ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
spot_img
Homeრუბრიკები,,რეჟისორის ნააზრევი იმ გუნდის ხელშია, რომელიც სცენაზე და კულისებში დგას“

,,რეჟისორის ნააზრევი იმ გუნდის ხელშია, რომელიც სცენაზე და კულისებში დგას“

იზო ნიავაძე ყოფილი მსახიობი და მოქმედი რეჟისორია. იგი 48 წელია ბოლნისის თეატრის სამსახურშია.  მსახიობის ამპლუაში დაწყებული ურთიერთობა რეჟისორობით გაგრძელდა. ქალბატონი იზო 1979 წელს ბოლნისის კულტურის სახლისა და სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად აირჩიეს, 1980 წელს კი, მისი ძალისხმევით, საბავშვო თეატრს ჩაეყარა საფუძველი. ეს უკანასკნელი, დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მისივე ხელმძღვანელობით და უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი მსახიობი და რეჟისორიც კი გამოიზარდა მის წიაღში.

ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილეზე, იზო ნიავაძეს მედეა ჩახავას სახელობის  ჯილდო გადაეცა, ასევე  მიღებული აქვს გრან-პრი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ესტონეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე.

btr

-მოგესალმებით, თქვენი წვლილი განუზომლად დიდია, ქართული თეატრის, განსაკუთრებით კი, ბოლნისის თეატრის ისტორიაში, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი  ურთიერთობა ?

-ონში გავიზარდე, თეატრი  ამ ქალაქის  სავიზიტო ბარათი იყო. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ონის სინამდვილეში ვინმე, ვისაც გიგა ჯაფარიძის თეატრში მოხვედრა და თამაში ოცნებად არ ჰქონოდა. მე კი ამ მხრივ,  იღბლიანი აღმოვჩნდი, ხუთი წლის ასაკში, საბავშვო ბაღში, ვიღაც მადლიანმა საახალწლო – სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ამარჩია. მაშინ ყველაფერს მექანიკურად, მორჩილად ვასრულებდი. მომრთეს–მომკაზმეს, სულ ორი წინადადება მასწავლეს, შოკოლადებით სავსე თეფში მომცეს, მითხრეს, რომ ფარდის წინ უნდა გავსულიყავი, მისასალმებელი  ტექსტი ხმამაღლა და გარკვევით მეთქვა და დარბაზში შოკოლადები გადამეყარა, რაც შეიძლება შორს, მაყურებლის მიმართულებით. ეს იყო და ეს, თუმცა, ამ პატარა გამოსვლას, ისეთი ტაში მოჰყვა და იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ  უყოყმანოდ  ვთანხმდებოდი ნებისმიერ შეთავაზებას, რაც სცენას  დამაკავშირებდა. მას შემდეგ სცენის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ – ვმღეროდი, ვცეკვავდი, ლექსებს ვკითხულობდი და ვთამაშობდი თეატრში…. თეატრი მსახიობისა და რეჟისორის გარეშე ხომ არ არსებობს..

-გაიხსენეთ მსახიობის ამპლუაში თქვენი თავი, როგორი იყო სცენაზე ქალბატონი იზო ?

-ძალიან მიყვარდა მსახიობის ამპლუაში ყოფნა, მუშაობის პროცესი, ის პატარ-პატარა „ხულიგნობები“, რომლებიც როლის გამოძერწვაში მეხმარებოდა, ყოველ თამაშზე შენი გმირის თავიდან  აღმოჩენა, დიდი სიამოვნებაა.

-როგორც ამბობენ, სცენის მტვერი სულ სხვაა, თქვენ რომელს ამჯობინებთ, სამსახიობო ხელოვნებას  თუ სცენის მიღმა, რეჟისორის ამპლუაში გულშემატკივრობას?

-რაც შეეხება რეჟისორს,  ის „დიქტატორია“ პრემიერამდე, მაგრამ ფარდის გახსნიდან დახურვამდე, ურთულესია მისი მდგომარეობა. რეჟისორის ნააზრევი იმ გუნდის ხელშია, რომელიც სცენაზე და კულისებში დგას. განაჩენივით ელოდები შედეგს…. იშვიათად მინახავს შედეგით  კმაყოფილი რეჟისორი (ეს ჩემი პირადი აზრია). სპექტაკლის დაბადება დიდი განსაცდელი და დიდი ზეიმია….

-როგორ აღმოჩნდით ბოლნისში და საიდან გაჩნდა იდეა, საბავშვო თეატრის დაარსების ?

-1975 წლის შემოდგომაზე კაზრეთთან მომიწია ურთიერთობა, ონიდან წამოსულს, „სცენის შიმშილი“ მაწუხებდა. დასახლებაში არსებულ კლუბში საინტერესო ადამიანები იყვნენ თავმოყრილი და მათთან ერთად, თეატრის ჩამოყალიბების სურვილი გამიჩნდა, თუმცა, მოვლენები აქაც  ისე განვითარდა, რომ …..ერთ მშვენიერ დღეს, ბოლნისის თეატრის რეჟისორი მიხეილ გაბიძაშვილი მოვიდა ჩემს გასაცნობად, მითხრა, იცის ვინ ვარ, რომ მარჯანიშვილის თეატრში რესპუბლიკური  ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპექტაკლში მნახა, ძალიან დიდ პატივს სცემს გიგა ჯაფარიძეს, რომლის სკოლაც მაქვს გავლილი და პირდაპირ შემომთავაზა, მეთამაშა სპექტაკლში, რომელიც უკვე დადგმული იყო, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებლის წასვლის (გათხოვების) გამო , წარმოდგენები ვეღარ იდგმებოდა. მე დავთანხმდი. ეს იყო  ალ.ჩხაიძის  „ხიდი“, გამომძიებელი მარიკა ჩოდრიშვილი… იღბლიანი გამოდგა ჩემი პირველი  შეხვედრა ბოლნისის თეატრთან და მის მაყურებელთან, რაც ორმოცდარვა წელია, სხვადასხვა ამპლუაში გრძელდება.

-ქალბატონო იზო, მანამდე სხვა საბავშვო თეატრი არსებობდა, თუ თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი თეატრის ამ კუთხით განვითარებას ბოლნისში?

-1979 წლის სექტემბერში დავინიშნე ბოლნისის კულტურის სახლისა და სახალხო თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელად. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეს პერიოდი ურთულესი იყო სახალხო თეატრის ისტორიაში. ძველი დასიდან, რამდენიმე ახალგაზრდისა და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ვახტანგ მიხელიძის გარდა, აღარავინ შემორჩა თეატრს. დავიწყეთ დასის გაფართოებაზე ფიქრი. აქვე გამიჩნდა ბავშვთა თეატრალური სტუდიის გახსნის  იდეა, არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, ყველამ ნდობა გამომიცხადა. მაშინ ოცდაორი წლის ვიყავი, ალბათ გამოუცდელობამ, ახალგაზრდულმა ასაკმა მომცა   სითამამე   მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებთან თეატრი და მისი წიაღი ისე დამეხატა, რომ მათ სურვილი გასჩენოდათ თეატრალური სტუდიის წევრები გამხდარიყვნენ. ეს იყო ნაყოფიერი დასაწყისი, თხუთმეტმა არაჩვეულებრივმა  ახალგაზრდამ ნდობა გამომიცხადა და დავიწყეთ – „უხვად ვაფრქვევდი“, რაც ვიცოდი (ონში თეატრალური სტუდია დავამთავრე) და მათთან ერთად ვიზრდებოდი შემოქმედებითად. ძალიან მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ სტუდია სახალხო თეატრთან არსებული იყო, ამიტომ  გვქონდა ყველაფერი , რაც განვითარებისთვის გვჭირდებოდა. საბავშვო თეატრს საფუძველი ჩაეყარა 1980 წელს, მანამდე ბოლნისში ასეთი თეატრი   არ არსებობდა.

-,,საზღაპრეთი 2“ ასე ეწოდება საბავშვო თეატრს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ეს სახელი?

-„საზღაპრეთი–2“ თეატრს ეწოდა 2004 წლიდან , „ნათლობა“ შედგა ბათუმში ფესტივალზე, სადაც ჩემი ორი თეატრი მონაწილეობდა, თბილისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი“ და ბოლნისის საბავშვო თეატრი, რაკი ორ თეატრს ერთი რეჟისორი ჰყავდა, დაიბადა იდეა, მეორე დასს „საზღაპრეთი–2“ დარქმეოდა, ასე მოხდა სახელის გადათამაშება.

-თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი სპექტაკლი, რომლითაც ბოლნისის საზოგადოებამ გაგიცნოთ და სპექტაკლი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

-1988 წელს ლატვიაში, ქ.რიგაში, გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან ბოლნისის საბავშვო თეატრის სპექტაკლი „სალამურა“  იქნა წარდგენილი და დიდი წარმატება ხვდა წილად. ფესტივალიდან დაბრუნებულ დასს, საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა ვრცელი გადაცემა მიუძღვნა, ხოლო სპექტაკლი „სალამურა“ ორჯერ იქნა გაშვებული ეთერში. ეს იყო პირველი ხელშესახები წარმატება საბავშვო თეატრის ცხოვრებაში.

-წლებია ამ საქმეს ემსახურებით, როგორია ბავშვებთან ურთიერთობა,  არის თუ არა სხვაობა თაობებს შორის ?

-ყოველ წელს მიმდინარეობს თეატრთან არსებული სტუდიის შევსება, ვიღაც ამთავრებს და მიდის, ვიღაც მოდის და პირველ ნაბიჯებს დგამს… ეს ბუნებრივი  პროცესია. მუშაობის სტილიც შესაბამისად იცვლება. ხუთი წლის წინ, რაც პრიორიტეტად  მეჩვენებოდა, დღეს არაფერში მარგია, სხვა რამე ითხოვს ყურადღებას, სწორედ ამას იწვევს თაობათა ცვლა. „საზღაპრეთი–2“–ს, არსებობის მანძილზე, ჰქონია აღმასვლა და პირიქით, მე მაინც ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი იმ რეჟისორებს  და მსახიობებს, რომლებიც ამ თეატრში გაიზარდნენ და ყველაზე მთავარი – ისინი ბოლნისის სახალხო თეატრის დასში იმკვიდრებენ ადგილს.

-ქალბატონო იზო, გვესაუბრეთ ,,საზღაპრეთი 2-ის“ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

-თეატრი ამჟამად მუშაობს სპექტაკლზე  „ოცნება და სინამდვილე“ (თამაზ ჭილაძის „თავფარავნელის ბალადის“ მიხედვით), გვაქვს მოწვევა  რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში. იმედი მაქვს, წლევანდელი თეატრალური სეზონი ნაყოფიერი იქნება.

მადლობა, ყურადღება რომ შეაჩერე ჩვენს თეატრზე, კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც შენც თამაშობდი ერთ–ერთ სპექტაკლში.

-მადლობა თქვენ, ქალბატონო იზო, გისურვებთ შემოქმედებით წინსვლას.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

1 კომენტარი

  1. ქ-ნი იზო სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება წლების განმავლობაში ბოლნისში

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები