„ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ისტორიულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, ადგილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი მეღვინეები, თავს იწონებდნენ ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების და სომელიე-ბაიერების წინაშე.
17 ივნისს, ძველ გერმანულ უბანში მოსულ საზოგადოებას თეთრი, შავი, ნახევრად მშრალი, მშრალი, ტკბილი და სხვადასხვა გემოვნური და არომატების მქონე მცირე საოჯახო და დიდი მარნების მიერ წარმოებული ღვინოების დაგემოვნება შეეძლოთ.
ფესტივალზე საზეიმოდ გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი შენობა იმანუილ ვალკერის, კატერინენფელდისა და ელიზაბეტ თალის პედაგოგსა და მწერალს ეკუთვნოდა. მისი რესტავრაცია ავთენტური სახით „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით და კომპანია „არემჯი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ფესტივალი „ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქის“ მთავარი ღონისძიება, დაგემოვნებული და დატესტილი ღვინოების დაჯილდოების ცერემონიალი იყო. გამოვლინდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი მეღვინეები. ერთ-ერთი ოქროს მედალოსანი ბოლნისელი სოსო მუხიგულაშვილია. წლებია უკვე ღვინოს აწარმოებს და ეს შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთ ფესტივალზე მიუღია დამსახურებული ჯილდო, მისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
ფესტივალი ყველა ასაკის სეგმენტზე იყო გათვლილი, 14 საათიდან დაწყებული აქტივობები, გვიანობამდე გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში მას მუსიკალურად ადგილობრივი ბენდი აფორმებდა. ღონისძიება ნიაზ დიასამიძის და 33ა კონცერტით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქის“ წარმდგენია კომპანია „არემჯი“. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აგროცენტრის ორგანიზებით გაიმართა.