შაბათი, სექტემბერი 14, 2024
spot_img

მშობელთა და მოსწავლეთა საჭიროებებზე გათვლილი პროექტი – სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა

მშობელთა ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ 5 წლის წინ დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას მშობელთა შესაძლებლობების განვითარებითა და მათი ჩართულობის ხელშეწყობით.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით, ასოციაცია –  ,,მშობლები განათლებისთვის“, სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის პროექტს იწყებს.  პროექტის მიზანია, გამოარკვიოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართული , აქტიური მშობლები/მეურვეები/ოჯახის წევრები და ხელი შეუწყოს მათ.

პროექტის ფარგლებში, ექვსი რეგიონიდან – თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი,  სამცხე-ჯავახეთი –  25 მოხალისე მშობელი და ათი სკოლა შეირჩევა. პირველ ეტაპზე საჭიროა დაინტერესებულმა მშობლებმა შეავსონ აპლიკაციის ფორმა (https://forms.gle/ukdaf16sGZadQp5D6), აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2023 წლის 7 მარტამდე.

პროექტთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად, გავესაუბრეთ  როზი დევნოზაშვილს, რომელიც არის აღნიშნული პროექტის ძირითადი გუნდის წევრი, მშობელთა ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ თანამშრომელი,  უმეტესწილად მუშაობს მშობლებთან,  სკოლებთან კომუნიკაციისა და ტრენინგების ორგანიზების მიმართულებით.

-მოგესალმებით, მოკლედ გვიამბეთ ორგანიზაციაზე – ,,მშობლები განათლებისთვის“, რამდენი წელია არსებობს, რა არის ამ ორგანიზაციის მისია, მიზანი, ხედვა?

-ორგანიზაციის მიზანია განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება მშობელთა შესაძლებლობების განვითარებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობით.

ორგანიზაციის მისიაა, შექმნას საგანმანათლებლო სივრცეში მშობელთა აქტიური მონაწილეობისთვის საუკეთესო დემოკრატიული გარემო, სადაც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანასწორუფლებიანი საზოგადოება გავლენას მოახდენს მომავალი თაობის განათლებაზე საქართველოში.

ორგანიზაციის ხედვაა, რომ ბავშვი ვითარდებოდეს და განათლებას იღებდეს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მეცნიერულ მიდგომებს, დასაბუთებული არჩევანის გაკეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას და სხვებთან მშვიდობიან თანაარსებობას, თანაბარი სიხარულით სწავლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. იმისთვის, რომ სიხარულით ისწავლონ, სკოლა/ბაღი უნდა იყოს თითოეული მოსწავლე/აღსაზრდელის შესაძლებლობაზე, საჭიროებასა და ინტერესზე მორგებული. საგანმანათლებლო გარემო უნდა იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო, ტექნოლოგიებით, პროგრესული და ინოვაციური რესურსებით უზრუნველყოფილი. მასწავლებელი და მშობელი უნდა იყვნენ ბავშვის სოციალურ-ემოციურ, შემეცნებით და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულნი.

-ახლა უშუალოდ მიმდინარე პროექტზე რომ გვესაუბროთ, მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში დადებითად აისახება სკოლაზე, სასკოლო კულტურაზე და რაც მთავარია, თავად მოსწავლეზე. ვფიქრობ, საჭიროებებიდან გამომდინარე, წამოვიდა ამ პროექტის განხორციელების იდეა და სურვილი. როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას საქართველოს მასშტაბით ? რამდენად არიან მშობლები ჩართული საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში?

-სკოლებში მშობლები არაერთ სირთულეს აწყდებიან. ვერ ახერხებენ აზრის კონსტრუქციულად და ორგანიზებულად გამოხატვას, რაც პრობლემების გაღრმავებას უწყობს ხელს. სწორედ ამ საჭიროების პასუხად გაჩნდა ეს პროექტი. მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ ჯერ გაიღრმავონ ცოდნა მშობელთა ჩართულობაზე და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საკითხებზე, შემდეგ კი ორგანიზებულად, გეგმაზომიერად სწორად ჩაერთონ შვილის და მათი თანაკლასელების სასკოლო ცხოვრებაში.

-რა არის პროექტის მიზანი და რა აქტივობებში მოუწევთ მშობლებს ჩართვა ამ პროექტის განმავლობაში?

-პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა აქტიური, მზრუნველი, საიმედო მშობლების/ოჯახის წევრების გამორკვევა, მათი გაძლიერება (ვგულისხმობ საჭირო ცოდნით უზრუნველყოფას) და მათი ძალისხმევის მოსწავლეთა საკეთილდღეოდ სწორად წარმართვა. მოხალისეები შეისწავლიან სკოლისა და მშობლის კომუნიკაციას, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვას, სახალხო დაფინანსების წარმოებისა და არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ტაქტიკებს, რაც მათ დაეხმარებათ უკეთესი ხარისხით მიიღონ მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.

აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით.

-რამდენად ხანგრძლივი პროექტია და რომელ რეგიონებს მოიცავს ?

-პროექტი  გაგრძელდება 2023 წლის ბოლომდე და მოიცავს თბილისს, კახეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს.  

-რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მშობლები?

-უმნიშვნელოვანესია, მშობელს ჰქონდეს სკოლის ცხოვრებაში სწორი ჩართულობის მაღალი მოტივაცია,  არა მხოლოდ საკუთარი  შვილის საჭიროებებისთვის, არამედ ზოგადად ბავშვების ინტერესების დასაცავად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მშობელს ღიად შეეძლოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კონსტრუქციული, საგნობრივი საუბარი იმ პრობლემებზე/საჭიროებებზე, რაც მისი შვილის სკოლას და მოსწავლეებს უკავშირდებათ. შესაძლოა, მოსწავლეთა ცხოვრების გამრავალფეროვნების და ახალი გამოცდილებებით გამდიდრების მიზნით, მშობელს ჰქონდეს ინიციატივა, ამავე დროს მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ როლს და მზად იყოს ძალისხმევის გასაწევად, რათა თავისი შვილის სკოლაში თანამოაზრე მშობლებთან ერთად, კონკრეტული აქტივობები განახორციელოს.

-საშუალოდ, რა დროის გამოყოფა მოუწევთ პროექტში ჩართულ მშობლებს?

-კვირაში საშუალოდ 2-3 საათი.

-აქტივობები ონლაინ იგეგმება თუ პირისპირ რეჟიმში?

-პროექტის ძირითადი აქტივობები პირისპირ რეჟიმში გაიმართება.

-როგორც ვიცი, ახლაც მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია, აქტიურობით რომელი მხარე გამოირჩევა?

-თბილისიდან მეტი განაცხადია შემოსული, თუმცა ეს ლოგიკურიცაა დედაქალაქის მასშტაბიდან და სკოლების სიმრავლიდან გამომდინარე. რეგიონებიც აქტიურობენ.

აქვე გავუზიარებ დაინტერესებულ მშობლებს, მოსწავლეთა ოჯახის წევრებს აპლიკაციის ფორმას, რომლის შევსებაც პირველ ეტაპზე აუცილებელია. https://forms.gle/ukdaf16sGZadQp5D6

პროექტის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მშობელთა ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ ვებ-გვერდზ: parents.ge , ასევე ოფიციალურ facebook გვერდზე  https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis

-როგორია თქვენი მოლოდინები, რას ,,წაიღებენ“  მშობლები პროექტიდან?

-პროექტის მონაწილე მოხალისე მშობლები გახდებიან უფრო თავდაჯერებულები, რადგან გაერკვევიან ყველა მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც სკოლისა და მშობლის ურთიერთობას უკავშირდება. მათი სკოლასთან თანამშრომლობა მეტად შედეგიანი გახდება;  შვილები უკეთ იგრძნობენ სკოლაში თავს; მშობლები გაიცნობენ თანამოაზრე მშობლებს სკოლაში და ქვეყნის სხვა რეგიონებში; ეცოდინებათ, როგორ მოიქცნენ, როდესაც სკოლაში პრობლემა ჩნდება; იქნებიან უფრო მეტად კმაყოფილები და ბედნიერები იმით, რომ წვლილი შეაქვთ შვილების და მათი მეგობრების სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაში. ექნებათ მშობელთა ასოციაციის  მხარდაჭერა, რაც იქნება გარანტი, რომ არ არიან მარტო.

-სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ, ექნება თუ არა ამ პროექტს ტრადიციული სახე და სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებას თუ გეგმავთ?

-მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ძირითადი მიმართულებაა ორგანიზაციისთვის და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მალე დასავლეთ საქართველო და მთიანი რეგიონებიც მოვიცვათ.

მადლობა, გისურვებთ წარმატებას!

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები