პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeბლოგიმოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ ხარ საყრდენი, და არა დამსჯელი, მასწავლებლის ეროვნულ დღეს...

მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ ხარ საყრდენი, და არა დამსჯელი, მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვულოცავთ კარინა მასწავლებელს

მისთვის ამოსავალი არა მარტო უნივერსიტეტი, დიპლომი, საგაკვეთილო პროცესები და სკოლის ყოველდღიური რუტინაა, ასევე უმთავრესია  ოჯახი, ადამიანური ღირებულებები, ერთგულება, მეგობრობა, მეზობლობა, მისი არა, არის -არა, ან მეგობრობს და ბოლომდე ერთგულია, ან არ მეგობრობს. დატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრობს, მაგრამ ახერხებს მეგობრებთან და მეზობლებთან ურთიერთობას, სიამაყით ამბობს, რომ ბავშვობაში დედამ და მამამ , დღის გეგმის შედგენა ასწავლეს, რაც ეხმარება დროის ზუსტ დანაწილებაში.  მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და მოსიყვარულე, ასე იცნობენ კარინა დევნოზაშვილს მისი აღზრდილები, სამ ათეულ წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება და ბაშვებთან ურთიერთობა, ენერგიით ავსებს, ყოველი დილა, სკოლისაკენ მიმავალი  მასწავლებლისთვის, დღესასწაულია,   იქ საინტერესო დღე, კოლეგები და მოსწავლეები ელოდებიან. მიუხედავად ექვსი ათეული წლისა, სიახლეებს ფეხდაფეხ მიჰყვება, იცის, რომ თანამედროვე მიდგომები აუცილებელი და საჭიროა. სწორედ ამიტომაც, კარინა მასწავლებელი, საუკეთესოთა შორის, ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურება,  ვულოცავთ მას  მასწავლებლის ეროვნულ დღეს და საინტერესო საუბარს ველოდებით:

მასწავლებლის დღის დაწესება მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როცა ვაცნობიერებთ ,რომ საზოგადოება აფასებს ჩვენს პროფესიას. ამ დღეს ვიხსენებ ჩემს ამაგდარ პედაგოგებს,ლექტორებს, რომლებმაც თაობების აღზრდასა და განათლებაში დიდი წვლილი შეიტანეს.ჩემს ცნობიერებაში ჩემი გზამკვლევები არიან.რომ არ ისინი, მათი მცდელობა სხვა თვალსაწიერი მექნებოდა. ვამაყობ, იმითაც რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები მასწავლებლები არიან. ამ პროფესიისკენ, ცხადია,რომელიმე მასწავლებელის სიყვარულმა და პატივისცემამ უბიძგა. პედაგოგობა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, დაფასებულიც. ჩემი მოსწავლეები არაერთ კონკურსში მონაწილეობენ. მათი და ჩემი ღვაწლი ყოველთვის წახალისებულია. სკოლის დირექცია აფასებს წარმატებულ პროფესიონალებს. ჩვენს სკოლაში რჩეული მასწავლებლები არიან. ამაზე მეტყველებს მოსწავლეთა წარმატებები. ყოველი დღე, როცა სკოლაში მოვდივარ, ჩემთვის დღესასწაულია, მიხარია მოსწავლეებთან, კოლეგებთან ურთიერთობა. საამაყოა ასეთ დირექციასა და პედაგოგებთან თანამშრომლობა. სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავება საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია. დიდი ძალისხმევაა საჭირო წინააღმდეგობების დასაძლევად, მაგრამ როცა ხარ პედაგოგი, უნდა იღვაწო კიდეც. ვულოცავ ყველას მასწავლებლის დღეს და ვუსურვებ წარმატებებს!

რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა პედაგოგოგობა?

– 34 წელია, რაც  მასწავლებელი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი მოსწავლე მყავდა, მთავარია, ასწავლო  და, ამავდროულად, ჩამოუყალიბო სოციალური უნარ-ჩვევები. რა თქმა უნდა,  პედაგოგობა  დიდი პასუხისმგებლობაა.როცა ავანსცენაზე დგახარ და მოსწავლე  გიყურებს, გისმენს, ფიქრობს, მაშინ ხვდები პროფესიული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. პედაგოგი  საზოგადოებრივ ცნობიერებას აყალიბებს. თანამედროვე მიდგომები გულისხმობს, პროგრესული ცხოვრების ინტერაქტუალური მეთოდების დაყვანას მოსწავლემდე, მშობელთან კონტაქტის გარეშე ეს არ ხდება, ამიტომ მშობელი, მასწავლებლები, მოსწავლე საზოგადოება ერთი მთლიანობაა, რომელსაც ერთმანეთთან აკავშირებს საგნის მასწავლებელი. იგი გეგმავს და მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს აქტივობებს ,რომელებშიც კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული საკითხების გახორციელებისთვის ჩართულია უამრავი რესურსი.

როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი?

-პედაგოგი პირველ რიგში უნდა იყოს განათლებული, განათლებას არ ვგულისხმობ მარტო იმას, რომ დავამთავრეთ უნივერსიტეტი და ავიღეთ დიპლომი. კარგი პედაგოგი სისტემატიურად უნდა ეცნობოდე და ეუფლებოდე სიახლეებს, თანამედროვე მიდგომები უნდა ვისწავლოთ, გარდავქმნათ, უნდა გავითვალისწინოთ როგორი მოქალაქეობრივი მრწამსი  ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეებში. მე პირადად, ჩემი ასაკიდან გამომდინარე (62 წლის ვხდები) ვფირქობ, რომ შემოთავაზებულ სიახლეებს  დავეუფლო და ჯერ-ჯერობით ფეხდაფეხ მივყვები. თანამედროვე მიდგომები საჭირო და აუცილებელია.

იდეალური კავშირისთვის, მოსწავლეს და მასწავლებელს შორის, რა ოქროს შუალედი უნდა დაიცვას პედაგოგმა?

-პირველ რიგში, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ ის შენ გიყვარს, რომ შენ მისი ხარაჩო ხარ, თანამდგომი და არა მოწინააღმდეგე. ასეთ შემთვევაში მოსწავლე ყოველ მითითებაზე დაფიქრდება და  დავალებასაც ადვილად შეასრულებს. მე პირადად   მკაცრიც ვარ და მომთხოვნიც, ყოველთვის ვეცდები, სამართლიანი ვიყო. საგაკვეთილო პროცესს  ბრედისტალიდან კი არ უნდა წარუძღვეს მასწავლებელი, არამედ თანამშრომლობითი და ურთიერთგაგებაზე აგებული სწავლა- სწავლების პროცესი ისე უნდა წარმართოს , რომ შედეგზე გავიდეს. ამიტომ, თუ ეს არ არის და მოსწავლემ ვერ იგრძნო, რომ მისი საყრდენი ხარ, ის  ხედავს, რომ  მისი დამსჯელი ხარ, იქ ვერანაირი მეთოდი ვერ გაჭრის, ამიტომ გამოსავალი სიყვარული და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობებია.

რა შეცვლიდით საგანმანათლებლო სისტემაში?

-ძალიან ბევრს,  ჩვენი  მესამე ეროვნული სასწავლო გეგმა გულისხმობს, რომ გარკვეული უნარ-ჩვევები შეუმუშავდეს და ცოდნა ჰქონდეს ბავშვს. ამისთვის აუცილებელი პირობაა  სახელმძღვანელოების გადახედვა. მოგეხსენებათ, ჩვენ სკოლაში ბევრი ხელშემწყობი პირობაა, რაც თანამედროვე მესამე თაობის გეგმის დანერგვისთვის საჭიროა.  სამომავლოდ თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური კომპიუტერი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი:   „მომავლის“, რესურსების, ისტის , კლას -კაბინეტებიც.  ხშირად ვავსებთ კითხვარებს და ვწერთ ჩვენ შეხედულებებისა და მიზნებსის შესახებ.ძალიან ბევრი სიახლე შემოდის და მუდამ უკეთესის მოლოდინი მაქვს. 

რა წვლილი აქვს პედაგოგს მოსწავლეს პიროვნების ფორმირებაში?

– მოსწავლე 6-7 გაკვეთილის განმავლობაში სკოლაშია, როგორ ფონსაც შევუქმნით, რასაც მივაწვდით, იმას აითვისებს, ვხვდებით წინააღმდეგობებსაც. პიროვნების ფორმირებაში  დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლას, საზოგადოებას, ოჯახს. სწორი  მიდგომა მოსწავლესთან, შედეგიანია.  თითოეულ მასწავლებელს  დიდი როლი ენიჭება  პიროვნების ფორმირებაში. ეს  ყველამ უნდა გაითავისოს.

როგორი კავშირი უნდა იყოს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის?

-დისტანციური, ამავდროულად თბილი. დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ყალიბდება მოსმენის კულტურის დაცვით, აუცილებელია დიალოგი.

პროფესიის არჩევა ხომ არ გინანიათ?

–  უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ბოლნისში გამომანაწილეს- საექსკურსიო ბიუროში, მერე სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის პირველი დირექტორი ვიყავი, შემდეგ არაერთი სამსახური შემომთავაზეს,  როდესაც მიმიწვიეს სკოლაში, დავთანხმდი. საკუთარი თავი აქ ვიპოვე და აღარ მიფიქრია ცვლილებებზე, ახლაც ვერ წარმომიდგენია  სკოლის გარეშე ცხოვრება.

რას ურჩევთ მომავალ თაობას?

– მომავალ თაობას ვურჩევდი სწავლას და ზნეობრივ ფორმირებას, პრიორიტეტების წინა პლანზე წამოწევას. წიგნიერებას, სასურველი სპეციალობისა და ინტერესების მიხედვით ლიტერატურის კითხვას.  აუცილებელია  საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები ჩამოყალიბება,  ინტელექტის გაღრმავებას.

რას ისურვებდით?

 მშვიდობიან, თავისუფალ, ძლიერ  საქართველოში  ცხოვრებაზე ვოცნებობ.

                                                                                                     

ბელა ონიანი           

მასალა მომზადებული პროექტის ,,ჩემი მასწავლებელი’’ფარგლებში

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები