მეცამეტე საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს. ის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლია, გამორჩეულია მხატვრული ღირებულებით, მონასტრის შესახებ არსებული მცირე ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ მაშინდელ საქართველოში მონასტერი ძლიერ სამეურნეო და სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა. სამონასტრო კომპლექსს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, განადგურდა, მაგრამ ჩვენამდე მაინც მოაღწია ფიტარეთში გადაწერილმა ზოგიერთმა ხელნაწერმა. არსებობის მანძილზე ფიტარეთის ტაძარი უამრავჯერ იქნა აოხრებული და დარბეული, 2007 წლიდან აქ ახალი ეტაპი დაიწყო. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის – ეფრემის (გამრეკელიძე) ძალისხმევით ამოქმედდა მამათა მონასტერი. 2018 წელს მონასტერში დაიწყო კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით , შეიქმნა სამუშაო-საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დარგის სპეციალისტების უშუალო ჩართულობით, მონიტორინგს უწევს ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. სწორედ უნიკალური ისტორიული მნიშვნელობის ფიტარეთი გახდა ალბომის შექმნის ინსპირაცია, რომლის პრეზენტაციაც ტაძრის ეზოში ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
ორტომეულის ,,ფიტარეთის’’ გამოცემას წინ დიდი სამეცნიერო თუ კვლევითი სამუშაოები უძღოდა. წიგნის მასალად სპარსული ქაღალდია გამოყენებული, რომელიც 316 ფურცლისგან შედგება, ტექსტი ნაწერია ნუსხა-ხუცურით, გამოყენებულია ოქრო მელანი, სინგური და შავი მელანი, ხოლო ორნამენტული დეკორისთვის ლაჟვარდი და მწვანე.
ალბომის პირველ ტომში წარმოდგენილია ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებული ისტორიულ-ეთნოლოგიური და სახელოვნებო საკითხები. მეორე ტომი სრულად ეთმობა ფიტარეთის მონასტრის წიგნთსაცავიდან შემორჩენილ XVll საუკუნის მინიატურულ სახარებას, რომელიც ფიტარეთის სახარების ილუსტრაციების პირველი პუბლიკაციაა.
პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების და ეპარქიების წარმომადგენლები, მედია, აქტივისტები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ. ორტომეული „ფიტარეთი“ საკოლექციო გამოცემაა და მხოლოდ 50 ეგზემპლარად დაიბეჭდა, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მუზეუმებსა და უშუალოდ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსში.