სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024
spot_img

პედაგოგი უნდა იყოს ერუდირებული, საქმის ერთგული, მიუკერძოებელი

ჩემი მასწავლებელი

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად მოდიან  ადამიანები საოცარი ხმით, სიტყვებით, თვალებით, სიცილით, მათ ყველაფერი განსაკუთრებული იციან. მოდიან და მერე არასოდეს მიდიან,  სამუდამოდ რჩებიან  გონებაში.

მოდიან და გაყვარებენ რაღაც ისეთს, მხოლოდ მათთან შეხვედრით რომ შეიძლება შეყვარება.  ბავშვობის მოგონება ღრმად რჩება შენს გონებაში მაშინ, როცა ყველაფერს ფერადი ფერებით ხედავ და  მარტივი წინაღობაც ძალიან  რთულად გესახება,  სწორედ  ეს ადამიანები გვეხმარებიან,  ასხვაფერებენ, აადვილებენ და ცვლიან შენს ბავშვობას და სიტყვას  „ვერ შევძლებ“ ფასს უკარგავენ, ისინი  გვასწავლიან,  რომ შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ ბევრი უნდა ვიშრომოთ, გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. სწორედ ასეთ პედაგოგზე, ღირსეულ ადამიანზე   გიამბობთ, რომელმაც უამრავი თაობა აღზარდა, ასწავლა ადამიანების პატივისცემა  და შეაყვარა სწავლა. დღესაც იგივე შემართებით, სიდიადითა და სიკოხტავით აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას, მას ისეთივე საოცარი ხმა აქვს, ისევ ისეთი ოქროსფერი თმები- ცოტა ჭაღარა შერეული, და დახვეწილი ჩაცმულობა, როგორც  ჩემს  ბავშვობაში.

,,პირადად მე ჩემს მასწავლებლად ის ადამიანები მიმაჩნია, რომელმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს, ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.’’ ნოდარ დუმბაძის ამ ჩანაწერის წაკითხვისას ჩემი მასწავლებელი მახსენდება.

მარიამ (მანანა) რეხვიაშვილია, პედაგოგი, რომელიც  მთელ  ენერგიას, კვალიფიკაციას,  მომავალი თაობის აღზრდაში დებს. პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და მოტივაციით ასაკს ამარცხებს. წარმატებულმა  პედაგოგმა   დიდი გზა და გამოწვევა გაიარა,  სკოლისა და ბავშვების სიყვარულში  მუშაობის  57  წელმაც გაიარა.  გაზეთი ,,ბოლნისი’’ გიამბობთ ღვაწლმოსილი პედაგოგის განვლილ გზაზე.

ბავშვობა 11 წლამდე, სტავროპოლის მხარეში  ქლუხორის რაიონში გავატარე, სადაც ჩასახლებული იყო რაჭველების , სვანების, მთიულების რამოდენიმე სოფელი. 1956 წელს მოხდა სოფლის გეგმიური გადმოსახლება ბოლნისის რაიონში, რუკაზე გაჩნდა ახალი დასახლება რაჭისუბანი- ჭიორელებით  დასახლებული ძირძველი რაჭული სოფელი.

,,სტავრაპოლში, სადაც 11 წლამდე ვიზრდებოდი, ძალიან კარგად მახსოვს .მყავდა თანატოლების მთელი არმია, მათთან ერთად უდარდელად, ძალიან მშვიდ გარემოში ვცხოვრობდი. სტუდენტობა მაინცდამაინც არ განმიცდია,  ვისწავლე დაუსწრებლად, შევქმენი ოჯახი და სამუდამოდ დავიდე ბინა რატევანში, პროფესია -პედაგოგი დედამ შემაყვარა, ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი მეხუთე კლასამდე, მან ანბანთან ერთად ბევრი რამ მასწავლა.’’

რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგობა?

ჩემთვის პედაგოგობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ბავშვებთან ურთიერთობა საოცარია, მათგან ბევრს ვსწავლობთ, უკუკავშირი საოცარი რამაა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ. მათი განვითარებისთვის ისევე ვზრუნავ, როგორც საკუთარი შვილებისთვის, 58 წელი ცოტა არა, როცა განვლილ გზას გადავხედავ, სიხარულით და სიამაყით ვივსები, უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ  ყოფილი მოსწავლეებისგან.

 როგორ შეაფასებდით თაობათა  ცვლას?

  დროსთან ერთად იცვლება თაობა, ახლა სხვაგვარად მოაზროვნე ბავშვები არიან, ტექნიკურმა პროგრესმა  მრავალ სიკეთესთან ერთად, უარყოფითი შედეგიც მოიტანა. მიუხედავად თაობათა ცვალებადობისა, ბავშვებთან ურთიერთობაში პრობლემა არასოდეს მქონია, უნდა იცოდე,  როგორ მიუდგე,  რომ მოიპოვო მათი ნდობა.

როგორი უნდა იყოს პედაგოგი, და რა არის  თქვენი ძირითადი სამუშაო მიმართულება?

პირველ რიგში პედაგოგი უნდა იყოს ერუდირებული, თავისი საქმის ერთგული, მიუკერძოებელი და ტაქტიანი. ჩემი სამუშაო მიმართულება  შრომისმოყვარეობა და მუდმივი ძიებაა. პედაგოგობა არაა მარტივი, მუდმივი შრომაა.  ეს გზა რთულია, მაგრამ კეთილშობილური. ბავშვებთან ურთიერთობისას მთავარია, ბუნებრივი იყო და შენი ცოდნა საუკეთესოდ გაუზიარო. ისინი უცებ გრძნობენ შენს ხელოვნურობას. მაგრამ თუ გულწრფელი ხარ, მათ ნდობას ადვილად მოიპოვებ, გაგიგებენ და სიმკაცრეც არ იქნება საჭირო.

თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით და რას ისურვებდით?

ვისურვებდი მასწავლებლის პროფესია გახდეს  მეტად პრესტიჟული, შრომა ძალიან დიდია და ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა იყოს, განათლების სისტემა კი  მორგებული უნდა  იყოს ჩვენს სკოლებზე, აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საჭირო რესურსით აღჭურვა. ასევე კარგი იქნება, საატესტატო გამოცდები ისევ იყოს.

 P.S  მისაბაძი და სამაგალითო ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოველდღიურად გაიზარდოს, ისწავლოს და ასწავლოს სხვას.არის სერტიფიცირებული პედაგოგი.   ის აქტიური მოქალაქეა, ჩართულია სხვადასხვა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, აი ასეთია ჩემი საყვარელი მანანა მასწავლებელი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები