ნანოტექნოლოგია მზად არის მედიცინაში რევოლუცია მოახდინოს, მედიკამენტების მიზანმიმართული მიწოდებიდან დაწყებული, დიაგნოზებამდე და მის ფარგლებს გარეთ. ბიოლოგი ქეთევან ჩუბინიძე სწორედ ნანომედიცინით არის დაინტერესებული. იგი თავის გამოცდილებას ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში იყენებს.
ამ ინტერვიუში ჩვენ მეტს შევიტყობთ ქალბატონ ქეთევანზე და ნანომედიცინაზე, ასევე, მის ხედვას დარგის მომავალზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მედიცინას ელის წინ.
- მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორც ცნობილია, პროფესიით ბიოლოგი ბრძანდებით. გაქვთ ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია და ძალიან მრავალფეროვანი სივი (CV). დასაქმებული იყავით სხვადასხვა პოზიციაზე. გვიამბეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.
- მოგესალმებით, წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით „მიკრობიოლოგია”. მონიჭებული მაქვს ბიოლოგის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის (დიპლომში ამ სახით მიწერია) კვალიფიკაცია. გავლილი მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კლინიკური ბიოქიმიის სრული კურსები და მიღებული მაქვს დიპლომები შესაბამის სპეციალობებში. ამასთანავე, მაქვს სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა: ლაბორატორიული მედიცინა. წარჩინებით დავასრულე სწავლა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. მონიჭებული მაქვს ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებში. ვთანამშრომლობ კალაბრიის (იტალია) უნივერსიტეტის, საფრანგეთის და საუდის არაბეთის მეცნიერებთან.
- მუშაობდით ბოლნისის საავადმყოფოშიც, ექიმ-ლაბორანტად, ასევე გამგედ, როგორ გაიხსენებთ ამ წლებს?
- ბოლნისი, ჩემთვის მშობლიური და საყვარელი ქალაქია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლების მანძილზე მიწევდა საუკეთესო კოლექტივთან ერთად მუშაობა. კლინიკის ხელმძღვანელობა და თითოეული თანამშრომელი ყოველთვის ცდილობდა შეექმნათ საუკეთესო სამუშაო პირობები. მიღებული გამოცდილება და უნარ- ჩვევები ძალიან მეხმარება სამეცნიერო სამუშაოებში. დღესაც უდიდეს სიხარულს მანიჭებს ყოფილ კოლეგებთან შეხვედრა.
- როგორც ჩანს, ძალიან დატვირთული ცხოვრების რეჟიმი გაქვთ, როგორ ანაწილებთ დროს სამსახურისა და პირადი ცხოვრებისათვის?
- ყოველთვის გვერდით მედგნენ მშობლები და მიქმნიდნენ ყველა პირობას მეცადინეობისათვის. სწორედ, მეუღლე, შვილები და უახლოესი ადამიანები არიან ჩემი გულშემატკივრები და სტიმულის მომცემები.
- ამჟამად რას საქმიანობთ და, როდის დაინტერესდით ნანომედიცინის სფეროთი?
- ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად. დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ, დავინტერესდი ნანომედიცინით და ნანობიოლოგიით. ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც მეცნიერების ამ უახლეს მიმართულებას ეხება.
- გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა ამ სფეროში, რათა მკითხველს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ნანომედიცინისა და ნანობიოლოგიის შესახებ. რა როლს თამაშობენ ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკები სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაციაში?
- ოქროს და ვერცხლის ნანონაწილაკებს უდიდესი გამოყენება აქვს, მათი უნიკალური თვისებების გამო. ამჟამად, ისინი გამოიყენება არამარტო სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად, არამედ მათ დასაშლელად, ამ პროცესს ჰიპერთერმული თერაპია ეწოდება. მსოფლიოში უამრავი უნივერსიტეტი და ლაბორატორიაა ჩართული მეცნიერების ამ პერსპექტიული და მოწინავე მიმართულებებში, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც მრავალი სახის სიმსივნური დაავადება დამარცხდება. უფრო მეტიც, ჰორიზონტზე გამოჩნდა ნანორობოტებიც, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხს. საკმარისია ითქვას, რომ ნანორობოტების საშუალებით, მოხდება გენების „შეკეთება“ და განიკურნება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი, აუტიზმი და ა.შ.
- რა აქცევს ლუმინესცენტურ საღებავებს სასარგებლო ინსტრუმენტად წამლის მიზანმიმართული მიწოდებისთვის?
წამლის მიზანმიმართული მიწოდება თანამედროვე ბიოლოგიის და მედიცინის კიდევ ერთი მოწინავე და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. წამლის მიზანმიმართული მიწოდება ნიშნავს წამლის გამოთავისუფლებას ადამიანის სხეულის შესაბამის ადგილზე და სასურველ დროს. მოცემული სტრატეგია საშუალებას იძლევა მკვეთრად შევამციროთ მისაღები წამლის დოზა და თავიდან ავიცილოთ არასასურველი, ე.წ. გვერდითი ეფექტები და დავიცვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა კუჭი, თირკმელები, ღვიძლი და ა.შ. ლუმინესცენტური საღებავი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ წამლის ლოკალიზაციის უბნების ვიზუალიზაცია.

- შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ იქნა გამოყენებული ნანომედიცინა სამედიცინო მდგომარეობის წარმატებით სამკურნალოდ?
- თანამედროვე მედიცინაში უამრავი წარმატებით განხორციელებული მაგალითებია, რომლებიც უკვე გამოიყენება მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში. ამასთანავე, თითქმის ყოველდღე ახალი მეთოდები ინერგება.
- რა არის მედიცინაში ნანონაწილაკების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პოტენციური რისკი და შეზღუდვა?
- ნებისმიერ მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათ შორის, მედიცინაში ნანონაწილაკების გამოყენებას. მთავარი პრობლემებია: ბიოთავსებადობა, ორგანიზმიდან გამოდევნა და უჯრედის დნმ-ის დაზიანება. არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად მიღებულია სხვადასხვა ზომები. როგორიცაა ვერცხლის და ოქროს ნანონაწილაკების ინერტული და ბიოთავსებადი პოლიმერული და ლიპიდური ფენებით შემოგარსვა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნანონაწილაკების ზომას და ფორმას. მაგალითად, 10 ნანომეტრზე მცირე ზომის ნანონაწილაკები გადალახავენ უჯრედულ მემბრანულ ბარიერს, აღწევენ ბირთვში, აზიანებენ დნმ-ს, იწვევენ არასასურველ მუტაციებს, რაც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის წინაპირობაა.
- როგორ ხედავთ ნანომედიცინის სფეროს განვითარებას მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში?
- თანამედროვე მეცნიერება და ტექნიკა ისე სწრაფად ვითარდება, რომ ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. სავარაუდოდ, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული, ისეთი დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში, როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა. შ.
- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები სამედიცინო სფეროში ნანოტექნოლოგიებთან მუშაობისას?
- ნანოტექნოლოგიებთან მუშაობისას დიდ გამოწვევას წარმოადგენს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირე, ვინაიდან ხელსაწყოები და ნივთიერებები ძალიან ძვირია. ამასთანავე, დაბალია ახალგაზრდების ჩართულობა.
- რა ეთიკური მოსაზრებები უნდა იქნას გათვალისწინებული ადამიანებში ნანომედიცინის გამოყენებისას?
- თანამედროვე მსოფლიოში ნანონაწილაკების ადამიანზე გამოყენების საყოველთაოდ მიღებული ეთიკური ნორმებია: რისკების შეფასება, რისკების მართვა და კლინიკურ კვლევებში რისკებთან კავშირი.
- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნანომედიცინის სფეროში მოღვაწეობით?
- ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაჯილდოებულია ნიჭით, აქვთ შესაბამისი განათლება, უნარ-ჩვევები და აღსავსე არიან ენთუზიაზმით. თუმცა, მიზნის მიღწევა მოითხოვს ყოველდღიურ დაუღალავ შრომას. დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვუსურვებ წარმატებებს.
მადლობა, გისურვებთ წარმატებას!