ქ.ბოლნისიდან 6 კილომეტრის დაშორებით, ტაფნის ველ-მინდვრებში, მზის გულზე გაშლილი პატარა სოფელი დისველი მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 3 ათეული წლის წინ 120 ჰა მიწის ნაკვეთზე გაშენდა.
სოფელს სახელი ლეგენდის მიხედვით ეწოდა. ერთ-ერთ ბატონს არსებულ ტერიტორიაზე მდებარე მინდვრები დისთვის საქორწილო საჩუქრად უბოძებია და სწორედ ამ ამბავს უკავშირდება აღნიშნული სოფლის სახელწოდება „დის ველი“.
ისტორიულად დის ველებით ცნობილ მიწაზე ახალი სოფლის შენებას საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა, სადაც მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხულოს რაიონიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლ-კაროდ დარჩენილი ოჯახები ჩაასახლეს. ასე გაჩნდა ახალი ქართული სოფელი ბოლნისში.
ეკომიგრანტებმა აჭარიდან ბოლნისში ცხოვრების რიტმს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ფეხი აუწყვეს. დისველის სახელი მალევე ბოლნისის მასშტაბს გასცდა, აქ 2008 წლის ბრძოლაში მონაწილე და გმირულად დაღუპული ასლან შაინიძე ცხოვრობდა, რომლის სახელსაც სოფლის საჯარო სკოლა და ახალგაზრდებისთვის მოწყობილი თავშეყრის ადგილი ატარებს.
მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, მოსახლეობის სურვილითა და ძალისხმევით თვალსაჩინო ადგილას დაიწყო ბაზილიკური ტაძრის მშენებლობა, რომელშიც მთელი სოფელი, განურჩევლად სარწმუნოებისა, ერთნაირად იღებდა მონაწილეობას, სწორედ მათი შრომითა და მონდომებით 2010 წლის 13 დეკემბერს, დისველში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
ბოლნისელი აჭარლებისთვის ძირითად შემოსავლის წყაროს მესაქონლეობა და მიწათმოქმედება წარმოადგენს, თუმცა სულ რამოდენიმე წლის წინ სოფელში, ეკომიგრანტი ქალების წამოწყებით ყველის მცირე საწარმო გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოში ადგილობრივი რძისგან, მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ, რომლის რეალიზებაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ასევე სოფელში მოგვარდა და გადაიჭრა წლების მანძილზე არსებული გზის პრობლემა.
გადაცემის მომზადებისას მეგზურობა და მასპინძლობა სოფლის წარმომადგენელმა ზურაბ შაინიძემ გაგვიწია, სწორედ მის ოჯახში მოვამზადეთ და დავაგემოვნეთ აჭარული ტრადიციული კერძი „ბორანო“