,,გურამ დოჩანაშვილი წერდა: ,,რომ არსებობდეს კარგი პოეტების რუკა, სადაც ქვეყნების სიდიდე და სიმცირე იმით განისაზღვრება, თუ რამდენი პოეტი ჰყავს ქვეყანას, მაშინ საქართველო სულაც აღარ იქნებოდა პატარა“. დიახ, საქართველო სულაც არაა პატარა, რადგან ქვეყნის სიდიდე მხოლოდ მისი ფართობით არ განისაზღვრება. საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანას საიმედო მომავალი ჰყავს, ანი მაისურაძე ერთ-ერთია. მისმა მოთხრობამ ,,სიყვარულმა სევდა გვირილებით გადაფარა“ საუკეთესო ნამუშევრის ტიტული მიიღო და კრებულში დაიბეჭდა. შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით, ის სამყაროს ლამაზი ფერებით ხედავს. მის ნაწერებში უსაზღვრო სითბო, სიყვარული და სიკეთე იღვრება. პიროვნულადაც ლაღ და მხიარულ გოგონას არტისტული მონაცემებიც აქვს. საოცარი გარდასახვის უნარი ეხმარება წარმატების მიღწევაში. ის სამყაროს ხედავს სიყვარულის თვალით და ,,დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს“, ,,სუფთა გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული დააბიჯებს“ ანი მაისურაძე და ბედნიერი ვარ, რომ მისი მასწავლებლი მქვია“- დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნელი სანდოძე ასე შთამბეჭდავად და ლამაზად საუბრობს მოსწავლეზე.
-გვიამბე შენზე, სულ ახლახან იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდი.
-დავიბადე და გავიზარდე დაბა კაზრეთში. ვსწავლობ კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში, ვარ მეათე კლასელი, მიყვარს წერა სხვადასხვა მიმართულებით: ლექსი, მოთხრობა, სცენარი და ა.შ. ჩართული ვარ არაერთ კლასგარეშე აქტივობაში, პროექტსა და კონკურსში.
–საუკეთესოდ აღიარეს შენი მოთხრობა. რა გრძნობა იყო, როცა ამის შესახებ გაიგე?
– წარმატება ამ კონკურსში ნაშრომის გაგზავნაა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ კუთხით და ცხადია, მონაწილეობის მიღება, უკვე დიდი წარმატება იყო ჩემთვის, ენით აღუწერელი, ზღვა ემოციები მივიღე, როდესაც მაცნობეს, რომ ჩემმა მოთხრობამ საუკეთესო ნაშრომის ტიტული მიიღო. მიუხედავად მიღებული ჯილდოსი, ვთვლი, რომ პირველ რიგში ყველაზე დიდი ჯილდო საკუთარ თავზე გამარჯვება, იმის დამტკიცება იყო, რომ შეუძლებელი არაფერია. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, ამ კონკურსში მოთხრობის გაგზავნით, გამარჯვებამდე გავიმარჯვე!
-როდის დაიწყე წერა?
-წერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, დაახლოებით 7 წლის ვიყავი, როდესაც კალამი ავიღე ხელში, ვწერდი ყველაფერზე და ვწერდი ყოველდღე, თუმცა, დროთა განმავლობაში, თითქოს შევწყვიტე და ცოტა ხნით პაუზა ავიღე. წლების წინ, საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ვგულისხმობ ბათუმში შენობის ჩამონგრევის ამბავს, ამან ჩემზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დავჯექი და თავისით შეიქმნა ლექსი, რომელიც თითოეულ იმ ადამიანს მივუძღვენი. ვთვლი, რომ ამ ლექსით, მთელი საქართველოს სათქმელი ვთქვი და ჩემი გულისტკივილი გამოვხატე. ამ დღიდან დავუბრუნდი წერას და დღემდე ვწერ.
-ძირითადად რაზე წერ ხოლმე?
– ყოველთვის ვწერ იმაზე, რაც მაბედნიერებს, მასევდიანებს ან მაბრაზებს. მაშინ ვწერ, როდესაც სიტყვები მეწურება. ჩემი ნაწერები გაჟღენთილია ემოციებით და ვწერ იმაზე, რაც ამ ემოციებს მანიჭებს, რაც გულიდან მოდის, და არა გონებიდან.
-რომელია შენთვის საყვარელი შემოქმედი (მწერალი, პოეტი)?
-ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც კალამს ხელში იღებს და რაღაცას ქმნის, არის შემოქმედი. არ აქვს მნიშვნელობა რას წერს და რაზე, ჩემი აზრით, თითოეული ადამიანის შედევრი განსაკუთრებულია. მიუხედავად ამისა, როდესაც საყვარელ შემოქმედს ეხება საქმე, რა თქმა უნდა, მახსენდება ქართველი მწერლები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და ისტორია, რაც მარადიულად გაჰყვება თითოეულ ქართველს. მაგრამ თუ მაინც მიწევს ამორჩევა გალაკტიონ ტაბიძეს ვანიჭებ უპირატესობას. ასევე მიყვარს ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთელის შემოქმედება.
-ვინ არიან შენი შემოქმედების პირველი მკითხველები?
-ჩემი შემოქმედების ერთგული და მუდმივი მკითხველები არიან ის ადამიანები, ვისაც ლექსისა თუ სხვა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ვამჩნევ ემოციებს. ისინი მიმანიშნებენ, რომ არ უნდა გავჩერდე, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის დავინახო ამ ადამიანების ემოციები. აი ესენი არიან ჩემი შემოქმედების პირველი მკითხველები, ჩემი ახლობლები, მეგობრები.
-როგორც ჩვენთვის ცნობილია, სცენარების წერაც გეხერხება, რამ გიბიძგა დაგეწერა სცენარები და ძირითადად ვისთვის წერ?
-როგორც ლექსებსა თუ მოთხრობებს ვწერ, ჩემი შინაგანი სამყაროს აღსაბეჭდად, სწორედ ასე ვქმნი სცენარებსაც, ამიტომ, სცენარების დაწერისაკენ, ჩემი ემოციები და შინაგანი სამყარო მიბიძგებს. სცენარის ზუსტად და სწორად შესწავლისთვის აუცილებელია განიცადო შენი პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა, ხასიათი თუ მოქმედება, ამ თვალსაზრისით ის პერსონაჟები, რომელთა განსახიერებაც მიწევს შემდგომ, პირველ რიგში ზუსტად მყავს შესწავლილი, ზუსტად ვხედავ მათ წარსულს, აწმყოს და მომავალს. თუ არა ეს ყველაფერი, მე უბრალოდ ვერ განვასახიერებ ამ პერსონაჟს. ამიტომ სცენარებს ყოველთვის ვწერ ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ზუსტად განიცდის და იაზრებს პერსონაჟის შინაგან სამყაროს.
-როგორ ფიქრობ, რა არის შენი თანატოლების მთავარი პრობლემა?
-ჩემი თანატოლების და მათ შორის ჩემი პრობლემა, უამრავი რამ შეიძლება იყოს, თუმცა, რასაც ვაკვირდები, ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს ეშინია იმის თუ ,,რას იტყვის ხალხი”, სწორედ ამიტომ, იკავებენ თავს ნებისმიერ საკითხზე. ვხედავ, რომ ახალი თაობის გარკვეულ ნაწილს ეშინია გამოწვევების, ამიტომ ურჩევნიათ ჩრდილში ყოფნა, ასეთი კატეგორიის ადამიანებს ვეტყოდი, თუ მაღლიდან არ დაეშვები, ფრენას ვერ ისწავლი! აქედან გამომდინარე უნდა სცადო ყველაფერი, რაც ბედნიერებას განიჭებს. ნაკლებად იფიქრონ იმაზე, თუ რაიმეს არასწორად გააკეთებენ, ხალხი გააკრიტიკებს, ხალხში უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს. ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგახარ, დგახარ მხოლოდ შენ! არც მშობელი და არც ვინმე სხვა, ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გააკეთო საკუთარი თავისთვის. ის, რასაც შექმნი, შენ უნდა განიჭებდეს ბედნიერებას! დაუშვით შეცდომებიც! ეს აუცილებელია ცხოვრებაში, შეცდომები ბევრს გვასწავლის და გზას გვიკვლევს მომავლისაკენ!
,,უმჯობესია იმოქმედო და ინანო, ვიდრე უმოქმედობას ნანობდე”
-სულ ახლახან შეასრულე როლი, შენ მიერვე შექმნილ სცენარში, გვიამბე ეს ისტორია.
-ეს არ იყო მხოლოდ სპექტაკლი, ეს იყო სპექტაკლზე მეტი, თითოეული ჩემს გვერდზე მდგარი ადამიანისთვის. პირველ რიგში მიხარია, რომ გავიცანი ეს ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ დამანახეს. მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სარუხანიანს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ სცენარზე. რომ არა ის, გაგვიჭირდებოდა წარმატების მიღწევა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, თავდაუზოგავი შრომისათვის. იქამდე, სანამ სცენაზე დავდგებოდით, უამრავი რთული გზის გავლა მოგვიწია, მაგრამ ერთიანი ძალებით ეს შევძელით. რაც შეეხება სპექტაკლს, ვთვლით, რომ მან ჩვენი ჩანაფიქრი შეასრულა. ეს იყო დაუვიწყარი დღე, თითოეული ადამიანისთვის. როდესაც ამ ყველაფერს შენი ხელებით აკეთებ, ორმაგად ბედნიერი ხარ. ყოველთვის ვოცნებობდი სცენაზე დავმდგარიყავი, ახლა კი ამის საშუალება მომეცა. ვიდექი უამრავი ადამიანის წინაშე და ვგრძნობდი, რომ ჩემი ოცნება ახდა. ყოველთვის უნდა ეძებო საკუთარი თავის თავისუფლება. აქამდე ეს, მხოლოდ კალამი და ფურცელი იყო, ახლა კი ვხვდები, ჩემი თავისუფლება იქ, იმ სცენაზეა!
-გვიამბე სამომავლო გეგმებზე?
-რაშიც მგონია, რომ წარმატებული ვიქნები, სვლა გავაგრძელო. მივიღო კიდევ უამრავ კონკურსსა და პროექტში მონაწილეობა და მაქსიმალურად ვეცადო, გავიკვლიო გზა მომავლისაკენ, როგორც სკოლის ფარგლებში, ასევე სკოლის გარეთაც. ვაპირებ სხვადასხვა სცენარის შექმნას და თამაშსაც სცენაზე.
მაია მოსეშვილი, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:
-ანი მაისურაძე ბევრი კარგი საქმის ორგანიზატორია. აღსანიშნავია ,,კაზრეთიპრესი“, მოსწავლეთა გაზეთი, რომლის ხელმძღვანელიცაა. უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საქმეს. შეუძლია ერთდროულად რამდენიმეს შეეჭიდოს და თავი გაართვას.
,,ანი იშვიათი შესაძლებლობების ადამიანია, რომელსაც ერთნაირად კარგად გამოსდის ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებს. შეუძლია დაწეროს ინოვაციური აპლიკაციის პროექტი და ამავდროულად ყველა აატიროს თავისი ლექსებით, პიესებით, მოთხრობებით. აქვს ლიდერობის ძალიან კარგი უნარები (ხელმძღვანელობს “კაზრეთიპრესს”), სურვილს აღუძრავს და აერთიანებს ყველას თავის გარშემო. პირადად მე ვამაყობ ,რომ ანის ვიცნობ და ვასწავლი’’-ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
წარმატებებს ვუსურვებთ მიზანდასახულ, ნიჭიერ ანი მაისურაძეს!