღეს ეს თქვენი შემოსავლის წყაროა, ხომ არ გიჭირთ რეალიზება?
-ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, ყველა თოჯინა ეკოლოგიურად სუფთაა და დღესდღეობით ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, შესაბამისად, მსურველიც ბევრია. ჩემი ნამუშევრები მომხმარებელმა წაიღო გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში და დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე შეკვეთა მაქვს მიღებული საბერძნეთიდან.
-ძირითადად რა რესურსი სჭირდება, ძვირია მასალა?
-საჭიროა კარგი ყაისნაღი, სინთიპონი, ასევე ვიყენებ ბისერებსაც. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქსოვ ძაფებს. აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხის, თოჯინის გარეცხვის შემთხვევაში ძაფი არ უნდა დაზიანდეს და ისევ ახალივით გამოიყურებოდეს. ვიყენებ მულინის ძაფებს. ძაფების ფასი განისაზღვრება ხარისხის მიხედვით. საკმაოდ ძვირი მიჯდება მასალა, ამის მიუხედავად, ვფიქრობ თოჯინების ფასი ხელმისაწვდომია.

-რა დროს ანდომებთ ერთი თოჯინის შექმნას?
-გააჩნია რა ზომის თოჯინას ვამზადებ. სტანდარტული თოჯინის შექმნას სჭირდება ერთი კვირა. თუ მომხმარებელს სურს დიდი ზომის თოჯინა, შესაბამისად მეტი დრო უნდა. დამზადების დრო განისაზღვრება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ზოგი ითხოვს ქუდი მოვუქსოვო, ზოგს კიდე სურს ჩანთა, ან კაბა.
-თქვენი საყვარელი თოჯინა?
-გამორჩეული თოჯინა არ მყავს. ყველა ძალიან მიყვარს და ყველას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თითოეულის შექმნას იმდენად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ, შეუძლებელია რომელიმე გამოვყო.
ფუმფულა თოჯინები მყიდველამდე დიდ გზას გადის და ბევრ შრომას მოითხოვს, იმისათვის რომ მეთოჯინის შემოქმედება მეტად გაიზარდოს და მრავალფეროვანი გახდეს, საკერავი მანქანა ესაჭიროება, რითიც საქმესაც გაიმარტივებს და დროსაც დაზოგავს. მოგეხსენებათ, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, თანამედროვე ბაზარზე, საკმაოდ მოთხოვნადია.
მაგდა დევნოზაშვილი.