რუბრიკამ „პანდემიის თაობა“ შეიცვალა სახელი და „წარმატებულის“ ფორმატში გააგრძელებს საინტერესო, მშრომელი და მიზანდასახული ადამიანების გაცნობას. ჩვენი გაზეთის გვერდებიდან, არაერთი წარმატებული ადამიანის შესახებ გიამბეთ, თითოეულმა მათგანმა შემდეგი ნომრის რესპონდენტი თავად დაასახელა. ანანო უგრეხელიძემ შემოგვთავაზა, საზოგადოებისთვის, ბოლნისის ზრდასრულთა ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი, ნუცა გობეჯიშვილი გაგვეცნო. ნუცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და უკვე რომანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტია. გასულ წელს, გაცვლითი პროგრამით, საფრანგეთში იმყოფებოდა და როგორც კი ჩამოვიდა, დაიწყო მუშაობა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულის მასწავლებლად.
ნუცა პოლიგლოტია, გარდა ფრანგული ენისა, იცის რუსული, ინგლისური, იტალიური და ესპანური, თუმცა სამომავლო გეგმებშია გერმანული ენის შესწავლაც. ნუცა მიზანდასახულია, რომლის განსახორციელებლად ბევრს შრომობს. მისთვის მისაბაძი ადამიანი დედაა და, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედამ მისით იამაყოს. როგორც ამ რუბრიკის თითოეული სტუმარი, ჩვენი რესპონდენტიც მომავალ თაობებს დახურული კარების გასაღებად, ცოდნის მიღებას ურჩევს.
-ნუცა, ჩემს რუბრიკაში დაგასახელათ ანანო უგრეხელიძემ, როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიათ თქვენ?
-პირველ რიგში, ანანოს მადლობა, რომ ამ რუბრიკაში დამასახელა. ალბათ ის თვლის, რომ მომავალი წარმატებული ადამიანი ვარ.
-ვინ არის ნუცა გობეჯიშვილი, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
– მე ვარ ერთი უბრალო გოგო, ვისაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია, ენების შესწავლა და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. ვსწავლობ მაგისტრატურაზე და ვმუშაობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მყავს საყვარელი მოსწავლეები, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი.
-თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა ოჯახი?
– ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის კარგად ხვდება და ვიცი, რომ ყოველთვის მგულშემატკივრობენ. პროფესიით ვარ ფრანგული ენის ფილოლოგი. ბავშვობიდან მიყვარდა ენების სწავლა და ყოველთვის მინდოდა პოლიგლოტობა. სურვილი ავისრულე და უკვე 5 ენა ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რამდენიმეს კიდევ ვისწავლი. როგორც გითხარით, პროფესიით ვმუშაობ და ბავშვებს უცხო ენას ვასწავლი. მარტში ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დავიწყე მუშაობა და მიხარია, ბევრს მიეცა შესაძლებლობა, შეესწავლა ფრანგული ენა.
– რას აკეთებ თავისუფალი დროს?
– თავისუფალ დროს წიგნისა და სამაგისტრო ნაშრომის წერას ვუთმობ.
-რა არის პირველი, რასაც აკეთებთ დილით და როგორ მოქმედებს ეს დანარჩენ დღეზე?
– მოწესრიგების შემდეგ ვსვამ ყავას, ვამოწმებ ფოსტას და ვკითხულობ მსოფლიო ახალ ამბებს.
– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარის არის…
-ყველაზე მთავარი ყოველთვის არის ოჯახი, ხოლო ოჯახის შემდეგ, საყვარელი საქმე.
-წარმატება ჩემთვის ნიშნავს…
– მიზნის მიღწევას, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე.
-რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?
-წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა, თუმცა პატარ-პატარა ბედნიერი შემთხვევებიც (რასაც ზოგიერთი გამართლებას ეძახის) საჭიროა.
-პრიორიტეტები…
-ოჯახი, განათლება, ზრდილობა, სიყვარული…
– რა გიბიძგებთ თქვენი მიზნების შესრულებისკენ?
-მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. თუ გვჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ და ამისთვის არ დაგვეზარება მუშაობა, მაშინ არც წარმატება იქნება ჩვენგან შორს.
-როგორ განსაზღვრავს საკუთარ თავს წარმატება?
-თავდაჯერებულობა და მოტივაცია გვემატება, რომ გადავდგათ უფრო დიდი ნაბიჯები სხვა მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ.
-საოცნებო სამსახური…
– დაკავშირებულია უნივერსიტეტში მუშაობასთან.
-ვინ და რამ მოახდინა დიდი გავლენა თქვენზე?
– ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე, ესენი არიან ოჯახის წევრები, მასწავლებლები, პროფესორები. ერთ ვიღაცას, ან რაღაცას, დიდი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია.
– მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობ.
– ვფიქრობ, მთავარი მიღწევა , რომლითაც ვიამაყებ, ჯერ წინ მაქვს.
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ?
– ერთმანეთის პატივისცემა.
-როგორ აყალიბებს თქვენი წარსული გამოცდილება მომავლის ხედვას?
– ვფიქრობ, წარსულის რთული პერიოდები უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი მოტივაციისთვის და გვახსოვდეს, რომ წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა მომავალი ჩვენს ხელშია.
-კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და საკუთარ თავში არაერთი უნარი აღმოაჩინეს…
– ახალი არაფერი აღმომიჩენია, უბრალოდ თავისუფალი დრო გამომიჩნდა ჰობისთვის. ძალიან მიყვარს კულინარია და ვაკეთებდი სხვადასხვა კერძებს. პანდემიის მეორე წელს კი, საფრანგეთში ვიყავი და იქ უამრავი ფრანგული რეცეპტი შევაგროვე.
– თქვენთვის მისაბაძი მაგალითი?
-ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის დედა. ის ძალიან განათლებული და ძლიერი პიროვნებაა, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით იამაყოს.
-სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ…
– 5 წლის შემდეგ , ჩემს თავს ვხედავ უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულს….
-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….
– ბოლო წიგნი, რომელიც გადავიკითხე არის სტენდალის ,,პარმის სავანე“.
-საყვარელი პოეტი, მწერალი…
– ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მიჭირს ერთის არჩევა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს მე-19 საუკუნის ფრანგი, ინგლისელი და ქართველი კლასიკოსები.
-მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ თქვენს ცხოვრებაში?
-რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ყველანი დაკავებულები ვართ და ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით, თუმცა სულ გვაქვს სატელეფონო საუბრები და მიმოწერა.
-თქვენი ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდით მათ?
– მომავალ თაობებს ვურჩევ, რომ მიიღონ კარგი განათლება, ბევრი იკითხონ და სულ ახლის ძიებაში იყვნენ, იმიტომ, რომ ცოდნა მათ დახურულ კარებს გაუღებს. ასევე არ დაივიწყონ თავაზიანობა, რადგან ჯერ კიდევ სერვანტესი წერდა, რომ არაფერი გვიჯდება ისე იაფი, და არაფერი ფასობს ისე ძვირად, როგორც თავაზიანობა.
-როგორ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას?
-ვიცხოვრებდი თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთის ბედნიერება ახარებთ.
-დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.
– ამ რუბრიკაში მინდა დავასახელო ჩემი ორი მოსწავლე (მარიამ კორტავა და ანა გრძელიშვილი ) იქნებ ერთად უპასუხონ თქვენს კითხვებს. ისინი წარმატებული მოსწავლეები არიან, ძალიან უყვართ კითხვა, ცეკვა, სიმღერა. მათ დატვირთული გრაფიკი აქვთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ წრეზე დადიან, თუმცა ეს მათი სურვილია, რადგან მოსწონთ ყველა ის საქმე, რასაც ასრულებენ და ამიტომაც გამოსდით კარგად. ცეკვაში მიღწეული წარმატებების გამო, სტიპენდიასაც კი იღებენ. ჩემი კითხვაა-როგორ ფიქრობთ, სად და რა საქმით იქნებით დაკავებულები 10 წელიწადში?
ნონა ხუზმიაშვილი