ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

„მთავარი წონასწორობის შენარჩუნებაა“ – წარმატებული მასწავლებლისა და მოსიყვარულე დედის ისტორია

თანამედროვე ცხოვრების სწრაფ სამყაროში, წონასწორობის პოვნა აყვავებულ კარიერასა და სრულყოფილ პირად ცხოვრებას შორის შეიძლება მოჩვენებითი იყოს. თუმცა, ამ რთულ გზაზე ჩვენ ვხვდებით პიროვნებებს, რომლებიც ახერხებენ მიაღწიონ წარმატებას როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.  გაგაცნობთ ენერგიულ, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიან ინგლისური ენის მასწავლებელს ნინო ავალიანს,  რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ წარმატებული კარიერით,  არამედ ახერხებს მტკიცედ იაროს ოთხ შვილთან ერთად დედობის გზაზე.

ნინო წარმატებით უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც მოჰყვება  მასწავლებლობასა  და დედობას, მეტიც, იგი ცდილობს შექმნას  ჰარმონია ამ ორ განსხვავებულ ,,პროფესიას“ შორის.

ჩვენი რესპოდენტის მაგალითი მტკიცებულებაა იმისა, რომ მართლაც შესაძლებელია დაძლიო მღელვარე კარიერული გამოწვევები, დატვირთულ ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად.

  • წარმატებულ მასწავლებელთან ერთად, წარმატებული დედა ხართ. როგორ ახერხებთ  კარიერისა და ცხოვრებაში საპასუხისმგებლო როლის , დედობის, დაბალანსებას ?
  • ჩემთვის მასწავლებლობა საშუალებაა ვიყო კარგი დედა. ხშირად მიფიქრია, რომ არა სკოლა, როგორი დედა ვიქნებოდი.   უამრავი თემაა, რაზეც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და სკოლა დამეხმარა რიგი თემების სწორად გააზრებაში. სამუშაო პროცესში გონებაში აღზრდასთან და  განათლებასთან დაკავშირებული საკითხები მიტრიალებს,  სახლში რომ მოვდივარ, ბავშვებთან ურთიერთობა ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა, რადგან სამსახურის გამო მთელი დღე  ბავშვებთან არ ვარ, სახლში მოსული ვცდილობ მათთან დრო ხარისხიანად გავატარო, წინასწარ ვგეგმავ რას გავაკეთებთ ერთად, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იციან, რომ სკოლიდან მათთვის სულ რაღაც მომაქვს და სახლში მოსულს პირველი იმას მეკითხებიან, დღეს რა აქტივობა მოგვიტანეო. ბევრჯერ სკოლაში გაკეთებული ბავშვებთანაც გამიმეორებია და ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და სახალისოა. ძილის წინ აუცილებლად ვუკითხავ ზღაპრებს, მერე ამ ზღაპრების მიხედვით გადაღებულ ფილმებს ვუყურებთ, ერთად განვიხილავთ, საოცარი მიგნებები აქვთ და უზომოდ მაბედნიერებენ. სამსახურიდან სახლში მოსულს მეორე სიცოცხლე მეხსნება, რადგან ბავშვები ჩემთვის უდიდესი სიხარულის წყაროა.
  • როგორ ახერხებთ დროის სწორად გადანაწილებას ოჯახსა და პროფესიულ ვალდებულებებს შორის?  

-როდესაც სკოლაში ვმუშაობდი მქონდა დღის რუტინა, სხვანაირად უბრალოდ ვერაფერს მოვასწრებდი. ხანდახან ვწერდი დღის განმავლობაში რა რის შემდეგ უნდა გამეკეთებინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილით ადრე ადგომა, რომ ბავშვების გაღვიძებამდე მოვასწრო ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

დილა ეს ის დროა, რომელიც მხოლოდ ჩემია და განვსაზღვრავ მთელი დღის განწყობას.  ახლა,  ბავშვის გაჩენის მერე ნელ-ნელა ვიკრებ ძალებს და ვუბრუნდები ძველ რეჟიმს.

  • თუ გრჩებათ დრო საკუთარი თავისათვის და როგორ იყენებთ ამ თავისუფალ დროს?

-თავისუფალი დრო გართობისთვის და მეგობრებისთვის,  ეს ის საკითხია, რომლის დაბალანსებაზე ახლა ვიწყებ მუშაობას.

 იყო დრო, როცა ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ფეხით მაქვს შემოვლილი საქართველოს ბევრი კუთხე.

ბავშვების გაჩენის მერე ამ მხრივ ძალიან ჩავიკეტე, მეგობრებიც თითქოს გამიუცხოვდნენ. მაშინ ამას ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი და გაღიზიანებული ვიყავი. მერე, როდესაც უკვე ამდენი ბავშვი და სკოლა ერთდროულად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ფიზიკურად დრო აღარ მქონდა არც გართობისთვის და არც ნერვიულობისთვის.  მერე მივხვდი, რომ ამ საკითხში ბალანსი  უნდა მეპოვნა და ამაზე აქტიურად დავიწყე მუშაობა.

აღმოჩნდა, რომ თუ კარგად დაგეგმავ, ოთხი შვილით და დატვირთული სამსახურითაც შესაძლებელია გამონახო დრო საკუთარი სიამოვნებისთვის. ძირითადად მეგობრებთან ერთად ფინჯან ყავაზე გავიპარები ხოლმე.

  • მოგვიყევით რა გზა განვლეთ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებამდე და ვინ ან რამ შეგიწყოთ ხელი ყველაზე მეტად ?
  • სკოლაში მივედი 2019 წელს, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, მჭირდებოდა რაღაც სიახლე, რომ ჩემში დაგროვილი ენერგია რამე სასიკეთოსკენ მიმემართა.

პირველი ადამიანი, ვინც ძალიან დამეხმარა და ვისიც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები არის მეხუთე სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე.

ის არის ძალიან გამბედავი და აქტიური ადამიანი,  მუდმივად ეძებს სიახლეებს, ცდილობს სკოლა გახადოს უფრო მრავალფეროვანი, თუ რამე ტიპის სიახლე ინერგება ქართულ სკოლებში ეს სკოლა უპირობოდ ლიდერია. მან მანდო დიდი საქმე და ყოველთვის გვერდით მედგა, მამხნევებდა, მაბრალებდა, რომ ვიყავი ძლიერი, მერე მეც დავიჯერე,  დღეს მართლა ძლიერი ვარ და ეს  სიძლიერე, შეუპოვრობა და გამბედაობა მისგან ვისწავლე.

არ იყო ადვილი საქმე, განსაკუთრებით გამიჭირდა მაღალ კლასებთან მუშაობა. მივხვდი, რომ თუ მინდოდა პროცესი არ ჩაშლილიყო,   ყველა უნარი, ყველა ცოდნა და გამოცდილება, რაც მანამდე მქონია, ერთად უნდა ამემუშავებინა. ზუსტად ამ მომენტში დაიწყო ჩემში შინაგანი ტრანსფორმაციის საოცრად აზარტული პროცესი.  პირველად აღმოვაჩინე, რომ თურმე უამრავი რამ შემძლებია, გაკვეთილი ცოცხალი პროცესია, კონკრეტული დრო გაქვს მოცემული და რასაც იქ ვერ გააკეთებ მერე იმას  ვეღარ გაიმეორებ, დროს ვერ დააბრუნებ, ამ დროს მნიშვნელოვანია ლავირების უნარი,  გადაწყვეტილების მიღება, დაშვებული შეცდომების შედეგებს იქვე ხედავ და მერე თავიდან გიწევს მათი გამოსწორება. რეალურად ყველაფერი თავდაჯერებაზე გადის, პროცესების მშვიდად მართვა უნდა შეგეძლოს, რაც დამეთანხმებით არც ისე ადვილია, როდესაც დამწყები ხარ, ბავშვებს ვერაფერს  გამოაპარებ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გპატიობენ რამეს, როცა უყვარხარ. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის კომპეტენცია და რეპუტაცია, რაც გამოცდილებას და დროს მოაქვს. ბავშვებს თავი თუ არ შეაყვარე ისე ვერ იმუშავებ, ეს თავის შეყვარება კი არც ისე ადვილი საქმეა.

მერე დაიწყო სასულიეროს წლები, სადაც აბსოლუტურად განსხვავებულად დავინახე ჩემი თავი და შესაძლებლობები. აქ დამხვდა ნინო დევნოზაშვილი, რომელმაც დანახვისთანავე შემიყვარა და მე ეს იმ წამსვე ვიგრძენი. ზოგადად ნინო ასეთია, საოცარი დამოკიდებულებებით ადამიანებისადმი, საქმისადმი და ზოგადად სამყაროსადმი.  ვინც მას იცნობს, ზუსტად მიხვდება რას ვგულისხმობ. აქაც ოჯახის წევრად მიმიღეს და მათი დახმარება და თანადგომა ფასდაუდებელია ჩემს კარიერაში.

ბავშვებს მოსწონთ სიახლეები, თავგადასავლები, აზარტი. ამიტომ ვცდილობ ხშირად შევთავაზო კონკურსები, სპექტაკლები, ფილების ყურება და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების ელემენტებით ვამდიდრებ სასწავლო პროცესს. 2022 წელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე გავედი, ორსულად ვიყავი, საშინელი ტოქსიკოზი მქონდა და  ძალიან გამიჭირდა ფიზიკურად გაძლება, საათ ნახევრით ადრე გამოვედი გამოცდიდან. ორმოცდაათი ქულა მქონდა, თუმცა იმ მოცემულობაში  მაქსიმუმი შედეგი ეს იყო. ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია შევაგროვე და  რამდენიმე დღეა, რაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მივიღე. ბოლო პერიოდში სკოლაში არ ვმუშაობ, თუმცა იმედი მაქვს მომავალში ისევ დავბრუნდები.

ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის ვუზიარებ მეუღლეს და მისგან არასდროს მქონია არანაირი აკრძალვა და წინააღმდეგობა.

 როდესაც სკოლაში მივედი, მქონდა საკმაოდ სტაბილური და შემოსავლიანი სამსახური, სადაც კიდევ დიდხანს შემეძლო მუშაობა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თუმცა მას ზუსტად ესმოდა  რაც მაკლდა, ამიტომ ხელი არაფერში შეუშლია. მისი ინიციატივით,  უკვე მეშვიდე წელია, გვყავს დამხმარე ქალბატონი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობ  შვილებს, რომ არა მისი სწორი დამოკიდებულება, ალბათ ,ძალიან გამიჭირდებოდა.

  • თუ ფიქრობთ თქვენი კარიერის მეტად გაფართოებაზე და კიდევ რა მისწრაფებები გაქვთ?
  • სკოლაში მუშაობამ საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული რაკურსით დამანახა. გავბედე და სხვადასხვა საქმეში მოვსინჯე საკუთარი ძალები.

2021 წელს ვითანამშრომლე ბრიტანეთის საბჭოსთან, ერთ-ერთ პროექტში, ვიყავი მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფების ფასილიტატორი. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება და ვფიქრობ, მნიშვნელოვნად განავითარა ჩემი ცოდნა და  უნარები. ამჟამად ვთანამშრომლობ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ჩართული ვარ სკოლების ავტორიზაციის პროცესში. უკვე ხუთ სკოლაში შევედი, როგორც უცხო ენების საგნობრივი ექსპერტი. შევხვდი კათედრების წევრებს, გავიზიარე მათი წარმატებული გამოცდილება და მეც ჩემი მხრივ, ვეცადე გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები.   ეს ძალიან საინტერესო პროცესია, მოითხოვს დაკვირვებას, ანალიზს, რიგი საკითხების კრიტიკულად შეფასებას, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი. ვფიქრობ, ამ პროცესშიც ძალიან ვიზრდები, როგორც პედაგოგი და როგორც განათლების ექსპერტი.  სამომავლოდ ვაპირებ შევისწავლო ფსიქოლოგია, რომ შევძლო ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა, დავეხმარო მათ სხვადასხვა ტიპის პრობლემასთან გამკლავებაში.

  • დღევანდელ მსოფლიო სწრაფი ტემპით ვითარდება,  შესაბამისად წარმატების მიღწევა მეტად რთულდება. როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობასა და ძალას დარჩე კონცენტრირებული თქვენს მიზნებზე?
  • პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად მეხმარება  შვილებთან დროის გატარება. ნელ-ნელა წამოიზარდნენ და შეიძლება მათი სხვადასხვა ღონისძიებაზე წაყვანა. ბოლოს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით ერთად და ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. საოცრად ემოციური იყო მათთან ერთად პირველი სპექტაკლი. იმდენად საინტერესო მიგნებები ჰქონდათ, ემოციებს ვერ ვმალავდი.

სხვათა შორის, ამ სპექტაკლს ბოლნისის თეატრში დავესწარით და ახლაც, როდესაც გზად ჩავივლით სულ იხსენებენ იმ საოცარ გამოცდილებას.

ძალიან უყვართ რაღაცეების გამოცხობა, თავისი ხელით უნდათ ყველაფრის გაკეთება და ყველა ერთნაირად ვითხუპნებით.

მინდა მათ ბუნება შევაყვარო, ამიტომ მცენარეებს ვრგავთ ხოლმე. უსაყვარლესი ტერარიუმი გვაჩუქეს, სადაც ხელოვნური ლანდშაფტი მოვაწყვეთ და მცენარეები გავზარდეთ. როცა სვანეთში ვართ ხშირად დამყავს ტყეში, მდინარეზე. იქ ყოფნა ძალიან უყვართ და მერე მთელი წელი იხსენებენ იქაურ გამოცდილებას. როდესაც ვმგზავრობ, ან სახლის საქმეებს ვაკეთებ, ყურსასმენებით ხშირად ვუსმენ ლევან ბერძენიშვილის ლექციებს, შეიძლება ითქვას, ეს არის ჩემი ბოლო დროინდელი აღმოჩენა და უზომო ბედნიერებას მანიჭებს მისი საოცრად ღრმა და შინაარსიანი საუბრები ლიტერატურაზე, ფილოლოგი ვარ პროფესიით და ეს ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა. მოგზაურობას და გართობას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ, მაგრამ ზუსტად ვიცი ამის დროც მოვა.

  • როგორც მისაბაძი მაგალითი პირად ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც, როგორ შთააგონებთ თქვენს მოსწავლეებს იოცნებონ და განახორციელონ თავიანთი მისწრაფებები?
  • ჩემს მოსწავლეებს ვეტყოდი,  სანამ პროფესიას აირჩევენ კარგად დაფიქრდნენ. ხშირად ადამიანები ისე ვირჩევთ პროფესიას,  ვერ ვაცნობიერებთ, რომ  რეალურად მშობლების ან საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ. მერე გვიწევს ჩვენთვის უსარგებლო საქმის კეთება ანაზღაურების და ყოველდღიური რუტინის გამო.  უკვე მოზრდილ ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება კი არც ისე ადვილია.  მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად დიდი შრომა რომ არის საჭირო, ეს ყველას ესმის. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ გვიანი არასდროს არაფერია. ნებისმიერ დროს შეიძლება ნულიდან დაწყება, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა. კიდე ვეტყვი, რომ არასოდეს  შერცხვეთ თავიანთი შეცდომების, რამის არცოდნის გამო. ერთხელ ჩემს მოსწავლეს ვკითხე, რა არის შენი ჰობი-მეთქი, მიპასუხა სუკულენტების შეგროვება და მოვლაო. არ ვიცოდი სუკულენტები რას ნიშნავდა, ჩემი მოსწავლე ამას მიხვდა, მაშინ ძალიან შემრცხვა და გავჩუმდი, მან კი ძალიან საყვარლად გააგრძელა თავის ჰობზე ლაპარაკი, მის მეტი მაინც ვერავინ ხვდებოდა რაზე იყო საუბარი. ახლა სუკულენტებს ძალიან კარგად ვიცნობ, თავადაც მაქვს რამდენიმე და ვუვლი. ვაპირებ მომავალში სუკულენტების ბაღი გავაშენო. იმის თქმა მინდა, რომ ყველა სიტუაციიდან შეიძლება რაღაცის სწავლა და ეს სირცხვილი არ არის.
  • თქვენი, როგორც წარმატებული ქალის ცხოვრებაში, რა იყო ყველაზე ღირებული გაკვეთილ, ომელიც დაგეხმარათ სრულყოფისა და კმაყოფილების მიღწევაში?
  • ზოგადად სულ მაქვს განცდა, რომ სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან დაწყებული ჩემი ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილია, სადაც ყოველდღე ვსწავლობ, ვვითარდები და ვიზრდები. სწავლას ცვლილებები მოაქვს, ცვლილებები კი მარტივად არ ხდება. ეს დაკავშირებულია დაღლილობასთან, იმედგაცრუებასთან, დაუმსახურებელ გულის ტკივილთან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში მას შემდეგ,  რაც გავაცნობიერე,  რომ ყველა ადამიანი თავისი პერსპექტივიდან ხედავს სამყაროს. მას რომ გაუგო, მის ტყავში შეძრომა და სამყაროს მისი თვალებით დანახვა უნდა შეძლო. რაც ეს მოცემულობა გავიაზრე, ადამიანებისგან არაფერი აღარ მწყინს.  

ზევით ვთქვი, რომ დეპრესია მქონდა, რადგან ვერ ვახერხებდი გართობას და მეგონა სულ ასე იქნებოდა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველაფერი დროებითია, ყველაფერი იცვლება. შეუძლებელია სულ კარგად იყო ან პირიქით, ხანდახან ღმერთს უნდა მივენდოთ და დაველოდოთ ჩვენს რიგს ბედნიერების რიგში….

  • რომ  შეგეძლოთ თქვენს ცხოვრებას ათწლეულის შემდეგ გადახედოთ, რა მიღწევები და გამოცდილება გაგრძნობინებდათ თავს ყველაზე ამაყად და ბედნიერად?
  • ათწლეულების შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ ვიამაყებ ჩემი ოჯახითა და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მეოთხე ორსულობის დროს მივიღე.

მოვემზადე და ჩვიდმეტი წლის მერე მეორედ გავედი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.  ბავშვობიდან მაინტერესებდა ფსიქოლოგის პროფესია, მაგრამ თავის დროზე ამ ფაკულტეტზე ვერ მოვხვდი.  მერე ხან სიზარმაცის, ხანაც უდროობის გამო გადავდე და ლამის დავივიწყე . ახლა, როდესაც ბავშვის გამო პროფესიული პაუზა ავიღე და დრო გამომიჩნდა,   სპონტანურად დავიწყე მომზადება, სრულიად  დამოუკიდებლად. თავიდან არ მეგონა, მაგრამ მერე ვიგრძენი, რომ ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი. მაგალითად,  განსხვავებულად თავიდან გავიაზრე  ქართული ლიტერატურა.

ვხუმრობდი, ოცდაათი წლის მერე გამოცდების თავიდან ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს-მეთქი.  ასევე მოვემზადე ბიოლოგიაში დამოუკიდებლად, რაც  ძალიან რთული აღმოჩნდა. თავიდან მეგონა, რომ მე უჯრედის აგებულებას ვერასდროს  ვისწავლიდი, ერთმანეთში მერეოდა, ვერ ვაკავშირებდი საკითხებს და ლამის ხელიც ჩავიქნიე, მაგრამ მერე ნელ-ნელა ვუპოვე გასაღები და საკითხები დავალაგე.  ჩემთვის სასიამოვნოა თვითონ სწავლის პროცესი და ვცდილობ ჩემს შვილებსაც თვითონ პროცესი შევაყვარო, არასდროს არ ვაძალებ, უბრალოდ ისე ვაწვდი, რომ თვითონაც სიამოვნებთ როცა რაღაცას ვასწავლი.

მეცადინეობა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში, ყურსასმენები მიკეთია, ან ტელევიზორი მაქვს ბოლო ხმაზე  ჩართული და პარალელურად სხვა საქმეს ვაკეთებ, ან ბავშვი მყავს სასეირნოდ გაყვანილი და  პარალელურად ვუსმენ. ზოგს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ  ჩემმა რეჟიმმა მიმაჩვია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას.

ახლა პასუხებს ველოდები, თუმცა სულ რომ ბარიერი ვერ გადავლახო, იმდენად კარგი გამოცდილება მივიღე, მაინც კმაყოფილი ვარ.

  • რა არის ის, რაზეც ოცნებობს ნინო ავალიანი ? 

ზოგადად ბევრ რამეზე ვოცნებობ.  მინდა ამ ქვეყანაში ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ თანაბარ პირობებში, ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ შინაგანი თავისუფლება, ნაკლები სტერეოტიპებით გაჯერებული გარემო, სადაც არ შეეშინდებათ თავიანთი აზრის გამოხატვა.

მინდა, მქონდეს ყვავილების ბაღი, მცენარეები ძალიან მიყვარს და იდეაც მაქვს, უბრალოდ ბოლო წლებში ამისთვის დრო ვერ გამოვნახე, მაგრამ ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენ.

მინდა მქონდეს იმდენი საშუალება, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო.

  • და ბოლოს, როგორც წარმატებული საქმიანი ქალი  და დედა, რა რჩევას მისცემთ სხვა ქალებს, რომლებიც ცდილობენ წარმატებულ პირად ცხოვრებასთან ერთად, წარმატებული კარიერა შეიქმნან?
  • შვილების გაჩენის მერე ქალის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ზოგი წარმატებულ კარიერას თავს ანებებს და მთლიანად ბავშვებს უძღვნის თავს, რაც იმ შემთხვევაშია სწორი გადაწყვეტილება, თუ ეს არ არის იძულებითი და ადამიანი ამ გადაწყვეტილებით თავადაც ბედნიერია. მე ვიცნობ ასეთ ქალებს და მათ ამ გადაწყვეტილებას ძალიან ვაფასებ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ქალები იძულებით ირჩევენ ამ გზას, რეალურად მათ შვილებთან ერთად კარიერული წარმატებებიც სჭირდებათ, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, მაგრამ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.

ბევრ ქალს ოჯახისგან აქვს წნეხი, ,,ბავშვი როგორ უნდა დატოვო და სხვას გააზრდევინო“, ზოგი ეჩვევა სახლში ყოფნას, იმიტომ რომ ასე უფრო ადვილი და კომფორტულია, მერე უამრავ რამეს იმიზეზებენ რომ თავიანთი გადაწყვეტილება გაამართლონ, მაგრამ თვალებში ეტყობათ,  ბედნიერები არ არიან და უბრალოდ ცდილობენ შეეგუონ ბედს.

ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია სიზარმაცის დათრგუნვა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი, გამბედაობა და იმის გააზრება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის და ჩვენ მხოლოდ იმას ვინანებთ, რაც არ გავაკეთეთ.

წლების განმავლობაში მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი, თბილისიდან დავდიოდი ყოველდღე, ბევრი უსიამოვნო გარემოება გადავლახე, უამრავი დაუმსახურებელი წკლიპურტი მომხვდა, მაგრამ დღეს ძალიან ვამაყობ განვლილი ხუთი წლით და ზუსტად ვიცი, წინ ბევრად უკეთესი ამბები მელოდება.

-მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის. თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმის, თუ  რამდენად შესაძლებელია მრავალშვილიანი დედა იყოს წარმატებული ქალი, მუდმივად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს სხვადასხვა მიმართულებით.

                                                                         

   მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები