შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიმამის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეღვინეობა „მადლიერი“

მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეღვინეობა „მადლიერი“

ბოლნისური ღვინის რბილ, ჰარმონიულ, დახვეწილ, გამორჩეულ გემოს და არომატს, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. ღვინის რვაათასწლოვანი ისტორია ხომ სწორედ ქვემო ქართლიდან იწყება. თუმცა, ბოლნისში მეღვინეობის მივიწყებული ევროპული ტრადიცია, რამდენიმე წლის წინ აღდგა, მას შემდეგ რაც 2017 წელს, ადგილობრივმა მეღვინეებმა შექმნეს გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“. პროდუქტის ხარისხი და თვისებები სწორედ გეოგრაფიული გარემოს დამსახურებაა, საოჯახო მარნების რაოდენობაც წლებთან ერთად გაიზარდა, აქ მარნებიც განსხვავებულია, უმეტესობა 200 წლის წინაა აშენებული, მაშინ როდესაც ბოლნისში გერმანელები ცხოვრობდნენ. მათ კარგად იცოდნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიები.

სწორედ, გერმანულ მარანში დაყენებულ ღვინოზე და ახალგაზრდა მეღვინის საქმიანობაზე მოგიყვებით. მეღვინეობა „მადლიერი“ 2020 წელს ლადო ნავერიანმა დააარსა. ბრენდის სახელწოდება მან გარდაცვლილი მამის, დავით ნავერიანის ხსოვნას მიუძღვნა. „ჩემთვის მეღვინეობა წმინდა საქმეა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, თავისი 8000 წლოვანი ისტორიით, ამასთანავე  ქართველებისთვის ღვინოს ღრმა რელიგიური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი წინაპრები წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით გაქრისტიანდნენ. მამას ღვინის წარმოებაში ბავშვობიდან ვეხმარებოდი და დღეს, საოცრად მადლიერი ვარ მისი, რომ ეს მართლაც წმინდა საქმე შემასწავლა“.

ნავერიანების ოჯახის წინაპრები ბოლნისში მე-20-ე საუკუნის დასაწყისიდან ცხოვრობენ. ლადოს ოჯახმა 1980-იან წლებში ძველი გერმანული სახლი შეიძინა. სახლს ტურისტებისთვის მიმზიდველი მდებარეობა აქვს, შენობის ტერასებიდან კარგად ჩანს  ბოლნისის ულამაზესი ხედები. ხელუხლებლადაა შემონახული 185 წლის მარანიც, სადაც ხშირად მასპინძლობენ ვიზიტორებს სადეგუსტაციო ტურებზე. 2017 წელს, ლადომ გადაწყვიტა, მეღვინეობის საოჯახო ტრადიცია გაეგრძელებინა და მამის ხსოვნის პატივსაცემად, ღვინის წარმოება განვითარების ახალ, კომერციული საქმიანობის ეტაპზე გადაეყვანა. ბავშვობის მოგონებებიდან, ღვინის დამზადების შვაბური მეთოდი აღიდგინა და წინაპრებისგან შემორჩენილი  ჭურჭელიც განაახლა. პარალელურად, მეღვინეობის პროფესიულ კურსებზე დაიწყო სწავლა. 2020  წელს, მარანი თანამედროვე ინვენტარით გაამდიდრა და 2021 წელს, მეღვინეობის სფეროში პირველი ამბიციური ნაბიჯიც გადადგა, საკუთარი გემოვნებით შერჩეული ევროპული ჯიშების ბუკეტი – შარდონე, სოვენიონის, არომატიკოს, მუსკატი ოტონელის, გოდელის და პერნაი პირესის, კუპაჟი ჩამოასხა.

„მადლიერის“ სელექცია, 2022 წელს შერეული ევროპულ-შვაბური მეთოდით დამზადებული რქაწითელით, საფერავით და საფერავ-რქაწითელის კუპაჟით (საფერავის ჭაჭაზე დადუღებული რქაწითელი) გავამდიდრე, 2022 წლის რქაწითელმა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-კონკურსში „ვინექსპო 2023-ზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საფერავი კი „ბათმი ექსპოს“ ბრინჯაოს ჯილდოს მფლობელი გახდა.

დღეს ახალგაზრდა მეღვინე მომხმარებელს კლასიკურ-შვაბური მეთოდით დამზადებულ რქაწითელს, საფერავსა და საფერავ-რქაწითელის კუპაჟს სთავაზობს. ლადოს მიგნებამ, რომლის ჩამოსხმაც 2024 წლიდან აქტიურად განახლდება, სომელიების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები