პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

,,მთავარი ფარანი ჩვენს ხელშია და თვითონ უნდა გავინათოთ გზა წარმატებისკენ”

სიყვარულით ანთებული გული, მასზე დაფუძნებული ღირებულებები, გრძნობა, რომელიც ჩვენი გმირისთვის ყველაფრის საწყისია. ბიჭი, რომელზეც  რუბრიკაში გიამბობთ, №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დიმა თეიმურაზიანია. ის, სკოლის თითოეულ საგანს და სახელოვნებო წრეებს, ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება  და ყველაფერში წარმატებულია. დიმას ნახატმა, რომელიც კონკურსის  „წელიწადის დროები“ ფარგლებში დახატა,  გაიმარჯვა და დაიბეჭდება სკოლის სამაგიდო კალენდარში.  დიმა ბავშვობის ოცნებასაც გვიმხელს, უნდოდა მეცნიერი ყოფილიყო, თუმცა  ჯერ ისევ ფიქრის პროცესშია, მაგრამ ზუსტად იცის, მისი მომავალი პროფესია ჰუმანიტარულ საგნებს უკავშირდება. ცდილობს არ ჩამორჩეს არცერთ საგანს, რათა მრავალმხრივი განათლება მიიღოს.  სასკოლო ცხოვრების გარდა, არა ერთი მიმართულებითაა დაკავებული, ჩართულია პროექტებში.

-ვინ არის დიმა თეიმურაზიანი?

-მე ვარ დიმა (დიმიტრი) თეიმურაზიანი. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ასევე ვარ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრისა და ბოლნისის ახალგაზრდული სახლის მოხალისე.

-მოგვიყევი შენს შესახებ

– დაკავებული ვარ ბევრი რამით, კონკრეტულად, სახელოვნებო დარგებით (სიმღერით, ხატვით, ქსოვით, ქარგვით, ფორტეპიანოთი…) დავამთავრე ბოლნისის მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ასევე დავდივარ სიმღერაზე: პედაგოგი ნინო დვალიშვილი. მიყვარს ჰუმანიტარული საგნები ( ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები…) მაგრამ  ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მიყვარს ტექნიკური საგნები, ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება.

მომიყევი სკოლის კედლებში გატარებულ წლებზე, რა შეცვალა პანდემიამ…

-სკოლა  არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.  მიყვარს ენერგიით აღსავსე დილა , როდესაც  სიხარულით მივდივარ სკოლაში.  პატარობაში ძალიან სუსტად ვსწავლობდი (ახლა კარგად), ძალიან მიჭირდა მათემატიკა. მაგრამ როცა ადამიანი შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, ყველაფერს დაძლევს. რა თქმა უნდა დიდი წვლილი აქვთ მასწავლებლებს. ჩვენი სკოლის მასწავლებლები საყვარლები, თბილები და რაც მთავარია, პროფესიონალები არიან. მე-6 კლასიდან ჩემი დამრიგებელია ნინო ყურაშვილი-თბილი, მომთმენი და ყურადღებიანი მასწავლებელი. ჩვენი კლასი მოუსვენარი და ცელქია, მაგრამ მეგობრული და ხალისიანი. ვცდილობ ყოველი დღით დავტკბე და ვისიამოვნო ყოველი წამით. პანდემიამ, რა თქმა უნდა, შეამცირა სწავლის ხარისხი, სულ სხვაა, როცა კლასში, თანაკლასელებთან ერთად, დისკუსიას ვმართავთ, ვმსჯელობთ და ვიგებთ ერთმანეთისგან ახალს, მასწავლებელიც გვიხსნის და გვისწორებს, მაგრამ ვფიქრობ, ვისაც რეალურად სურს სწავლა, ნებისმიერ ფორმატში შეძლებს.

გაქვს გამორჩეული საგანი, თუ ყველას ერთნაირი მონდომებით ამზადებ?

– დიდ დროს ვუთმობ: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ენებს. სხვა საგნებსაც გარკვეულ დროს ვუთმობ,  ვცდილობ, არცერთ საგანს  ჩამოვრჩე, რათა მრავალმხრივ განვითარებული ვიყო.

-ხელოვნების რომელ დარგთან გაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და რატომ?

-მუსიკასთან, რადგან მუსიკა მიქმნის განწყობას და ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ელემენტარული ბუნების ხმებიც კი გენიალურ ჰარმონიას ქმნის. არამგონია პროფესიად ვაქციო, მაგრამ ჰობად  აუცილებლად დარჩება.

-დიმა, სად აპირებ  სწავლის  გაგრძელებას და რა პროფესია აირჩიე?

-უმეტესად, ჩემი პროფესია ჰუმანიტარულ საგნებს უკავშირდება და ამჟამად ორიენტირებული ვარ ქართულ ფილოლოგიაზე, რადგან მიყვარს ენების ძირფესვიანად შესწავლა, „ასევე ვფიქრობ, რომ 16-17 წლის ასაკში ადამიანი არ არის ვალდებული იცოდეს, თუ რა უნდა მას ცხოვრებაში“ ( ეს დათო ტურაშვილის სიტყვებია). ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ მაქვს, ჯერ ისევ ფიქრის პროცესში ვარ.   

გარდა სასკოლო პროგრამისა ჩართული ხარ არაერთ პროექტში, მოგვიყევი?

-მე ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, ბოლნისის ახალგაზრდული სახლის, ჰელფინგ ჰენდისა და ჰერა 21  მოხალისე ვარ, ბოლნისის ახალგაზრდული სახლის მმართველია ანანო უგრეხელიძე, ანანო ბევრ პროექტებსა და აქტივობებზე გვაგებინებს, მისი დამსახურებაა, რომ  ამჟამად ვარ ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოცხადებულ პროექტში, რომელსაც მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჰელფინგ ჰენდმა „ მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ“.  გასაუბრება გავიარე და 2 ადამიანი აგვირჩიეს ბოლნისიდან მე და გვანცა ჩოქური, ჩვენ   თელავში  ჩაგვიტარდა სამდღიანი სესიები, სრულად დაგვაფინანსეს და ახლო მომავალში ვაპირებთ ჰიგენური კლუბების ჩამოყალიბებას. ასევე ამ წელს „ქვემო ქართლის რეგიონალურმა ჰაბმა“ გამოაცხადა პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონებში დაფუძნდა ახალგაზრდული საბჭოები და მე ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრი ვარ განათლების განხრით.

-თუ გაქვს თავისუფალი დრო და რისი კეთება გიყვართ ამ დროს?

-თავისუფალ დროს ვკითხულობ მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას ასევე ვხატავ, ერთი თვის წინ, სასკოლო კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 12 გამარჯვებული ნახატიდან, ერთ-ერთი ჩემი გახდა,რომელიც სასკოლო კალენდრისთვის დაიბეჭდება.

-პანდემიის პერიოდში,  ბევრი თავისუფალი დრო გაჩნდა და ადამიანებმა, საკუთარ თავში არაერთი უნარი აღმოაჩინეს, შენც ხომ არ ხარ მათ რიგში?

-ჩემში აღმოვაჩინე შრომისმოყვარეობა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ურთიერთობები და კომუნიკაცია.

-საყვარელი პოეტი, მწერალი….

-ზოგადად ძალიან რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ყველა მწერალი თავისებურად მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად, დანტე ალიგიერი, მისი ერთადერთი ნაწარმოები, გენიალური შედევრი „ღვთაებრივი კომედია“.

-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე

-ბოლოს,  სკოლაში არჩევითი საგნიდან, რომელსაც ჩემი საყვარელი მასწავლებელი ნინო გიორგაძე მასწავლის, წავიკითხე დათო ტურაშვილის „ თავისუფალი ადამიანი“, ახლა ვკითხულობთ დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამს“ ხოლო ზოგადად, სკოლის გარეთ,  ბოლოს გადავიკითხე თეოდორ დრაიზერის – და კერი.

-სამომავლო გეგმები…

-ზოგადად, არც ვცდილობ წარმოვიდგინო, რა იქნება მომავალში, რადგან ყოველი დღე სიურპრიზებითაა აღსავსე.

რა არის ამჟამად, შენს ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი?

-ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული, მის გარეშე ვერაფერი  იარსებებს და საერთოდ, სიყვარული ფართო მცნებაა და ბევრი საუბარი მომიწევს….ასევე ჩემი მიზანია, ჩავაბარო სასურველ ფაკულტეტზე, აქედანვე ვიზრუნო ჩემს მომავალზე, ეს უმთავრესია.

-დიმა, ამბობ  სიყვარულია მთავარიო, შენი განმარტება მაინტერესებს

-დიახ, სიყვარულია ჩემთვის მთავარი და სიყვარული ის ძალაა, რაზეც დგას ეს სამყარო,  სიყვარული ყველგანაა, უბრალოდ,  საკმაოდ ფართო მცნებაა და სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს

ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს…

-წარმატებაა, როცა გყავს მოსიყვარულე ოჯახი, გაქვს ოცნებები, რომლებსაც მიზნებად აქცევ და ამ მიზნების მისაღწევად ირჩევ სწორ და სამართლიან გზას, როცა საზოგადოებისგან აღიარებას შენი ნიჭით და შრომისმოყვარეობით მიაღწევ.

-ვინ არის შენთვის მისაბაძი? 

-ვერ გეტყვით, რომ კონკრეტული პიროვნება არსებობს, უბრალოდ ეს შეიძლება იყოს დაწყებული  წიგნის გმირიდან, დამთავრებული, ვიღაც უცნობი ადამიანით, რომლის კონკრეტულმა საქციელმაც დამაფიქრა.

-დიმა, როგორც ვიცი ძალიან თბილი ადამიანი ხარ, მოგვიყევი მეგობრებზე, ოჯახზე… ასევე ვიცი, რომ განსაკუთრებულად გიყვარს ბიცოლა.

-კი თბილი ვარ, მიყვარს ადამიანები, საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს, მათ მე ვეხმარები, ისინი მე. ჯერ-ჯერობით არცერთ ადამიანთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა. ბიცოლას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, მასთან მე ყველაზე გახსნილი ვარ და ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ, ასევე ბიცოლას, ჩემს პიროვნულ განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი / ოჯახი ძალიან მიყვარს,  ცუდია, რომ გვიან მივდივარ სახლში და ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებ, ძალიან მიყვარს დედა, მას რომ ვეხუტები შვებასა და სითბოს ვგრძნობ.

-გაქვს რაიმე დამალული ნიჭი ან  ჰობი?

– ვწერ ლექსებსა და პატარა ჩანახატებს,  მაგრამ ძალიან პირადია და არავის  ვუკითხავ.

რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?

-ვფიქრობ, წარმატება დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს მიზანდასახულობაზე, რაც შეეხება ბედნიერ შემთხვევას, ეს უბრალოდ შეიძლება იყოს სანთელი, რომელიც გაგინათებს გზას  და მერე ჩაქრება, ხოლო მთავარი ფარანი ჩვენს ხელშია და თვითონ უნდა გავინათოთ გზა წარმატებისკენ.

-ბავშვობის ოცნებები და მიზნები

-ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მეცნიერი ვყოფილიყავი.

-რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ შენს შესახებ?

-მიუხედავად ყველანაირი სიძნელეებისა, არასოდეს დავნებდები.

-რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც შენ გაიარე?

-ვეტყოდი, რომ არ ეშინოდეთ შეცდომების დაშვების,  რეალურად ადამიანი იმისთვის იბადება, რომ შეცდომები დაუშვას. ასევე ვურჩევდი გულთან ახლოს არაფერი  მიიტანონ და ბედნიერება  ეძიონ წვრილმანებში, ბუნებაში ბედნიერება სულ ახლოსაა, უბრალოდ ადამიანები ძალიან შორს ვიხედებით.

-როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

-დამოუკიდებელ, თავისუფალ, მშვიდობიან და მრავალფეროვან ქვეყანაში.

-დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი,  ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში.

-ანანო უგრეხელიძე, ვკითხავდი მის სამომავლო გეგმებზე…

ავტორი:ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები