შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

პედაგოგიურ ფუსფუსში გაქცეული წლები

ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით მისაბაძები ხდებიან. ამოუცნობია, როგორ აღწევენ ისინი ერთდროულად იყვნენ ძლიერებიც და თავმდაბლებიც, საქმის პროფესიონალები, კარგი მეგობრები და სამაგალითო ადამიანები, სწორედ ასეთ ქალბატონზე მოგიყვებით. გიამბობთ 88 წლის ნუნუ მუსერიძეზე, რომელიც 38 წლის მანძილზე პედაგოგად მუშაობდა, პირნათლად ასრულებდა საქმეს, რომელიც მთელი გულით უყვარს. პროფესია პედაგოგობა ხომ ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, სწორედ მასზეა დამოკიდებული მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში  ხელშეწყობა. მუშაობის პროცესში მისი ძირითადი მიმართულება  სწორი აზროვნების ჩამოყალიბება და ცოდნის გადაცემა იყო. ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულ ნუნუ მასწავლებელს წლები ისე შემოელია, რომ საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია, თითოეული ბავშვი საკუთარი შვილივით უყვარდა, მათი ბედნიერებით ცხოვრობდა. უამრავი თაობა აღზარდა, მას შემდეგ კი, როცა საპენსიო ასაკის შეიქმნა, გზა ახალგაზრდებს დაუთმო და დღეს ისე ცხოვრობს, როგორც პენსიონერს შეჰფერის, თუმცა პროფესიის მონატრებას ვერ გრძნობს, რადგან სახლში ჯერ დისშვილებს, ახლა კი შვილიშვილს ამეცადინებს და წარსულს ასე იხსენებს.

-გვიამბეთ თქვენზე, როგორ მოხვდით ბოლნისში?

-მე ვარ ნუნუ მუსერიძე, ყოფილი პედაგოგი, აწ უკვე პენსიონერი. დავიბადე 1933 წლის 15 სექტემბერს ქ. ონში, მყავს ერთად-ერთი დედ-მამიშვილი – უფროსი და ცირა მუსერიძე. ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ქ.ონში.  6 წლამდე იქ ვიზრდებოდი, თუმცა პატარა ასაკიდან გამომდინარე, რაჭაში გატარებული წლები თითქმის არ მახსოვს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, ბოლნისი ძველი გერმანული ქალაქი იყო. მას შემდეგ, რაც გერმანელები გადაასახლეს შუა აზიაში, დაიწყო დასავლეთ საქართველოდან სოფლად მცხოვრები მოსახლეობის  ჩამოსახლება. ჩემი ოჯახი 1942 წელს ჩამოვიდა აქ, სააკაძის ქუჩაზე მოგვცეს საცხოვრებელი სახლი, მშობლებმა დაიწყეს მუშაობა, ხოლო მე და ჩემი და შევედით სკოლაში. იმ პერიოდში სკოლა  მდებარეობდა სააკაძის ქუჩაზე, ახლანდელი სპორტული სკოლის გვერდით მდებარე სტადიონის ადგილას (შემდეგ იქ ფუნქციონირებდა „ღამის სკოლა“).  შემდგომ აშენდა ახლანდელი №1 საჯარო სკოლა, რომლის მშენებლობაშიც ჩვენ, მოსწავლეებმაც შევიტანეთ წვლილი. მყავდა საუკეთესო მასწავლებლები. ძალიან განათლებული, მეგობრული, პატივსაცემი ადამიანები, ყველაზე კარგად მახსოვს  დაწყებითი კლასების დამრიგებელი – თინა ქუთათელაძე, მაღალი კლასის დამრიგებელი – რაჟდენ შკუბულიანი და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი – შალვა ბაკურაძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა  პროფესიის არჩევისას.

ბავშვობას ლაღად და მხიარულად ვატარებდი მეგობრებთან ერთად.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მიყვარდა ყველა საგანი, თუმცა ფიზიკა-მათემატიკა განსაკუთრებულად მომწონდა, ამიტომ ავირჩიე მომავალ პროფესიად ფიზიკოსობა. სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, ამიტომ მისაღები გამოცდების გარეშე,  გასაუბრების შედეგად ჩავირიცხე ივ.ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ გამანაწილეს ბოლნისში, მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლაში (ღამის სკოლა) ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. იმავე პერიოდში გარდაიცვალა ბოლნისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მათემატიკის მასწავლებელი და მის ნაცვლად მიმიღეს სამსახურში. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი.

-პროფესია პედაგოგობა რატომ აირჩიეთ და რამდენი წელი ემსახურეთ, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ მასწავლებელი?

-როგორც ვთქვი, პროფესიის არჩევაში ფიზიკა-მათემატიკის სიყვარული აღმოჩნდა გადამწყვეტი.  საბოლოოდ 38 წელი ვიმუშავე, უკეთესი პროფესია ვერც კი წარმომიდგენია. ოჯახი არ შემიქმნია. საკუთარი შვილები არ მყოლია, თუმცა თითოეული  მოსწავლე ჩემთვის იყო როგორც საკუთარი, მასწავლებლები მრავალშვილიანი დედები ვართ. სწორედ ამიტომ მიყვარს ეს პროფესია.

პედაგოგიური მოღვაწეობის ბოლო წლები გავატარე სოფელ ქვეშის სკოლაში, სადაც ვასწავლიდი როგორც ფიზიკას, ასევე მათემატიკას. აქ შევიძინე უამრავი მეგობარი, ძალიან თბილად მახსენდება იქ გატარებული წლები.

-როგორი უნდა იყოს პედაგოგი და რა იყო თქვენი ძირითადი სამუშაო მიმართულება?

-ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ყოველთვის იყო მოსწავლისთვის სწორი აზროვნებისა და ცოდნის გადაცემა. პედაგოგი პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიონალი,თავისი საგნის კარგი მცოდნე, აგრეთვე გულისხმიერი და ბავშვების მოყვარული.

-როგორი იყო  თაობა და ზოგადად ცხოვრება?

-ვფიქრობ, ყოველ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.  ყველა ბავშვს ერთნაირად ვერ მოსთხოვ. ზოგს მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები. ბავშვები არიან განსხვავებულები და მათთან საჭიროა ისეთივე მოქცევა, როგორც მათ პიროვნებას სჭირდება. მათი შესწავლა და შეცნობაა საჭირო.

ჩემს პერიოდში ცხოვრება რთული იყო, თუმცა ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცილებით თბილი. ცხოვრების სირთულეში ვგულისხმობ იმას, რომ იდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, ქვეყანა ეკონომიკურად გაუმართავი იყო და  ადამიანებს დიდი შრომა სჭირდებოდათ ცხოვრების უკეთესი პირობების შესაქმნელად. ამისდა მიუხედავად მაშინ ბევრად ახლო ურთიერთობები გვქონდა. ხშირი მიმოსვლა ნათესავ-მეგობრებთან, ადამიანები მეტად ვედექით გვერდში ერთმანეთს, ვიდრე ახლა.

-დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ვარ პენსიონერი. ვცხოვრობ  დისშვილთან და მის ოჯახთან ერთად. ვთვლი, რომ ვარ ჩემი ასაკის ადამიანის შესაფერის პირობებში. მყავს თბილი და მოსიყვარულე ოჯახი. ხანდახან დის შვილთაშვილს -ლიზიკოს ვამეცადინებ და  წარსულს ვიხსენებ.

-როგორია ცხოვრება სკოლის მიღმა?

– საუკეთესო წლები იყო სკოლაში, ბავშვებთან გატარებული ახალგაზრდობის წლები, როცა ვასრულებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ყველაზე მეტად მენატრება მოსწავლეებთან ურთიერთობა, გაკვეთილის ჩატარების პროცესი. თუმცა ცხოვრება სკოლის მიღმა, ჩემი ასაკის ადამიანისთვის სასიამოვნოც და აუცილებელიცაა. 60 წლის ასაკში, როდესაც დამენიშნა პენსია, ჩავთვალე თავი მოვალედ, გზა დამეთმო ახალგაზრდებისთვის.

-რას ურჩევთ დღევანდელ პედაგოგებს, ბავშვებს?

-დღევანდელ პედაგოგებს ვურჩევ, მოსწავლეებთან იყვნენ მუდმივად თბილ ურთიერთობაში, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრების და შესაძლებლობებისა. ბავშვებს კი შრომისმოყვარეობისკენ მოვუწოდებდი.

-თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით და რას ისურვებდით?

-ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში უფრო მოწესრიგებული იყო. ვგულისხმობ იმას, რომ ერთმანეთის მიმართ მათ ჰქონდათ უფრო მეტი მორიდება და პატივისცემა. ვისურვებდი, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა მეტი მონდომებით ეკიდებოდეს საგნის სიღრმისეულ შესწავლას.

-მადლობა გაზეთ „ბოლნისს“ ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, მადლობა თქვენ, რომ გახსოვართ.

-„გაზეთი ბოლნისის“ სახელით მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.

მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები