ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიმისი დილა მძიმე როკით და გიტარით იწყება

მისი დილა მძიმე როკით და გიტარით იწყება

45 წელი ხელოვნების სამსახურში,  უამრავი მოგონება და თავგადასავალი, რომელსაც კულტურის სახლის კედლები ინახავს– ეს ხმის ოპერატორის, სტანისლავ ჩულუხაძის ისტორიაა, იმ დიდი წარსულის მქონე თეატრის ნაწილია, რომელიც შემართებით და მონდომებით ქმნის დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. სწორედ მსახიობების დამსახურებით და მაყურებლის სიყვარულით მოვიდა დღემდე 80 წლიანი ისტორიის მქონე ბოლნისის მუნიციპალური თეატრი. როგორც  ჩვენი რესპონდენტი  ამბობს, ერთი დასი სცენის მიღმაა, კულისებში, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ მსახიობების შემდეგ, სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული ტექნიკური მხარე, რომელიც წარმოდგენას მეტ ელფერს, სიცოცხლეს და მეტყველებას სძენს. ნათქვამია, თეატრში იმალება განსაკუთრებული აზარტი, თუ მას ერთხელ ეზიარები, სამუდამოდ მისი ტყვე ხდებიო, სტანისლავის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, იცვლებოდნენ რეჟისორები, მსახიობები, თაობები, რომლებიც თავისებურ კვალს ტოვებდნენ თეატრში, სტანისლავი კი, მრავალი წელია,  საყვარელ საქმეს უწყვეტად და ერთგულად აკეთებს. სრულიად ახალგაზრდა მივიდა და დღეს უკვე ასაკშია. ღვაწლი დაუფასდა, უყვართ და  აფასებენ. ერთგული მუშაობისთვის, მადლობის ნიშნად, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ,  თეატრის ოთხმოცი წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, ამაგდარი ხელოვანის ტიტულით დააჯილდოვა.

„  სპექტაკლისთვის ვემზადებოდით, იქ არ ვიყავი, როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, რომ მითხრეს გაჯილდოებენო, დავიბენი, ვერ გავაცნობიერე, არ ველოდებოდი, თუმცა  ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს ამაგს აფასებენ, ესე იგი საქმე იცი, გამოგდის და მადლობას ამ სახით გამოხატავენ. თუმცა, მთავარი ჯილდო, სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ტაშია, ემოციაა.  ამ ტიტულმა  კი განვლილი ცხოვრება გამახსენა, წლების მანძილზე  რა არ გამოვიარეთ, რამდენი კარგი ამბავი გადაგვხდა თავს“.

ამაგდარ ხელოვანს ამბის გახსენება შორეული წარსულიდან ვთხოვეთ, გვინდოდა გაგვეგო, თუ როგორ მოხვდა თეატრში და რა გზა გაიარა ,,მუსიკოსმა“, რომელიც დღეს თეატრში ხმის ოპერატორია.

„კულტურის სახლი, შენობა და სცენა ჩემი სახლია, მეორე ოჯახი, რომლის გარეშეც არ შემიძლია, 45 წელი ამ კედლებში გავატარე, ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, ეს იყო ადგილი, სადაც გვიხაროდა შეკრება, თუმცა სანამ აქ მოვიდოდი,  ცხოვრების სკოლა ქალაქ ფოთში გავიარე, მაშინ როცა სასწავლებლად წავედი. დედაჩემს უნდოდა ინჟინერ-მშენებელი გავმხდარიყავი, მე კი საზღვაო ავირჩიე, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე ვისწავლე. იქ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, განსხვავებული გარეგნობა მქონდა, გრძელი თმები, მუსიკა მიყვარდა, განსაკუთრებით ჯაზი, როკი, ეს მაშინ მიუღებელი იყო. 70-იან წლებში იკრძალებოდა, მითუმეტეს ჩემი იმიჯი, ამიტომ სასწავლებლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მომიწია წამოსვლა. ქუჩაში აღმოვჩნდი,  ქუჩის მუსიკოსებმა შემიფარეს. ეს ჩემთვის ერთგვარი ბედნიერებაც იყო, იქ ვისწავლე ინსტრუმენტებზე დაკვრა. ოცნება ავიხდინე, მათგან ბევრი რამ ისეთი შევისწავლე, რაც შედგომ ცხოვრებაში გამომადგა, შეიძლება დიდი მეზღვაური გავმხდარიყავი, მაგრამ არ ვნანობ არჩევანს, დღემდე იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ბედნიერს მხდის“.

1971 წელს ბოლნისში დაბრუნდა, აქ შემოიკრიბა თანამოაზრეები, მოყვარული მუსიკოსები, რომელთან ერთადაც უკრავდა და მღეროდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში, როგორც თავად გვიყვება,  კონცერტებს ატარებდნენ, დადიოდნენ სოფლებში, მიუხედავად ცხოვრების რთული პერიოდისა, დრო მხიარულად გაჰყავდათ.  სამსახურებიდან დაბრუნებულები  კულტურის სახლში იკრიბებოდნენ, ეს იყო განტვირთვის ადგილი,  სადაც  თავს იქცევდნენ,  კონცერტებისთვის ემზადებოდნენ,  უკრავდნენ იმ მუსიკას, რაც ნებადართული იყო.

„ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობდით, კულტურის სახლში საერთო საქმეს ერთად ვაკეთებდით, სპექტაკლების დროს ვაწყობდით სცენას, დეკორაციებს, ვაკრავდით აფიშებს და ვყიდდით ბილეთებს, თეატრშიც ასე მოვხვდი. მაშინდელმა დირექტორმა დახმარება მთხოვა, მუსიკასთან ახლოს ვიყავი, თუმცა ამ მიმართულებით არ მქონდა გამოცდილება, ნელ-ნელა მივეჩვიე, მაშინ მაგნიტოფონის ბაბინებზე ვმუშაობდით, მარტივი არ იყო ამ ტექნოლოგიით მუსიკის ხმის დაჯენა, თუმცა ვისწავლე და მას შემდეგ უამრავი სპექტაკლი გავაკეთეთ, გვქონდა ბევრი წარმატებული გასტროლი. თეატრი სახალხო იყო, ჩართული ვიყავით კულტურის სახლში მომუშავე ყველა თანამშრომელი, მორგებული გვქონდა ის როლები, რაც შეგვეძლო და გამოგვდიოდა. ვმუშაობდით ენთუზიაზმზე, თუმცა პასუხისმგებლობით ვუდგებოდით დაკისრებულ მოვალეობას“.

პირველი სპექტაკლი კარგად ახსოვს,  „მზე ნეკერჩხლის ტყეში“, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა, მას შემდეგ სპექტაკლების რაოდენობას ვეღარ ითვლის, ასე გახდა მუსიკაზე შეყვარებული ბიჭი თეატრის შეუცვლელი გუნდის წევრი, ზოგი სპექტაკლი ძალიან მოსწონს, ზოგი ნაკლებად, თუმცა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით და მონდომებით აკეთებს, რადგან, როგორც თავად ამბობს,  მუსიკა ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც სპექტაკლს სუნთქვას და მეტყველებას სძენს.

„მუსიკის გარეშე სპექტაკლი, ვფიქრობ, არაფერია, სწორედ მუსიკა სძენს წარმოდგენას სხვა ელფერს, შეიძლება ბევრჯერ  არ ვყოფილვარ მუშაობის ხასიათზე, მაგრამ ვცდილობ, ეს არასდროს შემემჩნეს, რადგან ხმის ოპერატორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მთლიანად მობილიზებული უნდა იყო, სად, რა დროს, რა მუსიკა უნდა გაუშვა, შეიძლება შენი ერთი არასწორი მოქმედებით სპექტაკლი ჩააგდო. მე ეს ნამდვილად  არ დამმართნია, ამიტომ ვთვლი, რომ ჯერ შემიძლია,  საქმეს თავს კარგად ვართმევ, დასი ძლიერია და ერთობლივად კარგი სპექტაკლები გამოგვდის. ყოველთვის თან მდევს ამოუცნობი გრძნობა, არ ვიცი ეს შიში, თუ ზედმეტი პასუხისმგებლობაა.   სპექტაკლის გასვლამდე ასეთი ჩვევა მაქვს, ვიმალები, განვმარტოვდები, ამ დროს მეუღლეც კი ერიდება ჩემთან საუბარს, ეს შინაგანი ნერვიულობაა, რომელიც წლების მიუხედავად, თავს არ მანებებს“.

მიუხედავად იმისა, რომ ის წლების მანძილზე სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, თეატრისთვის თავის დანებება არასდროს უფიქრია, უამრავი მეგობარი შეიძინა, რომლებთანაც ცხოვრების ბევრი წლები გაატარა, გული სწყდება, რომ უმრავლესობა ცოცხალი აღარაა.

„ჩემთვის მთავარი ადამიანობაა, მე ასე ვიცხოვრე, ხელოვნებამ უამრავი მეგობარი შემძინა, უმრავლესობა წავიდა – გარდაიცვალა, იქ ერთი დიდი თეატრი მელოდება, თავის რეჟისორ-გამნათებლით. სამწუხაროა, თუმცა ეს ჩვენი ცხოვრებაა. ჩემი ნატვრაა მომავალში ჩემი შემცვლელიც იგივე მონდომებით, პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, მარტივი არაა, დამღლელიც შეიძლება იყოს, თუმცა როცა გიყვარს, არაფრად  მიგაჩნია სირთულე, დღეს მუშაობა გამარტივებულია, მინი დისკით და კომპიუტერით. თეატრი ბოლნისის ტრადიციაა, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.

პ.ს. სტანისლავ ჩულუხაძემ ცხოვრების მკაცრი სკოლა გაიარა, იყო წარმატებაც და მარცხიც, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული დღემდე უცვლელია, მისი დილა ისევ მუსიკით იწყება- მძიმე როკით, გიტარით და სამსახურით, რომელთანაც 45 წლიანი ისტორია აკავშირებს.

ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები