ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე, CSRDG-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე 2 წელია „სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“ ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე ცენტრმა გარკვეული შედეგები დადო, უმუშევრობის პრობლემების დაძლევაში ეხმარება ბენეფიციარებს და 56 ადამიანს სხვადასხვა სამსახურში დასაქმებაში დაეხმარა. აღნიშნული ცენტრის შესახებ, შედეგებზე და მიზნებზე, კარიერის დაგეგმვის კონსულტანტს მერი თამაზაშვილს ვესაუბრეთ.
–„სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“ როდის და ვისი ინიციატივით შეიქმნა და ბოლნისის გარდა კიდევ რამდენ რეგიონში ფუნქციონირებს?
-„სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“ ბოლნისში 2 წელზე მეტია რაც არსებობს, ის შექმნილია CSRDG-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონალური განვითარებისთვის“- ხორციელდება 3 რეგიონში: ქვემო ქართლში, გურიასა და კახეთში.
–ლოკალურად სად ხართ და რა არის თქვენი საქმიანობის მიზანი?
-ბოლნისში, „ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ბოლნისის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“, ჩვენი საქმიანობის მიზანია რეგიონის მოსახლეობას (ვისაც ამის საჭიროება აქვს), დავეხმაროთ უნარების გაძლიერებაში, დასაქმებაში და კარიერულ წინსვლაში. ამისათვის მათ ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს, როგორიცაა პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამები და კარიერული დაგეგმვის კონსულტირება.
–აღნიშნულ ცენტრში მოსულ დაინტერესებულ პირთან როგორ ხდება კონსულტაცია, რა პროცედურული ნაბიჯები ხორციელდება?
-„ბოლნისის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში“ ვართ კარიერის დაგეგმვის ორი კონსულტანტი – მე, მერი თამაზაშვილი და ქეთევან ზურაბაშვილი. კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები ცენტრში მოსულ ადამიანებს, (ვინც მოგვმართავს დახმარებისთვის, ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ როგორც დასაქმების მაძიებლები, ასევე უკვე დასაქმებულები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები) ხელს ვუწყობთ პროფესიულ ზრდაში და კარიერულ განვითარებაში, დასაქმებაში, მათივე ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. ამისათვის პიროვნებას ვარეგისტრირებთ ჩვენს ბაზაში და ვავსებინებთ ბიოგრაფიულ კითხვარს, რისი ანალიზის საფუძველზეც ვიგებთ მის საჭიროებას და ამის შესაბამისად ვუგეგმავთ მისთვის საჭირო სერვისს.
–რა არის კარიერული კონსულტირება, მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ?
-კარიერული კონსულტირება ეს არის პროცესი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სერვისის ერთობლიობაა და პიროვნებას ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ ვთავაზობთ და ვუგეგმავთ კონკრეტულ სერვისს. ეს შეიძლება იყოს პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებაში დახმარება, ამისთვის ვთავაზობთ „პროფესიის არჩევის ტესტს“ და თავად მიგვყავს გადაწყვეტილებამდე, შეიძლება სჭირდებოდეს „თვითსაკვლევი ტესტი“, ცოდნისა და უნარების გაძლიერება-ამაღლება, სამუშაოს მოძიებაში დახმარება, დამსაქმებელთან კომუნიკაციაში დახმარება. კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები აქტიურად ვთანამშრომლობთ დამსაქმებლებთან, ხშირად ვიწვევთ მათ ჩვენს ცენტრში, ვახვედრებთ დასაქმების მაძიებლებს, აკეთებენ პრეზენტაციას თავიანთი ვაკანსიების შესახებ და იყო შემთხვევა, ადგილზევე შეავსებინეს განაცხადი და დასაქმდნენ ჩვენი ბენეფიციარები (ასეთი იყო სუპერმარკეტი „ნიკორას“ წარმომადგენლების ვიზიტი ჩვენს ცენტრში, სადაც ერთდროულად 17 ადამიანი დავასაქმეთ). ასევე, ვეხმარებით CV-ის წერაში და გასაუბრებისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში.
–ცენტრის ფუნქციონირება 2 წელზე მეტ დროს მოითვლის, შეაჯამეთ თქვენი მუშაობა
– „ბოლნისის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“ 2 წელზე ცოტა მეტია რაც არსებობს ბოლნისში და გვყავს 56 დასაქმებული ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ჩვენი დახმარებით დასაქმდნენ, 180 კურსდამთავრებული, რომლებმაც მხოლოდ ჩვენი კურსები გაიარეს და სულ 380 ბენეფიციარი გყვავს ამჟამად, რომლებსაც ერთი კონსულტაცია მაინც აქვთ გავლილი კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებთან.
ერთ-ერთი ჩვენს მიერ დასაქმებულია ნათია ციმაკურიძე(სოფელ ქვეშიდან),რომელმაც მოგვმართა, რომ სჭირდებოდა დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერება და სამსახურის მოძიებაში დახმარება.
„ბოლნისის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ დასაქმებული ნათია ციმაკურიძე:
-მე გახლავართ სოფელ ქვეშიდან, მსურდა დასაქმება და ამიტომ მივმართე აღნიშნულ ცენტრს, საჭიროებიდან გამომდინარე, დასაქმებამდე დამიგეგმეს რამდენიმე ნაბიჯი , პირველ რიგში გადამამისამართეს „დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერების“ ტრენინგზე, ამის შემდეგ საოფისე პროგრამების კურსზე, ასევე გავიარე ინგლისურის შესწავლის კურსი და ამის შემდეგ დამასაქმეს „ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში“ რეგისტრატორად.
,,დასაქმების პროცესზეც მინდა აღვნიშნო, რომ „ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან“ თავად დაგვიკავშირდნენ, რომ სჭირდებოდათ გადამზადებული კადრი, რომელსაც კარგად ეცოდინებოდა საოფისე პროგრამები. ჩვენ ვიცოდით, რომ იმ ეტაპზე ნათიას სურდა დასაქმება და აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებსაც. მივაწოდეთ ნათიას ეს ინფორმაცია და ჩვენი დახმარებით დასაქმდა. ასეთი შუამავლის როლს ვასრულებთ ხოლმე დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებელს შორის’’. მერი თამაზაშვილი
„ბოლნისის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის“ დასაქმებული ქეთინო დეკანაძე:
-მე გახლავართ სოფელ ხატისოფლიდან. აღნიშნული ცენტრის კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებმა თავად შემომთავაზეს, რომ ჰქონდათ სხვადასხვა ტრენინგები, რისი გავლის საშუალებითაც გავიძლიერებდი დასაქმებისთვის საჭირო უნარებს. ამის მერე გავიარე „დასაქმებისთვის საჭირო უნარების“ ტრენინგი, შემდეგ მიმიწვიეს „სუპერმარკეტ ნიკორას“ ვიზიტზე, მოვისმინე და შევთანხმდით პირობებზე, მაშინვე შევავსე განაცხადი და მალევე დავსაქმდი. დღემდე ვმუშაობ „სუპერმარკეტ ნიკორაში“ მოლარედ.
–სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით, პროექტის ფარგლებში, ხომ არ აპირებთ კიდევ რაიმე დამატებითი სერვისის შეტანას თქვენი საქმიანობის ფარგლებში?
-როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი პროექტი ხორციელდება CSRDG-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით 3 რეგიონში. სამწლიანი პროექტია და სამწუხაროდ, ამ წლის დეკემბერში სრულდება. დარჩენილი 4 თვის განმავლობაში დამატებითი სერვისის შეთავაზება არ იგეგმება, მაგრამ გვსურს მოვუწოდოთ როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ისე რეგიონის მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ვინც ფიქრობს რომ სჭირდება ჩვენი დახმარება, კარიერული განვითარებისა და დაგეგმვის კუთხით, 16 წლის ზემოთ, ნებისმიერს შეუძლია მოგვმართოს „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ და მიიღო კარიერული დაგეგმვის კონსულტირება სრულიად უფასოდ.