ჩვენს სამყაროში, სადაც კრეატიულობას საზღვარი არ აქვს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირჩევენ არატრადიციულ მასალებს თავიანთი ხედვების გასაცოცხლებლად. გაიცანით თეო დავითაშვილი, ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანი, ვისთვისაც ხელები უდიდესი ,,იარაღია“. ის, რაც მის ნამუშევრებს გამოარჩევს, არის უნიკალური საშუალება- ეპოქსიდი.
ეპოქსიდი, მრავალმხრივი და ხშირად დაუფასებელი მასალა, თეოს უსაზღვრო ფანტაზიის ტილო გახდა. ეპოქსიდის სამყაროს, ახალგაზრდა გოგონას თვალით გაგაცნობთ, რაც მისთვის არა მხოლოდ გატაცება აღმოჩნდა, არამედ შემოქმედებით წამოწყებადაც აქცია. თეოს დიდი ოცნება ნელ-ნელა მიდის დასახულ წერტილამდე უნდა, რომ ჰქონდეს დიდი სახელოსნო, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი და მთელი მისი დრო, ენერგია, შემოქმედებითობა, ამ საქმიანობას დაუთმოს.
–შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს შესახებ, როგორ დაიწყო პირველი ნაბიჯები ეპოქსიდის ხელოვნებაში?
- მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. რაც შეეხება ეპოქსიდს და მის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, არც მახსოვს, როდის წავაწყდი სოციალურ ქსელში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მას მერე შეპყრობილი ვიყავი იდეით, მეც მეცადა მისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადება. რამდენიმე ვიდეო რგოლი და გვერდიც კი ჩავინიშნე. სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვეძებდი და ვაგროვებდი ინფორმაციას, სწორად დამზადების ტექნიკაზე, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე შევიძინე მასალები და საცდელად დავამზადე პატარა საყურე, რომელიც დედას ვუსახსოვრე.
- აღგვიწერეთ შემოქმედებითი პროცესი, როგორ ,,იბადება“ იდეები და რა ეტაპებს გადის, სანამ ხელოვნების ნიმუშად იქცევა?
- ერთი შეხედვით, ეპოქსიდისგან ნივთის დამზადებას თითქოს არაფერი უნდა, ძალიან მარტივი ჩანს. აიღებ ეპოქსიდს, გააზავებ, შეურევ სასურველ ფერს და ჩაასხამ ყალიბში, მორჩა! თუმცა, აქ დიდი თუმცაა! მეც ასე მეგონა, რომ ვუყურებდი სასწავლო ვიდეოებს, ეს რა ადვილი საქმეა-მეთქი, მაგრამ მუშაობის პროცესში, იმდენი დეტალის გათვლა გიწევს, ერთ პატარა ბრელოკს 2-3 დღე სჭირდება, რომ გამოშრეს, შემდეგ აწყობა, გაპრიალება ( დატოპვა), ხელახლა გაშრობა, შეფუთვა და ადრესატისთვის მიწოდება. როცა ნივთის დამზადებას ვიწყებ, აუცილებლად ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილებს. ხშირად წარმომიდგენია ის ადამიანი ამ ნივთთან, როგორ მოუხდებიან ერთმანეთს, თითქოს ვცდილობ, ერთგვარი კავშირი დავამყარო მომავალ პატრონსა და ნივთს შორის. მერე მოდის იდეებიც. ფერები თავისით ჯდება გონებაში, და წინასწარ წარმომიდგება ხოლმე, ჯერ არ დამზადებული ნივთი. წარმოსახვაზე დაყრდნობით კი, ნელ-ნელა ” ვძერწავ” ეპოქსიდისგან.

- რა მასალებსა და ტექნიკას იყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად?
- ეპოქსიდს ორი კომპონენტი აქვს, რომლის ერთმანეთში შეზავებითაც მყარდება ნივთი. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მასში სამუდამოდ შეგიძლია შენი მოგონებები შეინახო და უკვდავყო. რამდენია, ვისაც წიგნში სათუთად შენახული აქვს ძვირფასი ყვავილები, მე შემიძლია ამ ყვავილებისგან გასაოცარი და ლამაზი ნივთი დავუმზადო, რომელსაც თვალსაჩინო ადგილას დადებს. ასევე შესაძლებელია მასში აკრილით მოხატვა, რომელიც ერთხელ ვცადე, ფერებს სპეციალური თხევადი თუ ფხვნილის საღებავებით ვაძლევ. ეპოქსიდს აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობები, გამოხატო შენი თავი. ამ ეტაპზე პატარა ნივთების დამზადებით უფრო ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შემოქმედებით და ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს, მით უმეტეს, თუ ახალი დაწყებული გაქვს საქმიანობა. ჯერ ასე ვთქვათ, ხელი არ გაქვს გაწაფული, “შენი ხაზის” მოძებნას დრო უნდა. მე ჯერ ძიების პროცესში ვარ, დამწყები ამ საქმიანობაში და ვცდილობ ჩემს ნაკეთობებში მე ვიკითხებოდე, ჩანდეს ჩემი გემოვნება, მაგრამ ეპოქსიდისგან დამზადებული აქსესუარები თუ ნივთები, იმითაა განსაკუთრებული, რომ მე შენი გემოვნებითა და შენი სურვილების გათვალისწინებით შემიძლია აგიწყო საჩუქარი. თუმცა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნამუშევრებს ეტყობოდეს, რომ ჩემია. ხელოვნება ხომ სწორედ მაგის საშუალებას გაძლევს, საკუთარი თავი გამოავლინო და ხალხსაც სწორედ ეს, შენი ინტიმური ნამუშევარი მოსწონს, აფასებს, გიჩნდება მომხმარებელი, რომელსაც სწორედ შენი პროდუქტი მოსწონს. აქეთ მინდა წავიდე. იმედია, გამომივა.
- ნამდვილად, შესანიშნავი ნამუშევრები გაქვთ! ვფიქრობ, საზოგადოებაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თითოეული მათგანი. როგორც ამბობთ, სამუშაო პროცესი სასიამოვნო, თუმცა არც ისე მარტივია. ხომ ვერ გაიხსენებთ თქვენი შექმნილი ნივთებიდან ერთ-ერთს, რომელზე მუშაობაც ყველაზე მეტად რთული აღმოჩნდა?
- დიდი მადლობა, იმედია გამომწერებიც იმავეს ფიქრობენ.
დიახ, ერთი განსაკუთრებით “მწარედ” მახსოვს.
ეპოქსიდზე ძირითადად ღამით ვმუშაობ. დღე დრო არ მაქვს, მცირეწლოვანი შვილი მყავს. ერთ ასეთ მშვენიერ საღამოს დავამზადე დიდი ლანგარი, საკმაოდ ბევრი ეპოქსიდი დავხარჯე, ულამაზესი იყო, თუმცა, როცა ფორმა უნდა მიმეცა და მომეღუნა, ამ დროს ჩემმა შვილმა გაიღვიძა და სანამ ძილი შევუბრუნე, მეც მის გვერდით მიმეძინა. დილით რომ გავიღვიძე, ნაკეთობა იმდენად გამაგრებული დამხვდა, რომ ფორმის მიცემა უკვე შეუძლებელი გახდა . მაინც ვცადე რაღაც “ხრიკები” მისი სასურველ ფორმაზე დასაბრუნებლად, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა და შუაში გამიტყდა უდიდესი და ულამაზესი ლანგარი. აი, ასე. ყველაფერს წამებსა და წუთებში უნდა გათვლა, როდესაც ეპოქსიდს შეეჭიდებით.

- არის რაიმე კონკრეტული თემა, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება თქვენს ნამუშევრებში?
- ბაბუაწვერები! ძალიან მიყვარს ბაბუაწვერები. ამ ზაფხულს, სადაც შემხვდა, ყველგან მოვაგროვე, თუმცა უკვე გამითავდა და მომავალ ზაფხულს სულმოუთქმელად ველოდები.
- როგორ ახერხებთ, პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეუთავსოთ, ამ ულამაზეს ნივთებზე მუშაობის პროცესი?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირეწლოვანი შვილი მყავს და ამ ეტაპზე არსად ვმუშაობ. ვარ ასე, თვითნასწავლი ეპოქსიდში. როდესაც საღამოს ბავშვის დამკავებლები მოდიან სამსახურიდან, მე დაწყებითი კლასების ბავშვებს ვამეცადინებ ქართულსა და მათემატიკაში. ბავშვთან ერთად ეს ყველაფერი და პლუს სახლის საქმიანობაც, მარტივია- მეთქი, ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია სიამოვნებას განიჭებდეს საქმე, რასაც აკეთებ. ბავშვები ჩემი სისუსტეა, იმდენად მიყვარს მათთან ურთიერთობა. ხელოვნება კი, ასე ვიტყოდი, ცხოვრებას მილამაზებს.
- გაქვთ საყვარელი ნამუშევარი და რა ხდის მას თქვენთვის განსაკუთრებულს?
- ყველა ნამუშევარი არის გულიდან წამოსული. ძნელია არჩევა. თუმცა ერთს გამოვყოფდი – ქარჩხაძის “იგის” ილუსტრაცია ჭიქის სადგამ კოსტერზე, ალბათ, შეუცვლელია ჩემთვის.
- უზიარებთ თუ არა საზოგადოებას, თქვენს ეპოქსიდურ ხელოვნებას, სოციალური პლატფორმის მეშვეობით?
- ამ ეტაპზე სოც.პლატფორმაზე მაქსიმუმ ფოტოების დადება მოვახერხე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ჯერ სწრაფად ლავირება სოც.პლატფორმაზე, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, მიჭირს. თუმცა, მაგ საკითხსაც აუცილებლად გავაუმჯობესებ.

- უთხარით მკითხველს, სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა შეგიკვეთონ მათთვის სასურველი პროდუქტი?
- ამ ეტაპზე მხოლოდ ფეისბუქ გვერდი მაქვს, რომელსაც – ემოცია/emotion ჰქვია. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მომწეროთ ამ გვერდის პირად შეტყობინებაში.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩემი გეგმა ერთი დიდი ოცნებაა, რომელსაც ნელ-ნელა ვახორციელებ. მინდა მქონდეს სახელოსნო, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი და მთლიანი ჩემი დრო, ენერგია, შემოქმედებითობა ამ საქმიანობას დავუთმო.
- რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც დაინტერესებულია ეპოქსიდის ხელოვნებით და სურს შეისწავლოს მათი შექმნა?
- ყველას, ვინც დაინტერესებულია ეპოქსიდის ხელოვნებით, მინდა ვუთხრა- რას ელოდები?! დღესვე დაიწყე! დღესვე სცადე! ეპოქსიდი აუცილებლად გაჩვენებს, ხარ თუ არა მისი შემოქმედი!
მარიამ ონიანი
