ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

ლექსებში ჩატეული განვლილი წლები

მზია გომართელი წარმოშობით გარდაბნის რაიონიდანაა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, პროფესიით ეკონომისტია. მისი გზები ბოლნისთან შემთხვევით გადაიკვეთა, თუმცა ეს შემთხვევითობა,  მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ბოლნისში დამკვიდრებით დასრულდა, რაც ურთიერთობის 43 წელს ითვლის. იგი აქტიური ადამიანია –  მუშაობდა ფოსტაში,  ბუღალტრად, ეკონომისტად, ფოსტის უფროსის მოადგილედ.

ქალბატონი მზია   ცხოვრების იმ წლებს გამოარჩევს, რომელმაც ბოლნისის სიონის ეკლესიასთან დააკავშირა. მეუფე ეფრემის ძალისხმევით,  ამ დიდებული ტაძრის მესანთლე-გიდად იქცა,  სწორედ იმ წლებში, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

  მზია იხსენებს სიონში გატარებულ წლებს, ხალხის სიყვარულს, რომელიც მას ტაძრისკენ მიმავალ  ცივ, უამინდო, უტრანსპორტო გზის გავლას უადვილებდა . მესანთლეობასთან ერთად, ბოლნისის სიონის ისტორიას დაეუფლა და სტუმრებს უზიარებდა  მის ცოდნას. ეძებდა მასალას, აკვირდებოდა ტაძარს, წარწერებს, ხატებს, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი შეეტყო ამ ისტორიულ ტაძარზე .

იხსენებს, რომ მასწავლებლობა ბავშვობიდან სურდა,  სტუმრებისთვის ისტორიის თხრობას სწორედ ამ პროფესიასთან აკავშირებს, დღესდღეობით იგი ბოლნისის  მუზეუმში მუშაობს, ვიზიტორებს არტე-ფაქტებს აცნობს, რაშიც ტაძარში დაგროვილი გამოცდილებაც ეხმარება. ასევე, აღსანიშნავია, რომ  შესანიშნავ ლექსებსაც წერს.  როგორც ქალბატონმა მზიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ ნიჭს გენეტიკას უკავშირებს, იხსენებს საკუთარი მამისა და შვილის ლექსებს, ეს ყოველივე  კი ტალანტის გამრავლების იგავს აგონებს. უფალმა ტალანტი გვიბოძა იმისათვის, რომ გავამრავლოთ , ასეც მოიქცა მესანთლე-გიდი, ამ ყველაფერში დიდი წვლილი, როგორც ირკვევა,   მეგობარს მიუძღვის.

,, პანდემიის დროს, დავრჩი მარტო,  მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, რა უნდა მეკეთებინა და მეგობარს შევჩივლე, მან კი მითხრა, შენ ისე კარგად სწავლობდი სკოლაში, აუცილებლად უნდა წერო   მოთხრობები, ლექსები. ლექსები, როგორც კი ახსენა, მენიშნა და ვცადე, პირველი ლექსი  შვილიშვილს მივუძღვენი, მეორე კი უფალს.“

 ქალბატონი მზიას ლექსები, ძირითადად უფალსა და უფლის მცნებებს ეძღვნება, რადგან  თვლის,  ვინც მის გვერდზეა ცხოვრების რთულ გზაზე, სწორედ უფალია, მარტო არასდროს არ ტოვებს, მზია გომართელი კი მადლიერებას ამ გზით გამოხატავს.

ლექსის წერა მარტივი პროცესი არ არის, ქალბატონი მზია პატარ-პატარა დანალექებს აგროვებს და შემდეგ ლექსად გარდაქმნის.

,,ლექსის წერის დროს თითქოს სულიც მღერის და ამ სულის ნაწილი გამოდის“

სიცოცხლის ხარო!!

გთხოვ მომეც ღმერთო– რაიმე რითმა,
გონება გაშრა –მთლად დაიწრიტა!
საზრდო აღარ მაქვს, მინავლდა- მიჰქრა,
საღმა ფიქრებმაც– ფეთქვა შეწყვიტა!
ყველაზე კარგი და სანუკვარი…

რითაც დავქროდი ავდარში- დარში,
დარდმა წამართვა–ხელი არ ვკარი,
გადამეღობა როგორც აფთარი!..
რისთვის იშრომე, რისთვის იწვალე?
თუ კაცის ცნობა– ვეღარ ისწავლე.
და კიდევ, თუკი–ტკივილი იგრძენ,
მაშ სცენაზე ხარ –იმარჯვე ისევ!…
შენ მესაჭე ხარ, შენი ცხოვრების…
ხელს თუ გაუშვებ– გადიჩეხები..
შუქნიშანია- გამოფხიზლების, ზედმეტ ნდობას თუ გადაურჩები!…
უფალი გვიხმობს, გვცდის და გვასწავლის!
გზაზე გვხვდებიან
ავან- ჩავანი…
ცხოვრების გზაზე
ცუდად მავალნი..
ბრმანი არიან და წარმავალნი!…
დარდს ნუ ჩაყვები
შეიცან თავი..
მაღლა იხედე დაგნათის ციდან…
დროს ნუ დაკარგავ– დრო არის წამი..
იმედის სხივი,
ანათებს– იცან!!
ბნელს თუ გაქექავ–ვარდები- ყვინთავ..
სიცოცხლის ხეს კი–
აჰყავხარ- გიცავს..
სიკეთით მას თუ დავხუნძლავთ მარად,
სიყვარულს თვითონ გვიგზავნის კვალად!!!
                                                      24 მაისი, 2022 წ.


ლექსის წერა მისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, უფრო კონკრეტულად კი სულის თავისუფლებასთან.

თავის შემოქმედებას, ძირითადად ფეისბუკის საშუალებით უზიარებს საზოგადოებას, ხალხის სითბო და მოწონება მას დიდ მოტივაციას აძლევს.

,,ვფიქრობ, ყველა ადამიანშია რაღაცის ნიჭი, ამიტომ ვურჩევ საზოგადოებას ეძიონ, იპოვონ და შემდეგ გაამრავლონ იგი“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მზია გომართელი.

  • წიგნის გამოცემაზე ხომ არ გიფიქრიათ?
  • კი, რა თქმა უნდა, ნაფიქრი მაქვს, თითქმის უკვე მზად მაქვს გამოსაცემად .
  • წიგნის სახელზე რას იტყვით, ხომ არ შეგირჩევიათ?
  • ,,მოსასხამი ნათელი“ ან ,,კვალი ნათელი“ , უფრო პირველი. ასე დავარქმევ წიგნს, რომელსაც გამოვცემ.
  • და ბოლოს, გვითხარით რა არის თქვენი სურვილი ?
  • ძალიან მტკივა გახლეჩილი, გაყოფილი საქართველო. ვისურვებდი, ხალხის გაერთიანებას, შერიგებას, მორიგებას, მეტ პატიებასა და სიყვარულს. ვფიქრობ, სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს.

გაზაფხულივით შეუცნობელი!!!
* * * * * * * * * *
გაზაფხულივით უცნობო ქალო,
ხან მოღრუბლულო ხან კი “ალმასო” !…
ცვალებადობა შერწყმულა შენში..

გსურს რომ ცხოვრება გაალამაზო!

აი ეს არის ხიბლი ქალური,
არ ნასესხები; “დასთა”- დალური…
გამოუცნობი ვაჟთა ბუნებით!..
ინტერესების კრებთა
ნაჟური!…

ბრძოლის ველზე ხარ
მუდამ ჩაბმული..
ხან მომხიბლავი, ხან ჯარს გასული!…
ტალღის მთის წვერზე
მაღლა ასული…
ხან დავარდნილი..
მიწას გართხმული !..

კვლავ წამომდგარი, არ დანებებით..

ახალი გზების მაძიებელი!…
შენი ხიბლით და გონიერებით…
ბოროტი ძალის დამტყვევებელი!…

ხარ ” კიდობანი” გადამრჩენელი,
ზღვის ძლიერ ტალღას
მინებებული..
ხან სანაპიროს მშვიდად გასული..
თვალ- მარგალიტად
მიმობნეული!…

თოვლიან მთებში ნაზი
ყვავილი…
ძნელად რომ მოსწყვეტ …ხარ კმაყოფილი!…
მარტის თვესავით
ამოუცნობი, ღვთის ძლიერ ხელით გამოძერწილი!…

შენ ხომ დედაც ხარ, სიცოცხლის მშობი,..
ძალა კერიის და კაცთა
მოდგმის!…
ამიტომ მოგცა დედა- ბუნებამ,..
ბეჭედი შენი უძლეველობის!…

შენი იმედით არის სამყარო,
მზესავით მნათო, ბურჯო – მართალო!..
უხვი სხივები გადააფინე!…
რომ დედამიწამ კვლავ იტრიალოს!!!…

მ. გომართელი
2022 წ. 13 მარტი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები