ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რელიეფის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შხამიანი გველების არსებობისთვის ხელსაყრელია, ამიტომ ის ხშირად გვხვდება არა მხოლოდ ბუნებრივ არეალში, არამედ საცხოვრებელ ზონებშიც. ამის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე რამდენიმე წელია შექმნილია სპეციალური სამსახური, რომელიც 24 საათიან რეჟიმში პასუხობს ზარებს (551 80 20 88) და ადგილზე ახდენს რეაგირებას.
შხამიანი ქვეწარმავლის – გიურზას მიერ 2 და მორიელის დაკბენის რამდენიმე შემთხვევა – ასეთია მიმდინარე წლის სტატისტიკა, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში დაკბენის შემთხვევების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება. საქართველოში გავრცელებული გველგესლას გვარის 4 სახეობიდან, ყველაზე შხამიანი გიურზაა, რომელიც ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მრავლადაა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე აქტიურდება.
წლების განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში გველის დაკბენის შემთხვევების სტატისტიკა უმნიშვნელოდ იცვლება. როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა ვიცოდეთ დაკბენის შემთხვევაში, ამის შესახებ ბოლნისის ცენტრალური კლინიკის რაბიოლოგს ოთარ გელაშვილს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა მამარდაშვილს ვესაუბრეთ.
წლების განმავლობაში, მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველის, გიურზას დაკბენებისა, ჩვენს მუნიციპალიტეტში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.