საქართველოში მეფუტკრეობა 7000 წელზე მეტს ითვლის. ამ დარგის მიმართ ინტერესი და სიყვარული ქართველ გლეხს ოდითგან განსაკუთრებულად ჰქონდა.
საქართველო კავკასიური რუხი ფუტკრის სამშობლოა, მისი თავისებურებებიდან აღსანიშნავია, თვინიერება, მაღალი თაფლპროდუქტიულობა, კარგი შრომისუნარიანობა და ნექტარის მოპოვების განსაკუთრებული უნარი. ქვეყნის ფლორის ბიომრავალფეროვნებამ განაპირობა, რომ დღეს მეფუტკრეობა პოპულარული და მნიშვნელოვანი დარგია. ქართული თაფლის გემოვნური თვისებები განსაკურებით მოთხოვნადია უცხოურ ბაზარზე. ბოლნისში მეფუტკრეობა მეღვინეობას არ ჩამორჩება და მისი წარმოება, დღითი დღე იზრდება და ვითარდება. სწორედ ამ დარგის ერთ-ერთ მწარმოებელზე, ახალგაზრდა მეფუტკრე, 23 წლის რუსუდან ისიანზე გიამბობთ, რომელმაც მეუღლესთან ერთად თაფლის წარმოება 2 ძირი სკით დაიწყო და დღეს მათი რაოდენობა 60-ს შეადგენს. მათი ფუტკარი გაზაფხულზე ადგილობრივი ცაცხვის, აკაციის და ძეძვის ბუკეტით საზრდოობს, ხოლო ზაფხულში დმანისის ალპური ზონის მინდვრის ყვავილების ნაკრებით იკვებება, რაც თაფლის გემოვნურ თვისებებს განსაკუთრებულსა და სასარგებლოს ხდის.
-რუსუდან, როდის დაიწყე მეფუტკრეობა?
-მეფუტკრეობას ჩემი მეუღლე წლებია მისდევს, მე ამხელა გამოცდილება არ მაქვს, ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ დამწყები ვარ. რადგან მეუღლეს მანამდეც ჰყავდა ფუტკარი, მე მასთან ერთად დავიწყე ამ საქმის კეთება და ახლა უკვე ერთად ვუძღვებით მცირე ბიზნესს. მეუღლის ასეთმა სიყვარულმა ფუტკრისადმი, ჩემი ჩართულობის აუცილებლობა და დაინტერესებაც განაპირობა, ნელ-ნელა გავერკვიე და ჩავწვდი ამ საოცარ სამყაროს, მონაწილეობა მივიღე მოვლაში, მოსავალიც მივიღეთ და ჩემთვისაც ჩვეულებრივ რუტინად იქცა, ფუტკარზე და თაფლზე ზრუნვა.
-რამდენად რთულია ფუტკრის მოვლა-პატრონობა?
– რამდენად უნიკალურია ფუტკარი, ამაზე საუბარი საჭირო აღარ არის, როგორც ზოგადად გარემოსთვის, ისე ადამიანებისთვის, რამდენად კარგი გავლენის მოხდენა შეუძლია, ფუტკარი და ადამიანი დიდი ხანია ერთად თანაარსებობენ და ზრუნავენ ერთმანეთზე, რამდენად მშრომელიცაა ფუტკარი, არანაკლებს მოითხოვს თვითონაც. უდიდესი ენერგია იდება მის მოვლა-პატრონობაში. მათთან მუშაობა, დატვირთული დღის ბოლოს, ძალიან სასიამოვნოა, განტვირთვის ეფექტი აქვს, დამამშვიდებელი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შრომის გაწევა გიწევს, მაინც კარგი განწყობით ასრულებ დღეს.
-რთული არ არის ქალისთვის ოჯახი, სწავლა და ამ დარგში აქტიურად ჩართულობა?
-ჩემი აზრით, ქალისთვის რთული არ არის მეფუტკრეობა, მთავარია ამით დაინტერესდე, გიყვარდეს რასაც აკეთებ, სურვილი და მოტივაცია თუ არსებობს, რთული არაფერია, ჩემ შემთხვევაში კი პირველ რიგში უდიდესი წვლილი ფუტკრის მოვლაში მეუღლისაა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა მაქსიმალურად გავამარტივოთ საქმე, არც ჩვენ ვართ მარტო, საჭიროებისამებრ, ოჯახის სხვა წევრებიც გვიდგანან მხარში, ამ ბიზნესის ფუნქციონირება მათი დიდი ღვაწლის შედეგიცაა. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფრის ერთად შეთავსება, საკმაოდ რთულია, სწავლას და ოჯახს ჩემი ძირითადი დრო და ენერგია სჭირდება, თუმცა ჩემი ინტერესები იმდენად დიდია, რომ ყოველთვის ვპოულობ დროს ამ საქმიანობისთვისაც. მაქსიმალურად ვცდილობთ არ გამოვტოვოთ არცერთი შემოთავაზებული გამოფენა-გაყიდვა, თუ ფესტივალი, მიუხედავად დატვირთვისა.
ბოლოს მინდა დავამატო, რომ სამეწარმეო საქმიანობაში ვთანამშრომლობთ აგროცენტრთან, მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ ისინი გვაწვდიან ინფორმაციას და მადლობას ვუხდით ამ ყველაფრისთვის.
პ.ს. ფუტკარი ბევრს შრომობს და არანაკლებს მოითხოვს ადამიანისგანო, ამბობს ახალგაზრდა მეწარმე, მას ესმის ამ საოცარი ქმნილების, შევიდა მის სამყაროში და ამ ჯადოსნური გარემოდან იღებს სიკეთეს, სიმშვიდეს, დოვლათს, რომელიც მხოლოდ აქტიური, ჯანსაღი და დაუზარელი შრომით მიიღწევა. ის, ოჯახთან ერთად, ჩართულია ამ მადლიან საქმეში და სამომავლო გეგმებიც საინტერესო აქვს, რასაც ახალგაზრდა მეწარმე თანდათან გაგვიმხელს. სხვა რა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ჩვენს რესპონდენტს, ქვეყანას კი, რუსუდანისნაირი მოტივირებული და მშრომელი ახალგაზრდები.
მარინა გავაშელი