კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

კარანტინში დაწყებული ხელსაქმე

 „ბიბლუსის სოფო“_ასე გაიცნო ბოლნისის საზოგადოების დიდმა ნაწილმა გოგონა, რომელიც წლების მანძილზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსში“ მუშაობდა. მუდამ მომღიმარმა, ფერადმა და პოზიტიურმა სოფო გასიშვილმა თავი მალევე ყველას შეაყვარა. დღეს უკვე მისი ხელნაკეთი აქსესუარებიც უყვართ, მოსწონთ და უკვეთავენ კიდეც. 

„ხელსაქმე ჩემთვის ჰობია, საქმე რომლის დროსაც ვღებულობ მაქსიმალურ სიამოვნებას, რომელშიც ვდებ ყველა დადებით ემოციას რაც კი გამაჩნია.როდესაც რაიმე ნივთს ვამზადებ და ვფიქრობ მის დიზაინზე, გარშემო ყველაფერი ქრება. ვუყურებ ნივთს  მყიდველის თვალით და ვფიქრობ მას როგორ მოეწონება? რა ფერებს შეუხამებდა?“ 

ხელსაქმე პანდემიის პერიოდში დაიწყო, მაშინ როდესაც ყოველდღიური რიტმი შეიცვალა და სამყარომ ცხოვრება ახალ რეალობაში გააგრძელა. კარანტინის დროს  სოფო ბავშვობის საყვარელ ხელსაქმეს მიუბრუნდა, სკივრში ჩალაგებული ძველი ნივთები ამოალაგა და ლამაზი თვლებით, ფერთა შეხამებით თმის სამაგრი გააკეთა. „ჩემი საქართველო“ ასე უწოდა რუკაზე ფერადი თვლებით განთავსებულ საქართველოს კუთხეებს.

„სულ პატარა ვიყავი, დედაჩემის მძივები რომ დავშალე და გადავაკეთე, მას მერე რაც თავი მახსოვს სულ ვჩხირკედელაობ, ხან რას ვშლიდი, ვაწყობდი, ვაწებებდი. დროდადრო მუზა მეწვეოდა, ძალიან მომინდებოდა რაღაცის შექმნა. წლების წინ ბისერებით და ე. წ. ფარფლებით დავიწყე ქარგვა, ვაკეთებდი აბადოკებს, ვხატავდი მაისურებზე, ვამზადებდი სამშვენისებს ქალბატონებისთვის. იმ დროს მორჩენილი მასალა სკივრში მქონდა ჩალაგებული, ერთი წლის უკან , პანდემიის პერიოდში, მომინდა ისევ რაღაცეების შექმნა, ამოვალაგე ნივთები, ბრჭყვიალა ბისერების დანახვისას, პირველი , რაც მომივიდა თავში, საქართველოს გაკეთება იყო.არ მქონდა გადაწყვეტილი თმის სამაგრი იქნებოდა ეს თუ ბროში,უბრალოდ საქართველო უნდა ყოფილიყო გამოსახული, რომელსაც გავიკეთებდი და ყველგან იტყოდა თავის სათქმელს. თავიდან არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო, ან როგორი იქნებოდა. ღამის 11 საათი იყო, შვილის რვეულის ყდიდან საქართველოს რუკა გამოვჭერი, დავადე თექა და გადავხატე. მეცინება რომ მახსენდება, იმისთვის, რომ მალე გამეკეთებინა, თექას ორმაგი სკოჩი დავაწებე, დავაკარი ფარფლები, ბისერებით და ნემსით  ამოვქარგე, რომ დავამთავრე ღამის 4 საათი იყო. იმ დღესვე მოვირგე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა ჩემი საქართველოს გარდა არაფერი ჩანდა გარეთ, მეგონა ყველა ჩემ ბროშს უყურებდა. ეს საოცარი ემოცია იყო.“ 

ბროშებს, თმის სამაგრებს, სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აქსესუარები მოყვა. საზოგადოებამ  სოფოს ხელნაკეთი ნივთები მალევე აიტაცა და  ახლა ის სხვების გახარებაზე ზრუნავს.                                                          „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახეობის აქსესუარებს ვამზადებ, ვფიქრობ, რომ ჩემი სავიზიტო ბარათი მაინც ,,ჩემი საქართველოებია“ განსაკუთრებით მიყვარს. ყველას, ვინც ჩემს ბროშს გაიკეთებს, სიამაყით ეტარებინოს ის.  სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ჩემთვის საყვარელ ხელსაქმეს დიდ დროს ვერ ვუთმობ, საზოგადოების დაინტერესება მაღალია, ბევრი შეკვეთა მაქვს, ძალიან მახარებს ის ფაქტიც რომ „ჩემი საქართველოები“ საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ამერიკაში, იტალიაში და სხვა ქვეყნებშიც გავგზავნე ემიგრანტების თხოვნით. მუშაობის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. გარემო სადაც ვმუშაობ განსაკუთრებული უნდა იყოს, განწყობა აუცილებელია, მქონია შემთხვევა, რომ შეკვეთა მაქვს დასამზადებელი, დავჯდები და ვერ ვაკეთებ, ამ დროს სხვა ისეთი რამის დამზადებას ვიწყებ, რაც სიამოვნებას მგვრის, მასალას ყოველთვის ვარჩევ, რაღაც განსაკუთრებული ემოციით, განსაკუთებული მიდგომით. ფერებს ვუხამებ ერთმანეთს და ვცდილობ მომხმარებლის გემოვნებაზე დადებითად აისახოს,ახალი წელი მოდის და თემატურად ნაძვის ხეებისა და  სანტას ქუდების დამზადებაც ვცადე. არ შემიძლია ორი ერთნაირის გაკეთება,თითოეულს ახალი ინტერპრეტაციით ვაკეთებ“ 

სოფოს ინსპირაციის წყარო ჰობის მიმართ დიდი სიყვარული, ის დადებითი ემოციები, ხასიათი და განწყობაა, რომელსაც ყოველდღიურად გასცემს და იღებს საზოგადოებისგან და მომხმარებლის მხრიდან.

,,მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის  და ჩემ საყვარელ ბოლნისს და ბოლნისელებს მივულოცო  დამდეგი ახალი 2022 წელი. მართლა გამორჩეულად მიყვარს ბოლნისი და ყველა ბოლნისელი , მუდმივად ვგრძნობ სითბოს და სიყვარულს

თითოეული ადამიანისგან . მინდა უკლებლივ ყველას ვუსურვო ნათელი მომავალი ,მშვიდობიან და გაბრწყინებულ საქართველოში’’,- სოფო გასიშვილი.

ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები